საქართველო "შორეული" მტრები ანუ რას ერჩიან ჩვენს ქვეყანას ზიმბაბვე, სუდანი, ეკვატორული გვინეა და მალი?!
ჩვენი ქვეყნის მტერ-მოყვარის დადგენა/გარკვევას, მაინცდამაინც ორთაჭალის აბანოები არ სჭირდება. საკმარისია, ყურადღებით შეისწავლოთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, კენჭისყრაზე გამოტანილი საკითხი, „ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლების შესახებ“ და დაინახავთ, თუ რომელი ქვეყანა გვიჭერს მხარს და ვინ - წინააღმდეგია. გადახედავთ წლების მანძილზე ჩატარებული ანალოგიური კენჭისყრების სტატისტიკურ მონაცემებს და მაშინვე მიხვდებით, თუ ვინ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნებს.
2025 წლის 3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაბრუნდნენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. დოკუმენტს მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო ცხრა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა, ესენია: რუსეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, მალი, ნიკარაგუა, ზიმბაბვე, ეკვატორული გვინეა და სუდანი. რატომღაც კვლავ თავი შეიკავეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ჩინეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, რომლის კანდიდატურასაც გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2025 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა.
აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აუღიარებლობის ტოლფასია. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე კენჭისყრები 2008 წლის მაისიდან ტარდება და უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, თუ ვინ არიან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები. რუსეთთან ერთად ამ ჩამონათვალში მოხვდა სუდანიც, რომელიც სისტემატურად ჩვენს წინააღმდეგ აძლევს ხმას. საინტერესოა, თუ რას გვერჩის აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ავტორიტარულ-დიქტატორული მმართველობითაა გამორჩეული და სადაც სამხედროების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც შემოდგომის ფოთოლცვენა. სუდანის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები მით უფრო გაუგებარ/უცნაურია, რადგანაც ეს ქვეყანა ათწლეულებია, თავად ებრძვის სეპარატიზმის საშიშ სენს. რთული მოვლენებით მდიდარი სუდანის ისტორიის დაწვრილებით განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენთვის საინტერესო პერიოდი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და დღემდე გრძელდება. არ გაგიკვირდეთ, თუ საქართველოსა და სუდანის ამჟამინდელ სოციალურ-პოლიტიკურ „დღის წესრიგში“ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.
„ცივი ომის“ პერიოდში აფრიკა, მსოფლიოს მთავარი „გეოპოლიტიკური მოთამაშეების“: საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის, ღია და ფარული დაპირისპირების არეალი იყო. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სუდანს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ მასზე კონტროლის დამყარებას მოსკოვი და ვაშინგტონი ერთმანეთს ეცილებოდნენ. ეს დაპირისპირება, სპორტული ტერმინი, რომ გამოვიყენო - გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
საბჭოთა კავშირმა სუდანის დამოუკიდებლობა სწრაფად აღიარა და 1956 წლის 5 იანვარს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. სუდანის დედაქალაქ ხართუმში გახსნილ საბჭოთა საელჩოში მოქმედებდა კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვისა და სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტურები. საბჭოთა სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანები იყო: სუდანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში შეღწევა და ადგილობრივი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეებიდან პროსაბჭოთა ელიტის ჩამოყალიბება და მათგან „გავლენის აგენტების“ ფორმირება; სუდანის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მიზნით, სუდანის კომუნისტური პარტიის, როგორც „მეხუთე კოლონის“ გამოყენება; სუდანის, როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში (ეგვიპტე, ეთიოპია, ლიბია და სხვ.) მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მოპოვებისა და ზემოქმედების პლაცდარმის გამოყენება და ა.შ.
საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა სუდანთან, სადაც 1970 წელს რამდენიმე ასეული საბჭოთა მრჩეველი და სპეციალისტი იმყოფებოდა, ხოლო სსრკ-ში ასობით სუდანელი სამხედრო სწავლობდა, სამხედრო- პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანაზე გავლენის მოსაპოვებლად გამოეყენებინა. ამავე დროს, „კრემლი“ კარგად აცნობიერებდა, რომ სუდანში (ისევე, როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყანაში) პოზიციების მოპოვება, გამყარება და საკუთარი ინტერესების გატარება მაინც დამოკიდებული იყო იმ გარემოებაზე, თუ ვინ იქნებოდა სუდანის მმართველი და რა საგარეო-პოლიტიკურ გეზს აირჩევდა ის.
1958-1967 წლებში სუდანის ხელისუფლება მკვეთრად გამოხატულ პროდასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს ატარებდა: სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდებოდა აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ გერმანიასთან, იაპონიასთან და ჩინეთთან. ხოლო საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის „სოციალისტური“ ქვეყნები იგნორირებული იყვნენ. თუმცა 1967 წლის „ექვსდღიანი ომის“ შემდეგ სუდანის ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან.
