"მოსამართლემ შეამსუბუქა ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ" - გახმაურებული საქმის განაჩენი: რას ამბობს მოკლული გიგა ავალიანის დედა - კვირის პალიტრა

"მოსამართლემ შეამსუბუქა ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ" - გახმაურებული საქმის განაჩენი: რას ამბობს მოკლული გიგა ავალიანის დედა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიგა ავალიანის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ორ არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბუნებრივია ამ სასჯელებზე გავრცელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მსჯავრდადებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ. ხოლო დემეტრე ჩიქოვანს დაწესებულებაში ყოფნა 6 წელი და 9 თვე მოუწევს.

მოსამართლემ პროცესზე განმარტებაც გააკეთა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ხნის მანძილზე ბრალდებულებს მომხდარზე სინანული არ გამოუხატავთ.

"სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებული. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებები... საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სინანული, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის, სასამართლომ ვერ მოისმინა. ბრალდებულებს ერთი სიტყვა რომ ეთქვათ, თუნდაც, ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია. სინანული არის ის, რომ ისინი პატიმრობაში არიან. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, მობილური ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს. ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, სინანული მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია. მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს "თვალებს უქაჩავდნენ", მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება. სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში",- განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

მოსამართლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალგაზრდა პედაგოგს არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

შვილმკვდარი დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროცესზე გაკეთებული მოსამართლის განმარტება:

“საქმის მასალებში იმდენად უხვად იყო მტკიცებულებები ამ არასრულწლოვნების დანაშაულთან და მათ მართლა პირსისხლიანთა იდენტიფიკაციისთვის, რომ მე ამას ველოდი, მაქსიმალურ განაჩენს ნამდვილად ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსამართლის მიერ ბოლო სამ-ოთხ წუთში ჩატეული მთელი ჩემი წარსული და მთელი გიგას წარსული. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიგა ავალიანი იყო წესიერი ახალგაზრდა, თავის საქმეს პირნათლად აკეთებდა. მოკლედ, მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ გიგა არავის არ ავიწროებდა არასდროს, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, იყო ძალიან კარგი პიროვნება, ძალიან კარგი ახალგაზრდა... ისეთი ემოციური იყო მოსამართლის გამოსვლა, რომ იმ მისჯილ წლებზე მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო გიგას შეფასება. მოსამართლემ ისაუბრა სწორედ იმაზეც, რომ არცერთი არ ინანიებდა ამ დანაშაულს, უფრო მეტიც, ისინი არ თვლიდნენ თავს დამნაშავედ. საერთოდ არც წუხდნენ ახალგაზრდის გარდაცვალებაზე, წუხდნენ მხოლოდ ერთადერთ რამეზე, გაბაშვილი წუხს იმას, რომ ჩემი ძმაკაცები, მე ჩავყარე ციხეშიო. სინანული, რომ არც ერთს არ გამოუთქვამს, ესეც აღნიშნა მოსამართლემ. მაინც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსამართლემ ისაუბრა გიგა ავალიანზე, როგორც ღირსეულ პიროვნებაზე.

ამ განაჩენით არ დასრულდება ეს საქმე. გაგრძელდება პროცესები. ამ წუთში კიდევ მიმდინარეობს ჩიქოვანისა და ნასყიდაშვილის სხვა ბრალით სხვა საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვებსაც აუცილებლად მოუწევს საბრალდებო სკამზე ჯდომა, არასრულწლოვნებსაც და ბევრ სხვას, უფროსაც. მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან. თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა დღეს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ”,- ამბობს ეკა კუპატაძე.

მისი თქმით, პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, რომელმაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა.

„ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილები. მე სპეტაკი და ღირსეული შვილი მომიკლეს. ჩვენ ერთად ამოგვწყვიტეს ", - ამბობს ეკა კუპატაძე.

გამოტანილი განაჩენით კმაყოფილი იყო საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე. პროკურორის თქმით, გადაწყვეტილება სასჯელის დასაბუთების კუთხით არის სამაგალითო, მნიშვნელოვანი:

„მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ციფრების გამოცხადება არ იყო. ეს იყო მისი არამხოლოდ ღირსეული გადაწყვეტილება, არამედ ღრმა სამართლებრივი, სოციალური და მორალური შეფასებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართომასშტაბიანი, სიღრმისეული და გულში ჩამწვდომი იყო, რომ უემოციოდ არ დატოვა არც ერთი მსმენელი, რომელიც პროცესს ესწრებოდა. ეს არის სამაგალითო გადაწყვეტილება, რომელიც სასჯელის დასაბუთების კუთხით იმდენად მნიშვნელოვანი და ღრმა აზროვანია, რომ სამაგალითოდ იქცევა ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. მადლობა გადაწყვეტილებისთვის ამ კონკრეტულ მოსამართლეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მორალური საკითხები, რაზეც მოსამართლემ ისაუბრა. ეს არის მოსამართლე, რომელმაც კარგად გაიგო, კარგად ჩასწვდა და გაანალიზა ის თუ ვინ იყო სინამდვილეში გიგა ავალიანი", - განაცხადა პროცესიდან გამოსულმა პროკურორმა და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გიგა ავალიანის პიროვნებას.

“დაცვის მხარე სპეკულირებდა იმ საკითხით, თითქოს ვინმეს ავიწროებდა გიგა ავალიანი და ამით ცდილობდნენ დაზარალებულის რეპუტაციის შელახვას, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდათ. გიგა ვალიანი იყო საზოგადოებს სამაგალითო წევრი, თავდადებული მასწავლებელი, პერსპექტიული ექიმი და ერთი ღირსეული ქართველი, რომლის დაკარგვითაც ბევრი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ",- განაცხადა პროკურორმა.

(სპეციალურად საიტითვის)