"წინ ისეთი საინტერესო ამბავი გველის, რომ ბოლო წლებში მომხდარ ყველა მოვლენას გადაფარავს" - ამერიკელების "ქართული მანევრები": მირიან მირიანაშვილის ან - კვირის პალიტრა

"წინ ისეთი საინტერესო ამბავი გველის, რომ ბოლო წლებში მომხდარ ყველა მოვლენას გადაფარავს" - ამერიკელების "ქართული მანევრები": მირიან მირიანაშვილის ანალიზი

"წინ ძალიან საინტერესო ამბები გველის, იმდენად საინტერესო, რომ ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ ყველა ამბავს გადაფარავს", - ასეთი შეფასებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირების პროცესის ნაწილად განიხილება, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოზეც, კავკასიის რეგიონსა და მთლიანად წინა აზიაზე. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ზარმა თბილისში და ამერიკელების გააქტიურებამ მიიქცია.

- ჩემი ვერსიით, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრისას საკითხების წრე გაცილებით ფართო იყო და ირანის თემა მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტი გახლდათ, დიდ გეოპოლიტიკურ სურათზე. ირანის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ამერიკას რეალურად არ სჭირდება, რადგან ჩრდილოეთის მიმართულებით სამხედრო ფრონტი გახსნილი არ არის. მით უმეტეს, როდესაც საქართველოს თავდაცვითი ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ნატოს სტანდარტებით ერთ ჯავშანსატანკო ბატალიონსაც კი ვერ უტოლდება, რთულია საუბარი რაიმე მასშტაბურ სამხედრო როლზე. ამიტომ ამ კონტექსტში ირანის თემას პირდაპირ არ ვუკავშირებ და უფრო ვხედავ, რომ საუბარი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციონირებას ეხებოდა, საერთაშორისო პროცესებში. ირანის ომის შემდეგ რეგიონში პოლიტიკური გადალაგება გარდაუვალია და უკვე აშკარაა, რომ რეგიონი იმ ფორმით, როგორსაც წლების განმავლობაში ვიცნობდით, აღარ იარსებებს. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე ან ერთ კონკრეტულ კრიზისზე დაფუძნებული, საქმე ეხება ახალი პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც ძველი გავლენების ცენტრები სუსტდება და ახალი ძალები, განსაკუთრებით - ამერიკა და ისრაელი, გლობალურ დონეზე კიდევ უფრო ძლიერდებიან.

- თქვენი ვერსიით, როგორ იცვლება ძალთა ბალანსი რეგიონში?

- მნიშვნელოვნად იცვლება ისრაელის როლი - იგი რეგიონული მოთამაშიდან უკვე გლობალური გავლენის მქონე ძალად იქცა. თუ ადრე მისი მოქმედების არეალი, ძირითადად, მეზობელი ქვეყნების საზღვრებით შემოიფარგლებოდა, დღეს ის უკვე ოპერირებს ბევრად უფრო დიდ მანძილებზე - საკუთარი გეოგრაფიული სივრციდან, დაახლოებით, ორი ათას კილომეტრზე. ისრაელს შეუძლია, მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური გავლენა მოახდინოს ისეთ სტრატეგიულ სივრცეებში, როგორიც სპარსეთის ყურეა. ამ ფონზე, თურქეთის გავლენა ეტაპობრივად მცირდება. ასევე ნელდება ისეთი პროექტების პერსპექტივა, როგორიც იყო „თურანი“ და რუსულ-ირანულ-თურქული ტაქტიკური თანამშრომლობის მოდელები. შესაბამისად, სუსტდება ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ერთობლივი გავლენა რეგიონში და ყალიბდება ახალი კონფიგურაცია, სადაც პატარა ქვეყნებისთვის, მათ შორის - საქართველოსთვისაც, შეიძლება ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს.

- რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ომის დასრულება, ირანის რეჟიმის ცვლილების პერსპექტივა?

- ამერიკული მხარე რეჟიმის სრულ შეცვლაზე არ არის ორიენტირებული და არსებული პოლიტიკური სტრუქტურა, მოლების ხელისუფლება, რჩება სისტემის ცენტრში. მთავარი კითხვა თავიდანვე იყო შემდეგი - ჩაერთვებოდა თუ არა ირანის რეგულარული არმია ამ კონფლიქტში, თუმცა ეს სცენარი რეალურად არ განხორციელდა. ირანის სახელმწიფო არმია - სახმელეთო ძალები და ავიაცია, დიდწილად ნეიტრალურ პოზიციაში დარჩა, ხოლო ძირითადი სამხედრო დატვირთვა გადავიდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და „ბასიჯის“ პარამილიტარულ სტრუქტურებზე. ეს მოცემულობა მიუთითებს შიდაუნდობლობაზე არმიის მიმართ და იმაზე, რომ მისი სრული ჩართვა სერიოზულ რისკად აღიქმებოდა.