საბჭოთა სპეცსამსახურები ფარულად ეხმარებოდნენ სუდანის კომუნისტურ პარტიას, რომელმაც შეძლო, სუდანის სამხედრო მეთაურთა რიგებში კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული რამდენიმე ოფიცრის გაყვანა. მათგან ორი: პოდპოლკოვნიკი ბაბიკირ ალ-ნური და მაიორი ჰაშემ ალ-ატა შემდეგ მთავრობის წევრებიც კი გახდნენ.
1969 წლის 25 მაისს სუდანში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელსაც პოლკოვნიკი ჯაფარ ნიმეირი ხელმძღვანელობდა. ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტ ისმაილ ალ-აზჰარის მთავრობა დაამხეს, სუდანის რევოლუციური საბჭო შექმნეს და სახელისუფლებო პოსტები

შუაში პოლკოვნიკი ჯაფარ ნიმეირი
გაინაწილეს. საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ჯ. ნიმეირი (1930-2019) გახდა.
1969 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირს ესტუმრა სუდანის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ჯაფარ ნიმეირი. 7 ნოემბერს ის სკკპ-ის გენერალურ მდივანთან, ლეონიდ ბრეჟნევთან

ჩანს, რომ ჯაფარ ნიმეირს აშკარად შესცივდა
და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინთან ერთად იდგა მოსკოვში წითელ მოედანზე, მავზოლეუმის ტრიბუნაზე. ნიმეირის მმართველობის დროს სუდანმა ოფიციალურად დაგმო იმპერიალიზმი, კერძო საკუთრების ფართომასშტაბიანი ნაციონალიზაცია გამოაცხადა და მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის საგარო-პოლიტიკურ კურსს. თან სუდანის ახალგაზრდა ლიდერი არაბული ქვეყნების უფრო გამოცდილ მეთაურებთან დაახლოებას ცდილობდა.

სუდანის პრემიერ-მინისტრი ჯაფარ ნიმეირი, ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი და ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი, ტრიპოლი, 1969 წლის 27 დეკემბერი.
თავის მხრივ, საბჭოთა ხელისუფლებამ სუდანი აფრიკის კიდევ ერთ პროგრესულ სახელმწიფოდ აღიარა და ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 130 მილიონ დოლარს აღწევდა. უკვე 1969 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა სუდანს მიაწოდა MiG-21 გამანადგურებლები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება ბოლომდე არ ენდობოდა ჯაფარ ნიმეირს და სუდანელ კომუნისტებს ამბოხისკენ აქეზებდა.
ეს ცნობილი გახდა ნიმეირისთვის, რომელმაც 1970 წლის ბოლოს კომუნისტი სამხედრო მეთაურები მთავრობიდან გამოიყვანა. თუმცა „კრემლი“ თავისას არ იშლიდა. 1971 წლის 19 ივლისს სუდანის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯაფარ ნიმეირი, თანამდებობიდან გადააყენეს და დააპატიმრეს. მოვლენები ძალზე სწრაფად, თითქმის „ჰოლივუდურ ტემპში“ ვითარდებოდა. 19 ივლისს, შუადღისას, ჰაშემ ალ-ატამ დედაქალაქ ხართუმში ტანკები სამთავრობო შენობების გარშემო განალაგა, ნიმეირი და მისი ათობით მიმდევარი ტყვედ აიყვანა. ალ-ატამ ახალი რევოლუციური სარდლობის საბჭო შექმნა და თავი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვიცეპრეზიდენტად და თავდაცვის მინისტრად გამოაცხადა. რამდენიმე საათის შემდეგ კი რადიოთი განაცხადა, რომ ახალი რეჟიმი სუდანს სოციალისტურ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებდა. თუმცა ახალმა მთავრობამ ვერ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა, პირველ რიგში, მუსლიმ მოსახლეობაში, რომლებიც კომუნისტურ იდეოლოგიას ეჭვის თვალით უყურებდნენ.
23 ივლისს ჯ. ნიმეირის ერთგულმა ძალებმა ის ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო შეთქმულები დააკავეს, რომლებიც სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ ნიმეირიმ სუდანის კომუნისტური პარტიის დევნა გააძლიერა, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა მისი ლიდერები და აკრძალა კომუნისტების მთავარი დასაყრდენი – სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირები.

კომუნისტური სახელმწიფო გადატრიალების მეთაურის, ჰაშემ ალ-ატას (1936-1971) დაპატიმრება
სახელმწიფო გადატრიალების მოწყობში ჯაფარ ნიმეირი საბჭოთა კავშირის პირდაპირ მონაწილეობას ეჭვობდა, ამიტომ მისი გადაწყვეტილებით, საბჭოთა სამხედრო მრჩევლები, რომელთა შორის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ, სუდანიდან გააძევეს. ამის შემდეგ იწყება ნიმეირის 16-წლიანი ავტორიტარული მმართველობის პერიოდი. 1971 წლის 15 სექტემბერს ჯ. ნიმეირი სუდანის პრეზიდენტად „აირჩიეს“, ხოლო 1972 წლის იანვარში მან სუდანის სოციალისტური კავშირის გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავა. იმავე წელს საბჭოთა კავშირ-სუდანის სამხედრო ურთიერთობები აღდგა: ოთხმოცდაათი საბჭოთა სამხედრო მრჩეველი სუდანში დაბრუნდა, საბჭოთა ტანკების მიწოდება გაგრძელდა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე ახალი შეთანხმებები გაფორმდა. ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ სუდანის დედაქალაქში მდებარე საბჭოთა საელჩოში შეფარებული კა-გე-ბესა და გე-ერ-უს რეზიდენტურები. მათი მთავარი დასყრდენი - სუდანის კომუნისტური პარტია, არალეგალურ რეჟიმში იმყოფებოდა, რაც საკმაოდ აძნელებდა საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობას.
