ცეცხლი ორი კვირით შეწყდა - მართლა აპირებდა ტრამპი ირანის "ბოლო ჟამის" იარაღით დაბომბვას?!
ცეცხლი ორი კვირით შეწყდა -მართლა აპირებდა ტრამპი ირანის ბირთულ დაბომბვას?
მსოფლიომ დროებით ამოისუნთქა - შუამავლების მეოხებით, რამდენიმე საათის წინ მოხერხდა აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა, რომელიც შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ანუ არც ამერიკული თვითმფრინავები გააგრძელებენ ირანის დაბომბვას და არც ირანი გაუშვებს ბალისტიკურ რაკეტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებისკენ და ისრაელისკენ...
თავის მხრივ, ისრაელიც აცხადებს, რომ უერთდება აშშ-ის პოზიციას და ორი კვირით წყვეტს თავდასხმებს ისრაელზე, ოღონდ - არა ლიბანის სამხრეთში მოქმედ პროირანულ „ჰეზბოლაზე“...
რა მოხდა, ნუთუ, მართლაც დამთავრდა ისრაელ-აშშ-სა და ირანს შორის ბოლო 40 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე ეს საშინელი საჰაერო ომი?
არადა, სულ რამდენიმე საათის წინ იწურებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული 48 სთ-იანი უმკაცრესი ულტიმატუმი - ჰორმუზის ყურის ნაოსნობისთვის გაუხსნელობის შემთხვევაში, ის ირანს ემუქრებოდა, რომ „მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება…“
რას გულისხმობდა ტრამპი „ირანის მთელი ცივილიზაციის განადგურების“ დამუქრებაში - ბირთვული იარაღის გამოყენებასაც?
არ არის გამორიცხული, რადგან აქამდე პენტაგონმა თითქმის ყველა სახეობის შეიარაღება გამოიყენა ირანის აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ, გარდა ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებისა. და მხოლოდ ამერიკულ ბირთვულ შეიარაღებას, თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინების მასობრივი გამოყენებით, შეეძლო „ირანის მთელი ცივილიზაციის განადგურება“ თუ არა, უდიდესი უბედურების დატრიალება მსოფლიოს ამ უძველეს სახელმწიფოში...
ამ მოსაზრებას ირიბად ადასტურებდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გუშინდელი მუქარაც: „მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. პრეზიდენტს შეუძლია მათი გამოყენება და მათი გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს კიდეც, თუ ირანელები თავიანთი ქცევის კურსს არ შეცვლიან“...
ასეა თუ ისე, მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტაზე, რომლის განმავლობაშიც გაგრძელებულ მოლაპარაკებებზე უნდა დაზუსტდეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება, რაც ურთულესი პროცესი იქნება...
საქმე ის არის, რომ ამ ორკვირიანი ზავის მიღწევას ამერიკელები საკუთარ გამარჯვებად აცხადებენ, ირანელები კი - ცალკე ზეიმობენ, რომ „ტრამპს ომი მოუგეს“, მაგრამ სად არის რეალობა?
„...ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას. ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს.
„მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა -„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება, 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს“.
თუმცა, ცეცხლის ორი კვირით შეჩერებას, თავის უდავო გამარჯვებად მიიჩნევენ ირანშიც - „მტერმა, ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში, უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს და მტრის მიერ დაშვებული უმცირესი შეცდომის შემთხვევაში, სრული ძალის გამოყენებით გავცემთ პასუხს“
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ „...გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას და აშშ-ის საბრძოლო ძალების რეგიონში არსებული ყველა ბაზიდან გაყვანას… შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა ურანის გამდიდრების აღიარებას და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას… ჰორმუზის სრუტეზე კონტროლირებადი გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება“.
აქამდე არსებობდა ამერიკული 15-პუნქტიანი მოთხოვნების სია, რომელსაც უპირისპირდებოდა 10-პუნქტიანი ირანული მოთხოვნები და მათ შორის ბევრი ისეთი პუნქტია, რომლებიც ერთმანეთს ძირფესვიანად ეწინააღმდეგებიან და, უბრალოდ, წარმოუდგენელია მათი შესრულება ერთ-ერთი მხარის სერიოზული დათმობების გარეშე, მაგალითად, სპარსეთის ყურიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანა თუ ირანული ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შეწყვეტა...
ამას ემატება ისრაელის „გაჯიუტებაც“, რომელიც, ერთი მხრივ, უერთდება აშშ-ის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტას, ირანის წინააღმდეგ, მაგრამ - არა ლიბანში, „ჰეზბოლას“ მიმართ, რაც ასევე გახლავთ თეირანის კატეგორიული მოთხოვნა.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...
რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...
ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი", არამედ - წინა თაობის "არწივი“
ომების პლანეტიდან მთვარისკენ - 54-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანები დედამიწის თანამგზავრს შემოუფრენენ
უახლესი დღეები გვაჩვენებს, თუ როგორ იმუშავებს ეს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უკვე პატარა გამარჯვებაა არა მარტო ამერიკელებისა თუ ირანელებისთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ახლო აღმოსავლეთში ეს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი მართლაც მიუახლოვდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს ან კიდევ ტრამპმა კვლავ მიბაძა იმ პუტინს, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა ომში მყოფ უკრაინას, ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებით...
ირანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ 40-დღიანი ყოველდღიური მასობრივი დაბომბვებისგან მცირე ხნით ამოსუნთქვა მაინც, ისევე, როგორც, პრეზიდენტ ტრამპისთვის ჰორმუზის სრუტის რამენაირად გახსნა და ნავთობზე ფასების დაცემა, რაც მის შიდაპოლიტიკურ რეიტინგზე უშუალო კავშირშია, ამერიკელი ამომრჩევლების თვალში. მართლაც - ორკვირიანი ზავის გამოცხადებისთანავე ნავთობზე მსოფლიო ფასები 15%-ით დაეცა, ერთ ბარელზე 92,5 დოლარამდე...