„ყველა დამპალი სტატიაა, შურით დაწერილი“ - სტურუას მკაცრი პასუხი მათ, ვინც "ვეფხისტყაოსანს" "ზედმეტი ეროტიზმის" გამო აკრიტიკებს
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნამდვილი კულტურული აფეთქება მოხდა - რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა წარუდგინა. სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) ქართული თეატრის ლეგენდის, სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს ეძღვნება.
სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.

პრემიერას, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
"ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს.
სასიხარულოა, რომ მომავალში "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.