“გაძცვრილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!” - რობიკო სტურუას პასუხი სპექტაკლს ვეფხისტყაოსნის" კრიტიკოსებს
„გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!“ - როგორ ეხმიანება რობერტ სტურუა ორდღიან აჟიოტაჟს
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა, რომელსაც არნახული კრიტკა მოჰყვა...
"ერთი მილიონი დაგვიხარჯავს ჩვენი ჯიბიდან იმაში, რომ რობერტ სტურუას დადგმულ უცხო მოყმეზე შემოხვეული ეს TEMU-დან გამოწერილი ვეფხვისფერი "ტრიაპკა" შუქზე გვეხილა“ , "ვნების შვიდეული და ..."ვნებისტყაოსანი" რუსთაველის ეროვნულ თეატრში..“ - წერენ კრიტიკოსები სოციალურ ქსელში..
კრიტიკოსებს დღეს რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში უპასუხა:
"ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს,“ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!
გთხოვთ, ნუ ჰბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)
როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:
“გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”
აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!
დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები( შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”
127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:
“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!”
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!! - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.
პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში 6 აპრილს შედგა და იმის შემდეგ კრიტიკა არ წყდება. სოციალურ ქსელში გაიხსენეს რობერტ სტურუას 2003 წლის ინტერვიუც და ამ ინტერვიუს მიხედვით რომ რეჟისორისგან მოსალოდნელი იყო სპექტაკლი ვერ შემდგარიყო.
გაზეთი "24 საათი", 15 თებერვალი, 2003 წელი.
რობერტ სტურუა აღნიშნავს: " საერთოდ, ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან სუსტი ნაწარმოებია. იქ სულ არის ოციოდე კარგი სტროფი. დანარჩენი კი არის... სისულელე... რუსთაველი საერთოდ არ იყო პოეტი, ის იყო ფილოსოფოსი"...
ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა ,,ვეფხისტყაოსანს". ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით, ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა.
მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას...
მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი".
მანანა გაბრიჭიძე
(სპეციალურად საიტისთვის)