რა ღირს ჯანმრთელობის ცნობა? - კვირის პალიტრა

რა ღირს ჯანმრთელობის ცნობა?

ადამიანის უმთავრესი საზრუნავი რომ ჯანმრთელობაა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამიტომაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების წინ დაპირებები არ დაიშურეს, რომ საყოველთაო დაზღვევას დანერგავდნენ. მანამდე კი სამედიცინო მომსახურების სფეროს მონიტორინგს გაუწევდნენ და ფასების მოწესრიგებაზეც იზრუნებდნენ, - ეს უკანასკნელი კი იმდენად დიდია, რომ ისედაც ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანებს სტრესში აგდებს იმაზე ფიქრი, სად იშოვოს ექიმთან მისასვლელი ფული. მაგრამ ჯერჯერობით არც რაიმე შეცვლილა და არც სამომავლო ცვლილებებზე ისმის რამე. აქედან გამომდინარე, ახალ ხელისუფლებასაც ალბათ მადლობა აქვს სათქმელი იმ ჯანმრთელობაშერყეული ადამიანებისთვის, ვინც მედიცინის სფეროში ცვლილებებს მოთმინებით ელოდება და აქციებს არ აწყობს ქუჩებში.

არადა, შეუძლებელია ეს დიდხანს გაგრძელდეს, - ტრაგედიაა, როცა ადამიანს ექიმთან მისვლა საკუთარი დანაზოგით არ შეუძლია. დღეს ეს პრობლემა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება. მათ შორის მათაც, ვისაც თუნდაც, ისეთი მარტივი პროცედურისთვის მიუმართავს, როგორიც ვთქვათ, ჯანმრთელობის ცნობის გაცემაა.

ამ პროცედურაში რამდენიმე სპეციალობის ექიმის მომსახურება შედის, თუმცა, როგორც წესი, პაციენტის ჯანმრთელობა პოლიკლინიკაში გახსნილ ანკეტაში უკვე კარგა ხნის დადასტურებულია და ექიმებთან კონსულტაციაც არ გიწევს. ამასთან შეხება მეც სულ ახლახან მქონდა, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ჩემი სამ წლამდე ასაკის შვილის ბაგა-ბაღში მიყვანა დავაპირე და იქ კი ჯანმრთელობის ცნობა მომთხოვეს. რადგან ბაგა-ბაღები ისევ ფასიანი გახლავთ (შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებაში ბაგა-ბაღებზე გადასახადის გაუქმებაც შედის).

ჩვენი უბნის, კერძოდ ფონიჭალის პოლიკლინიკას იმ იმედით მივაკითხე, რომ სახელმწიფო ბაგა-ბაღში წარსადგენ ჯანმრთელობის ცნობას მაინც უფასოდ მომცემდნენ. თუმცა, ჩემს იმედს პოლიკლინიკის რეგისტრატორმა უმალვე წყალი გადაასხა, - რაღაც გეშლებათ, ჯანმრთელობის ცნობისთვის 20 ლარი უნდა გადაიხადოთო! აღვშფოთდი - ჩემს შვილს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩატარებული აქვს და ფულს რაღაც ფარატინა ქაღალდში მახდევინებთ-მეთქი?! მაგრამ მოკლედ მიპასუხა, - ჯანმრთელობის ცნობა ყველასთვის ფასიანია, მათ შორის ბაგა-ბაღის აღსაზრდელისთვისო. სხვა რა გზა დამრჩენოდა, უსიტყვოდ ჩავიდე ჯანმრთელობის ცნობა ჩანთაში და წამოვედი.

სამწუხაროდ, ეს თურმე "კანფეტი" ყოფილა იმასთან შედარებით, რაც წინ მელოდა - სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ ადამიანს, ამავე კომპანიაში ჯანმრთელობის ცნობის (იგივე "ფორმა 100") ასაღებად და დანიშნულების ადგილზე წარსადგენად თურმე 55 ლარის გადახდა სჭირდება! შესაბამისად, დაახლოებით ასეა სხვა სადაზღვევო კომპანიებშიც.

რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, რატომ არ არის გათვალისწინებული აღნიშნული მომსახურება სადაზღვევო კომპანიებში, რომლებიც კლიენტებისგან არც თუ მცირე თანხას იღებენ ამ საქმეში. როგორც ჩემი სადაზღვევო კომპანიის საინფორმაციო ცენტრში განგვიმარტეს, ჯანმრთელობის ცნობის გაცემა ჯანდაცვის კუთხით მომსახურებას არ განეკუთვნება. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება არც მზღვეველსა და დაზღვეულს შორის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული! როგორც ხედავთ, კომპანიებს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ აცარიელებს კლიენტების ჯიბეებს, "რკინის არგუმენტი" აქვს, - ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც ცარიელ ჯიბეებს რა ხერხით დაგვიცარიელებენ.

ასეთ შემთხვევაში პოლიკლინიკები "ნამდვილ მხსნელებად" გვევლინებიან, - თუ ჯანმრთელობის ცნობას პოლიკლინიკაში, რეგისტრაციის ადგილზე აიღებ, ჯანმრთელობას 20-დან 35-ლარამდე (იმის მიხედვით, სად გაქვს წარსადგენი) თანხით დაგიდასტურებენ და ცნობასაც გამოგატანენ, თანაც ისე, რომ შენს ანკეტასაც არ გადახედავენ. თუ ჯანმრთელობის ცნობის აღება ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე კი არა, სამ წევრზე მაინც გჭირდება (რაც არც ისე იშვიათია), შესაბამისად, 60-დან 105-ლარამდე გადახდა მოგიწევს. მართალია, საარსებო მინიმუმს რამდენიმე დღით დაემშვიდობები, სამაგიეროდ ჯანმრთელობის ცნობებს უფრო იაფად მიიღებ ვიდრე სადაზღვევო კომპანიებში.

როგორც ჯანმრთელობის სამინისტროს პრესცენტრში გვიპასუხეს, პოლიკლინიკა, მართალია სახელმწიფო დაწესებულებაა, მაგრამ მაინც კერძო იურიდიული პირია(?), ამიტომ ჯანმრთელობის ცნობის ფასების დადგენაში სამინისტრო არ მონაწილეობს. შესაბამისად, ყოველმა პოლიკლინიკამ თავად დააწესა ჯანმრთელობის ცნობის ფასი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაშინ სად მიდის თანხა, რომელიც ამ ფურცელში გადავიხადეთ? რადგანაც საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ ექიმების ხელფასი მიზერულიც არ არის მათ შრომასთან შედარებით, ალბათ იმასაც არ იტყვის, - ექიმების ჯიბეშიო! დამიდასტურა კიდეც პოლიკლინიკის ქირურგმა - მე დაახლოებით 60 თეთრი მეწერება ამ "სამუსაოსთვისო" (თავისი პროფილით პაციენტის ჯანმრთელობის ხელმოწერით დადასტურება იგულისხმა) მაშ, სად? ამ და კიდევ მრავალ კითხვაზე პასუხი არა მარტო ჩვენ, არამედ მათაც უნდა აინტერესებდეთ, ვინც უკვე ამჯერად გვპირდება, რომ სამედიცინო სფეროს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.

(სპეციალურად საიტისთვის)