მოჩვენებითი იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა და მოსკოვსა და ხართუმს შორის „თეთრმა კატამ“ მალევე გადაირბინა. ოფიციალურად ამის მიზეზად ჯაფარ ნიმეირიმ საბჭოთა კავშირის მიერ სუდანის მეზობელი ეთიოპიისთვის გაწეული დიდი მოცულობის სამხედრო დახმარება დაასახელა, თუმცა ჩემი აზრით, სუდანის „კრემლისგან“ დისტანცირების მიზეზი გაცილებით სერიოზული იყო და საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლას უკავშირდებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთის დაზვერვის კურიოზული და არაპროფესიონალური სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - როგორ გახდა კრემლის მტერი პატრიარქი ბართოლომეუსი
საგანგაშო ინფორმაცია - რას გეგმავდა აზერბაიჯანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“?!
სტრატეგიული სამიზნე - რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?!
1970-იანი წლების შუა პერიოდიდან ჯაფარ ნიმეირიმ ქვეყნის სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში ინვესტირებისთვის დასავლეთის კომპანიები მიიწვია და შესაბამისი საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა: აშშ-სთან; ნიდერლანდებთან; შვეიცარიასთან; საფრანგეთთან და სხვ. სუდანელი კომუნისტები კი ბრძოლას აგრძელებდნენ: 1975 წლის ბოლოს ბრიგადის გენერალ ჰასან ჰუსეინ ოსმანის მეთაურობით კომუნისტი სამხედრო ოფიცრების მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალება დამარცხდა, ხოლო თავად ოსმანი სიკვდილით დასაჯეს.
1977 წელს ჯ. ნიმეირიმ სუდანიდან გააძევა ყველა საბჭოთა სამხედრო მრჩეველი და მათი ოჯახები. პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და ქვეყნიდან გააძევეს, ასევე, საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტი პოლკოვნიკი ვ. ლობანოვიც.
1983 წლის 8 სექტემბერს ნიმეირიმ სუდანი ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა და შარიათის კანონის შემოღების ოფიციალური ბრძანებულება გამოსცა. 1985 წლის 6 აპრილს, როდესაც ნიმეირი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების იმედით, სუდანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ აბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბის ხელმძღვანელობით მოხდა სამხედრო გადატრიალება და ჯაფარ ნიმეირი თანამდებობიდან გადააყენეს.
კარგადაა ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირი აქტიურად იყენებდა განათლების სისტემას, როგორც სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებზე ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს. სუდანი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, სადაც სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტის ნაწილი სწორედ მოსკოვში ჩამოყალიბდა. ასობით სუდანელი ოფიცერი სწავლობდა ფრუნზეს სახელობის სამხედრო და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიებში. სწავლების პროცესში ისინი საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ოპერატიული დამუშავების ობიექტები ხდებოდნენ. მათ გადაბირებისთვის იყენებდნენ, როგორც კომპრომეტირების (უცხოური ვალუტით სპეკულაცია, ორივე სქესის „მერცხლების“ შეგზავნა და ფოტოვიდეოგადაღება, სისხლის სამართლის დანაშაულში ჩათრევა და ა.შ.), ასევე, სტიმულირების (ფულადი ჯილდო, კარიერაში დახმარება და ა.შ.) მეთოდებს. ასობით სუდანელი სწავლობდა სამოქალაქო სპეციალობებზე პატრიკ ლულუმბას სახელობის უნივერსიტეტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველაზე მოთხოვნადი იყო: საინჟინრო, სამედიცინო, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვ. სპეციალობები. სწავლების პროცესში ისინი კა-გე-ბეს ოპერატიული დამუშავების ობიექტები ხდებოდნენ. მათი გადაბირებისთვისაც ანალოგიურ მეთოდებს იყენებდნენ. ასე რომ, უცხოელი სტუდენტების დიდი ნაწილი სამშობლოში გე-ერ-უსა და კა-გე-ბეს აგენტის სტატუსით ბრუნდებოდა. მათგან ბევრი წარმატებულ კარიერას აღწევდა სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამედიცინო თუ სხვა სამოქალაქო სამსახურში. თუმცა ისინი ბოლომდე საბჭოთა სპეცსამსახურების მარწუხებში რჩებოდნენ.
(პირველი ნაწილის დასასრული)