"სპექტაკლი, სამწუხაროდ, ვერ შედგა"... სტურუას “ვეფხისტყაოსანს" უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები, ანუ - “ინკვიზიტორები“ - აზრთა სხვადასხვაობა და რას ფიქრობენ პროფესიონალები? - ვიდეო
"თინათინი თამარია. ავთანდილი ქართველი რაინდი, იმდენად ლაღი, რომ როცა თინათინი უხმობს, მისკენ ისე ისწრაფვის, მზადაა, პირდაპირ აივნიდან გადახტეს...“
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - რობერტ სტურუა, სცენოგრაფია ანა ნინუასი და რობერტ სტურუასი, სცენის სივრცეზე ზრუნავდნენ - მერაბ მერაბიშვილი და ტიტე ჯალაღონია, აგრეთვე გამოყენებულია მირონ შველიძის ნამუშევრები. მუსიკალური გაფორმება სვიმონ ჯანგულაშვილის და რობერტ სტურუასი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. რეჟისორის თანაშემწე - თეა მარგველაშვილი. მონაწილეობენ - ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანაძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვები...
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ფასი სოლიდური იყო, სრული ანშლაგით ჩაიარა. სოციალურ ქსელში სპექტაკლიდან გავრცელებულ კადრებს კი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...
„კვირის პალიტრა“ არაერთ თეატრმცოდნეს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე ყველამ კატეგორიული უარი განაცხადა. გამონაკლისი, ვინც სპექტაკლის შესახებ ღიად ისაუბრა, მაია კიკნაძეა...
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია კიკნაძე:
- სპექტაკლის მხოლოდ ნაწილი ვნახე, ვაპირებ მთლიანად ვნახო ... ძალიან პათეტიკური სპექტაკლი იყო, არ იყო კონცეფცია, ბევრი რამ ბუნდოვანი იყო, რეპლიკების გამეორება, ერთი და იგივე ცოტა მოსაწყენიც იყო..
- განსაკუთრებულად მძაფრი რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელში თინათინის და ავთანდილის სასიყვარულო სცენას...
- სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, მაგრამ ამის შესახებ მითხრეს. ვიცი, რომ საშინლად გააკრიტიკეს. სპექტაკლი ვერ შედგა, სამწუხაროდ. მაგალითად, დეკორაციაზეც რომ გითხრათ, ტარიელი რომელ სკამზეც იჯდა... ვერ გავიგე რატომ იჯდა, ლამის წაიქცა მსახიობი. შესავალი საინტერესო იყო, კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ უინტერესო გახდა.
"და აი, რობერტ სტურუას "ვეფხისტყაოსანიც! რამდენ ხანს ველოდით?! ღირდა ლოდინი. რა კარგია, რომ აქამდე არ დადგა. დიდხანს უნდა ევლო და ეფიქრა, ეთქვა კიდეც ისეთი "რაღაცები", რასაც ვერ გაუგებდნენ და რის გამოც ჯვარს აცვამდნენ, რათა ამაღლებით მიახლოებოდა "ვეფხისტყაოსანს" - წერს სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მრჩეველი - იოსებ ჭუმბურიძე.
მან ჩვენთან საუბარში განაცხადა:
- რა თქმა უნდა, რთული სპექტაკლია. სტურუა „ადვილ სპექტაკლებს" არ დგამს. განა „ვეფხისტყაოსანი" ადვილად წასაკითხია?! ის უმაღლესი დონის პოეზიაა. აქ - უმაღლესი დონის რეჟისურაა. ის ლიტერატურაა, ეს - თეატრი, რომელსაც თავისი ენა აქვს. ამ ენას კი სტურუასავით არავინ ფლობს. ამ ენით ქმნის დიდი რეჟისორი "უთვალავი ფერით" გამორჩეულ სამყაროს, ანუ სანახაობას, რომლითაც რუსთაველის გენიალური ქმნილების წაკითხვასაც გვიადვილებს და თვითონ ამ სანახაობის აღქმა- გაგებასაც. სპექტაკლში ისმის ასეთი ფრაზა: „ჩვენ დღეს ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს". ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ეს, რა თქმა უნდა, პოემის სტურუასეული წაკითხვაა, ოღონდ თეატრალური ფორმებით გადმოცემული. სტურუამ „ვეფხისტყაოსნის" დადგმა სამ ნაწილად ჩაიფიქრა. ჯერ პირველი ნაწილი ვნახეთ: "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა". ყველაზე მთავარი, რაც ამ ნაწილით ითქვა, ალბათ, ესაა: არავითარი არაბთა მეფე. ეს საქართველოა. თინათინი თამარია. ავთანდილი ქართველი რაინდი, იმდენად ლაღი, რომ როცა თინათინი უხმობს, მისკენ ისე ისწრაფვის, მზადაა, პირდაპირ აივნიდან გადახტეს. ეს ყოველივე ნაჩვენებია და არა ნათქვამი. ეს არც კითხვაა და არც ტექსტის ილუსტრაცია. ეს არის ლიტერატურული ტექსტის ქმედებაში გადატანა, რაც სტურუას რეჟისორული ხელწერის ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელია. სტურუას „ვეფხისტყაოსანს" უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები, ანუ როგორც ერთმა ცნობილმა მოღვაწემ მომწერა, - „ინკვიზიტორები“. იწუნებენ, მაგრამ რატომ ამას ვერ ამბობენ. არა უშავს, ეს ყველა დიდი ქმნილების ბედისწერაა. გავა დრო და ყველა აღიარებს, როგორც, მაგალითად, „ყვარყვარეს"...
რესპონდენტების მოსაზრებები განსხვავებულია - სპექტაკლს ერთი მხარე ეფექტურად აღიქვამს, სხვები კი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ..
დისკუსია კი სოციალურ ქსელებში გრძელდება.
მანანა გაბრიჭიძე
(სპეციალურად საიტისთვის)