"9 აპრილის მემორიალთან გაგზავნეს პროვოკატორები, რომლებმაც ჩხუბი დაიწყეს, მათ კი პოლიცია მოჰყვა და „მშვიდობის დასამყარებლად“ შეკრეს წრეს" - ვანო წერეთელი - კვირის პალიტრა

"9 აპრილის მემორიალთან გაგზავნეს პროვოკატორები, რომლებმაც ჩხუბი დაიწყეს, მათ კი პოლიცია მოჰყვა და „მშვიდობის დასამყარებლად“ შეკრეს წრეს" - ვანო წერეთელი

9 აპრილი ერთიანობის დღეა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასე გააზრებული და შეთანხმებული, როგორიც 9 აპრილის მნიშვნელობაა, არ არსებობს - ეს დღე არის ჩვენი წარსული, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო წერეთელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც 9 აპრილთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, „საქართველოს ისტორიაში თავგანწირვის გარეშე არცერთი გამარჯვება არ ყოფილა და სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილიც, რომელზეც ქართველი ერი და საქართველო დგას“.

„ეს დღე [9 აპრილი] უკანასკნელია ასეთი დიდი გამარჯვებების. ამ დღემ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიტანა, რომელმაც აღადგინა ის, რომელიც 1921 წელს დავკარგეთ. ამ თარიღს დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამ დღის ერთ-ერთმა შემოქმედმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიასთან ერთად დაგვიბარა, რომ „დამოუკიდებლობის მიღება არის ერთი, თუმცა მას გაფრთხილება სჭირდება“. 35 წლის განმავლობაში არაერთი შემოტევა ვნახეთ, რომ დამოუკიდებლობა დაგვეკარგა და დღესაც ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს დღე ერთიანობის დღეა და საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასე გააზრებული და შეთანხმებული, როგორიც 9 აპრილის მნიშვნელობაა, არ არსებობს. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ასე ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი, რომელიც 1989-1991 წლებში იყო, სამოქალაქო ომამდე, არ არსებობდა და ეს არის ის, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას. ეს დღე არის ჩვენი წარსული, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას. ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ - 1991 წლის 9 აპრილს დაიბადა და რომ არა 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წლის 9 აპრილი არ იქნებოდა“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

რაც შეეხება 9 აპრილს დაღუპულთა პირების მემორიალთან, ქვეყნის პირველი პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოჩენას, რომელსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების არალეგიტიმურობა ჩანს იმაში, რომ ისინი ჯარის, კრიმპოლისა და პოლიციის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებიან.

„მემორიალთან, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ღამე გაათენეს და არავის არ ჰქონდა ის აზრი, რომ - „ხელისუფლებიდან არავინ მივუშვათ“. იქ იყვნენ დაპატიმრებული ადამიანების მშობლები, რომლებსაც ე.წ. ხელისუფლებასთან გასაუბრება და მათთვის კითხვების დასმა უნდოდათ, თუ რატომ ისხდნენ მათი შვილები ციხეში და პასუხი აინტერესებდათ. ე.წ. ხელისუფლება ამ ადამიანებს აერიდა და ვნახეთ, რომ სანამ იქ ხმაური ატყდებოდა, გააგზავნეს პროვოკატორები, რომლებმაც ჩხუბი დაიწყეს, მათ კი პოლიცია მოჰყვა და მშვიდობის დასამყარებლად შეკრეს წრეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. ჯარის, კრიმპოლისა და პოლიციის დახმარებით დადის ე.წ. ხელისუფლება, ეს კი ნათელი მაგალითია და დადასტურებაა იმისა, რომ მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ. როგორ შეიძლება თავს ლეგიტიმურს უწოდებდე და პროვოკატორებისა და ძალოვანი სტრუქტურის გარეშე ვერ გადაადგილდებოდე და იქ ვერ მიდიოდე, სადაც შენი ყოფნა მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობასთან არ ასოცირდება. საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დასავლეთისკენ სვლასთან ასოცირდება. ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება დასავლურ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირშია. ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ქვეყნების მტრად მოხსენიებით, სუვერენიტეტს, რომელიც 1991 წლეს, 1989 წლის 9 აპრილით მოვიპოვეთ, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა