ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!
თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „სომხეთის არჩევნების მნიშვნელობა კავკასიისა და ცენტრალური აზიისათვის“ (ავტორი - დენიზ ბერქთაი). „კავკასიის რეგიონში გავლენებისთვის დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაცია გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ თუ სომხეთში, ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტიები გაიმარჯვებენ, კრემლი იოლად გაატარებს თავის პოლიტიკას“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ნათელი იყო, რომ რუსეთი დილემების წინაშე დადგებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დილემა ასეთია: „რუსეთს არ სურს, რომ ომი დონალდ ტრამპმა მოიგოს, მაგრამ არც ის უნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფიასკო განიცადოს და პოლიტიკური ავტორიტეტი და ძლიერება დაკარგოს, იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის მარცხით გაქრება ის განხეთქილება, რომელიც დასავლეთში უკრაინის გამო არსებობს - თეთრ სახლში მისი მოსვლის დროიდან. შესაბამისად, დასავლეთი ისევ ერთად გამოვა რუსეთის წინააღმდეგ“.
ამ მიმართებით კრემლთან ახლოს მდგარი წრეების შეშფოთება და შიშები კარგად არის რეზიუმირებული სტატიაში, რომელიც ამ დღეებში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს - „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელდა. მასში აღნიშნულია, რომ სიტუაციამ, რომელშიც შესაძლოა, დონალდ ტრამპი ჩავარდეს, შეიძლება რუსეთისთვისაც არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ახლახან ასე განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით დონალდ ტრამპის მუქარის შესახებ, ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მისი კომენტირებისაგან თავს ვიკავებთ“, - ეს სწორედ ზემოთ ხსენებულ დილემას შეესაბამება.
ალბათ, შეიძლებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის მიმართ რუსეთისათვის, დღევანდელთან შედარებით, ბევრად უფრო კარგი ყოფილიყო - ალასკაზე ხომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს წითელი ხალიჩით შეხვდა! მაგრამ უკრაინას რომ თავი დავანებოთ, აშკარაა, რომ ტრამპის ამერიკისა და პუტინის რუსეთის ინტერესები ერთმანეთს განსაკუთრებით კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ეჯახება. ჩვენი გაზეთი ადრეც წერდა, რომ რუსეთი და ირანი შეშფოთებას გამოხატავენ „დონალდ ტრამპის დერეფნის მიმართ, რომელიც მოწოდებულია, აზერბაიჯანის ტერიტორია (ნახჭევანის ჩათვლით) გააერთიანოს და კავკასიაში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუახლოვოს.
გასულ კვირას ბაქოში გამართულ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული დერეფანი ბაქოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს: პროექტმა უნდა გააერთიანოს არა მარტო აზერბაიჯანის ტერიტორიები, არამედ - მთლიანად თურქული სამყარო. ამ მარშრუტის მიმართ ინტერესი აქვს ყაზახეთს და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კავკასიის მთავარი დანიშნულება დასავლეთისათვის რეგიონის ცენტრალური აზიისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობით გამოიხატება. ჩვენ ვხედავთ, რომ „ტრამპის დერეფანი“ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის გავლენისათვის, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ - ცენტრალურ აზიაშიც.
და ამ დროს ყველაზე სუსტი რგოლი ამ ჯაჭვში, რომლის შექმნას აშშ-ის პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ცდილობს, არის სომხეთი. აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, სომხეთში [პროდასავლური] მთავრობისადმი ნდობა ძალიან მყიფე გახდა და ისევ პრორუსული გავლენები ძლიერდება. დიდი ალბათობაა იმისა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ოპოზიცია გაიმარჯვებს.
ასევე დაგაინტერესებთ: სტატია, რომელიც ტრამპს გააცოფებს - "პრეზიდენტი ზედმეტად გაუწონასწორებელი ხდება, პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს"
ამიტომაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხედავს რა იმას, რომ არჩევნებამდე არ შეუძლია ღიად გამოსვლა რუსეთის წინააღმდეგ, პირველ აპრილს მოსკოვს ეწვია, სადაც მან „თბილი შეხვედრა“ გამართა ვლადიმერ პუტინთან. ამასთან, რუსმა ლიდერმა სომეხ სტუმარს მიანიშნა, რომ თუ ერევანი ევროკავშირის წევრობას აირჩევს, ამისათვის მას ფასის გადახდა მოუწევს. როგორც კი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დასრულდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ მოსკოვი სომხეთთან მიმართებით ყურადღებას მიაქცევს არა იმდენად სიტყვებს, არამედ - უფრო საქმეს, პრაქტიკულ მოქმედებას.
რუსული მხარის პოზიცია აჩვენებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც იძულებულია, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა „თბილად“ მოიხსენიოს, ვერ შეძლო სომხური ოპოზიციის მიმართ რუსული მხარდაჭერის განეიტრალება. ამის მიუხედავად, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სომხეთში ექსპერტებს გაგზავნის, არჩევნების დროს პოტენციური ჰიბრიდული საფრთხე-მუქარებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
ბოლო წლებში ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, როცა არჩევნებში პრორუსული კანდიდატები იმარჯვებენ, ასეთ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ. ამიტომაც სომხეთი, როგორც ჩანს, მწვავე კონფრონტაციის არენა გახდება არა მარტო კანდიდატებს შორის, არამედ - რუსეთსა და დასავლეთს შორის.
სომხეთში 7 ივნისის არჩევნების შედეგებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს რუსეთის გავლენისათვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