რას ამბობს კულტურის მინისტრი რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსანზე", რომელსაც ვნებათაღელვა მოჰყვა? - ფოტოები
რობერტ სტურუას სპეკტაკლმა "ვეფხისტყაოსანი" ქართული საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ეპიზოდები, რომლებსაც აუდიტორია უშურველად აკრიტიკებს.
როგორ კულტურის სამინისტროს ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ვკითხულობთ, სპექტაკლი მათი მხარდაჭერით დაიდგა და პრემიერას უწყების მინისტრიც დაესწრო.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული.

დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.
"ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს.სასიხარულოა, რომ მომავალში "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.