"ვეფხისტყაოსნის" თეატრალურ-პოლიტიკური სკანდალი - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "როდესაც დაიდგა „რიჩარდ მესამე“, იმ პერიოდისთვის შოკისმომგვრელი სცენები - კვირის პალიტრა

"ვეფხისტყაოსნის" თეატრალურ-პოლიტიკური სკანდალი - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "როდესაც დაიდგა „რიჩარდ მესამე“, იმ პერიოდისთვის შოკისმომგვრელი სცენები იყო წარმოდგენილი"

რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ყურადღების ცენტრში მოექცა. სპექტაკლის რამდენიმე სცენა სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ემოციური რეაქცია გამოიწვია. ხელოვნების სამყაროში დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამ შემთხვევაში, ხმაურის ფონზე, აშკარად ჩანს პოლიტიკური და იდეოლოგიური ელემენტებიც. ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, იქნებოდა თუ არა ასეთი მძაფრი დაპირისპირება, რომ არა ქვეყნის მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია.

- ზოგადად, მსგავსი შემთხვევები ხელოვნების სფეროში ხშირად ხდება. თავის დროზე საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება იყო რეჟისორებს - რობერტ სტურუას, მიხეილ თუმანიშვილსა და თემურ ჩხეიძეს შორის. ხელოვნება ყოველთვის იწვევს განსხვავებულ აღქმებს, შეფასებებსა და ემოციებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს დაპირისპირება იმ დონემდე, რასაც ახლა ვხედავთ, ალბათ ვერ მივიდოდა, რომ არა ის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ფაქტია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გარკვეულწილად შეირყა, პოლიტიკური გარემო დაძაბულია და ხშირად არ არსებობს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მსგავსი პროცესები მშვიდად და რაციონალურად წარიმართოს. დღეს ყველაფერი პოლიტიკური პრიზმით ფასდება. ხშირად დისკუსია სცდება კულტურულ და ესთეტიკურ ჩარჩოებს და გადადის პოლიტიკურ შეფასებებში. მე არ ვარ თეატრმცოდნე და არ მაქვს პროფესიული კომპეტენცია, რომ დეტალური ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი გავაკეთო...

სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები ქართული თეატრის ისტორიაშიც გვხვდება. მაგალითად, როდესაც დაიდგა „რიჩარდ მესამე“, იმ პერიოდის საზოგადოებისთვისაც საკმაოდ თამამი და, ზოგ შემთხვევაში, შოკისმომგვრელი სცენები იყო წარმოდგენილი. პარალელურად, ტელევიზიაში გადიოდა „ჯაყოს ხიზნები“, რომელშიც ასევე საკმაოდ თამამი სცენები იყო რამაზ ჩხიკვაძესა და ნანა ფაჩუაშვილს შორის. იმ დროისთვისაც ეს თემები საზოგადოებისთვის რთულად მისაღები და სადავო იყო, როგორც იდეოლოგიური, ისე - მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელოვნება ხშირად წინ უსწრებს საზოგადოებრივ მზაობას და სვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც ყოველთვის კომფორტული არ არის. თუმცა აქ მნიშვნელოვანი საზღვარია: თუ პროვოკაცია გამოიყენება მხოლოდ მაყურებლის მისაზიდად, მაგალითად, სიშიშვლის ან შოკის ეფექტის მეშვეობით, ეს ერთი საკითხია, მაგრამ თუ მსგავსი ელემენტები გამომდინარეობს ნაწარმოების შინაარსიდან, მისი ფაბულისა და მხატვრული კონცეფციიდან, მაშინ მათი შეფასება სრულიად სხვა ჭრილში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება სტურუას, მისთვის მსგავსი თამამი გადაწყვეტები ახალი ნამდვილად არ არის. წარსულშიც გვინახავს ექსპერიმენტული და ზოგჯერ - პროვოკაციული სცენები, რასაც ყოველთვის მოჰყვებოდა როგორც კრიტიკა, ისე განხილვა. მაშინაც ვრცელდებოდა სხვადასხვა მოსაზრება და ჭორიც კი, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი მაინც ხელოვნების განვითარების პროცესის ნაწილად აღიქმებოდა.

- რა გამოწვევებს უქმნის ქვეყანას პოლარიზაციის ასეთი მაღალი დოზა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სფეროში შეინიშნება?

- პოლარიზაცია, მით უმეტეს, რადიკალური პოლარიზაცია, საშუალებას არ აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ რეალურად შეაფასონ არსებული მდგომარეობა. ასეთ პირობებში რთულდება ობიექტური რეალობის დანახვა, ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ტიპის პოლარიზაცია ხშირად უფრო ხელს აძლევს ხელისუფლებას, ვიდრე - ოპოზიციას. თუმცა დღევანდელ ვითარებაში ვხედავთ, რომ არც ერთი მხარე არ ცდილობს რეალურად ამ დაპირისპირების შემცირებას. პირიქით, ორივე მხარე, გარკვეულწილად, აგრძელებს ამ დაძაბულობის შენარჩუნებას, რადგან ეს მათთვის გარკვეულ პოლიტიკურ სარგებელსაც იძლევა. რადიკალურ ოპოზიციას არ სჭირდება პოლარიზაციის დასრულება, რადგან მას არ აწყობს სრულად გაცნობიერებული არჩევნის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ხელისუფლებას კი ასეთი გაუცნობიერებელი და დაძაბული სივრცე სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შედეგად ვიღებთ რეალობას, სადაც საზოგადოება კიდევ უფრო იყოფა, კონსენსუსის მიღწევა რთულდება და ქვეყნის განვითარება ნელდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ჩანს ამ მდგომარეობიდან სწრაფი და ეფექტიანი გამოსავალი.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)