რაც შეეხება სამხედრო მასშტაბს, საქმე გვაქვს უპრეცედენტო ოპერაციასთან - ამერიკის ავიაციამ, ისრაელთან კოორდინირებით, დაახლოებით, 13-14 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ირანის სამიზნეებზე, დაახლოებით, 50 ათასი ტონა ბომბი გამოიყენა. ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა მიმდინარე კონფლიქტების ანალოგიურ მაჩვენებლებს, მათ შორის - რუსეთის ავიაციის მრავალწლიანი ოპერაციების მოცულობას. შედეგად, ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის, დაახლოებით, 70 პროცენტი განადგურებულია, ხოლო სამოქალაქო და ეკონომიკური სექტორი, დაახლოებით, 30 პროცენტით არის დაზიანებული. ასეთ პირობებში ქვეყანა ხანგრძლივ და მძიმე აღდგენით ფაზაში შედის. დამატებითი ესკალაცია კი უკვე მის სახელმწიფოებრივ სტაბილურობას შეუქმნიდა პირდაპირ საფრთხეს, რაც, როგორც ჩანს, ამერიკული მხარის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, რადგან ასეთმა სცენარმა რეგიონში სხვა ძალების უკონტროლო გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს.

საქართველოს ინტერესებიდან თუ შევხედავთ, ირანის დესტაბილიზაცია და დეცენტრალიზაცია ჩვენთვის არასასურველი სცენარია, ამიტომ მიმდინარე ვითარება გარკვეულწილად, პოზიტიურ შედეგსაც შეიცავს. თუმცა პროცესს დასრულებულად ვერ მივიჩნევთ, ზავი მყიფეა. მთავარი საკითხი ახლა მოლაპარაკებებში ირანის ენერგეტიკულ სექტორზე კონტროლის თემაა, რომელიც მიზანმიმართულად არ განადგურებულა. სხვა მიმართულებებზე, ფაქტობრივად, შეთანხმება მიღწეულია: ირანი მზად არის, დათმოს გამდიდრებული ურანის მარაგები, ხოლო შესაბამის ინფრასტრუქტურას მნიშვნელობა დაეკარგა, დაზიანების გამო.

ამასთან, ირანის ელიტაში აშკარაა იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში აქტიური მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს. შესაბამისად, თეირანისთვის ახლა კრიტიკულია, განსაზღვროს, რა მასშტაბის დათმობებზე წავა. სანაცვლოდ, ვაშინგტონი სთავაზობს დეესკალაციასა და სანქციების მოხსნას, რაც ობამას პერიოდიდან მოქმედებს, ეს კი ირანს აძლევს შანსს, გადავიდეს ახალ ეკონომიკურ რელსებზე და მნიშვნელოვნად გაზარდოს შემოსავლები ნავთობის ექსპორტიდან. ამ ზავის ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული მხარე რუსეთია. მისი გათვლა, რომ ნავთობის ფასის ზრდით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, არ გამართლდა, როგორც კი სამხედრო მოქმედებები შეჩერდა, ნავთობის ფასი სწრაფად დაეცა. მოსკოვი ელოდა მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს, თუმცა რეალურად გაცილებით ნაკლები მიიღო. ამას დაემატა ისიც, რომ უკრაინულმა დარტყმებმა დააზიანა მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალები, მათ შორის - უსტ-ლუგასა და ნოვოროსიისკში, რამაც რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობებსაც დაარტყა. საბოლოოდ, მიღებული ეკონომიკური სარგებელი მინიმალური აღმოჩნდა და ვერ ცვლის საერთო სურათს.

- თქვენ აღნიშნეთ ენერგეტიკული ფაქტორი და რუსეთის შესაძლო დანაკარგები ამ პროცესში. ამ ფონზე, როგორ ჩანს მთავარი დათმობებისა და ინტერესების ბალანსი მიმდინარე მოლაპარაკებებში და რა გავლენას ახდენს ეს უკრაინის ფრონტზე რუსეთის შესაძლებლობებზე?

- რომ შენარჩუნებულიყო ნავთობის მაღალი ფასები, რუსეთს მნიშვნელოვნად გაეზრდებოდა ფინანსური რესურსი. როგორც ამერიკელები ამბობენ, „რუსეთი ბენზინგასამართი სადგურია, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს“ და სწორედ ამ „ბენზინგასამართიდან“ მიღებული შემოსავალი პირდაპირ სამხედრო მანქანას ხმარდება. დღეს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით, 70 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას დამატებით კიდევ ასი მილიარდი რომ დამატებოდა, მისი შესაძლებლობები მკვეთრად გაიზრდებოდა. ეს კი, საბოლოოდ, ევროპელების ხარჯზე უნდა მომხდარიყო და ომის ესკალაციას გამოიწვევდა. გარკვეულწილად, მოსკოვიც სწორედ ამ სცენარზე აკეთებდა გათვლას, თუმცა ეს პროექტი პრაქტიკულად ჩაიშალა. შესაბამისად, რუსეთის იმედიც, რომ ირანის ფაქტორის გამოყენებით ტრამპი ხელს გაუხსნიდა და ნავთობზე სუპერმოგებებს მოუტანდა, აღარ გამართლდა. დღევანდელი მოცემულობა კი მის სამხედრო პოტენციალს ზღუდავს და ომის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას.

- შეიძლება თუ არა, რომ ამ პროცესების ფონზე გაიზარდოს ამერიკის სამხედრო ინტერესი საქართველოს მიმართ?

- არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ეტაპზე ამერიკისთვის უფრო აქტუალური გახდეს საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურისა და წარმომადგენლობის გაძლიერება. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ეტაპობრივად ტოვებს კავკასიის რეგიონს და სანაცვლოდ ინარჩუნებს გარკვეულ ეკონომიკურ ბერკეტებს, მათ შორის -სატრანზიტო და ენერგეტიკულ მიმართულებებში მონაწილეობას. დღევანდელ ვითარებაში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კავკასიაში ამერიკისა და რუსეთის სამხედრო ინტერესები პირდაპირ შეეჯახოს ერთმანეთს, რადგან რუსეთი რეგიონში კლასიკური სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშის როლს ნელ-ნელა კარგავს. შესაბამისად, მიმდინარე პროცესები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ახალი რეალობის ფორმირების წინაპირობა.

...სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომმა რეგიონში ძლიერი ფინანსური შოკი გამოიწვია. ეს არის სივრცე, სადაც რამდენიმე მსხვილი ფინანსური ცენტრია კონცენტრირებული და ახლა იქიდან კაპიტალის მასშტაბური გადაადგილება მიმდინარეობს. წინაკონფლიქტების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ასეთ პერიოდებში სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, განსაკუთრებით - დუბაიმ, მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღეს, მათ შორის, უძრავი ქონების ბაზრის კაპიტალიზაცია რამდენიმე წელიწადში ასობით მილიარდით გაიზარდა. ამჯერადაც, მოკლე პერიოდში, რეგიონიდან ყოველდღიურად ათეულობით მილიარდი დოლარის გადინება ფიქსირდება და ამ კაპიტალის ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება, მათ შორის -საქართველოშიც. 8%-იანი ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო თვეებში გვაქვს, გარკვეულწილად სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება. შესაბამისად, ის შიშები, რომ კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებდა ან ლტოლვილთა მასშტაბურ ნაკადს გამოიწვევდა, გადაჭარბებული აღმოჩნდა.

დღეს საქართველოსთვის მთავარი რისკი სხვა მიმართულებითაა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გააცნობიერებს ხელისუფლება, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების გარეშე ქვეყანა ვერ ჩაერთვება ახალ პოლიტიკურ წესრიგში. რეგიონში მიმდინარე პროცესებს ახლა პირდაპირ ამერიკა მართავს, განსხვავებით წარსულისგან, როდესაც შუამავლის როლი რუსეთს ჰქონდა. დღეს ეს მოდელი შეცვლილია და საუბარია ბევრად უფრო პირდაპირ გავლენაზე, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ -მთლიანად წინააზიაში. ამ რეალობაში არჩევანი, ფაქტობრივად, არ არსებობს, მთავარი მოთამაშე ამერიკაა და ვინც მასთან ურთიერთობას დროულად დაალაგებს, უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება. საქართველო ამ პროცესს ვერ გაერიდება; საკითხი მხოლოდ დროის ფაქტორია - რაც ადრე მოხდება ეს ინტეგრაცია, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს უკვე ჩამოყალიბებულ წესრიგში, მინიმალური სარგებლის პირობებში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ეს რისკებიც იგრძნო. მისი ბოლო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის - ალიევთან შეხვედრისას შექმნილი სურათი, სადაც ირაკლი კობახიძე თითქოს მეორე პლანზე გადავიდა, შემთხვევითი არ იყო, ეს მკაფიო პოლიტიკური სიგნალია. და ეს სიგნალი, დიდი ალბათობით, არა შიდააუდიტორიისთვის, არამედ, პირველ რიგში, ამერიკული მხარისთვის, მათ შორის - მარკო რუბიოსთვის იყო განკუთვნილი იმის საჩვენებლად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები მის ხელშია და ის თავად განსაზღვრავს კომუნიკაციის ფორმატს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)