„ვიქტორ ორბანი ისევ გაიმარჯვებს, მაგრამ რატომ და რა მიზეზებით - მემარცხენეებს ამის გაცნობიერება არ სურთ“ - The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 10 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ვიქტორ ორბანი ისევ გაიმარჯვებს, მაგრამ რატომ და რა მიზეზებით - მემარცხენეებს ამის გაცნობიერება არ სურთ“ (ავტორი - ტიბორ ფიშერი, უნგრული წარმოშობის ჟურნალისტი და მწერალი, რომლის მშობლები ბუდაპეშტიდან 1956 წელს გაიქცნენ).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
არის თუ არა შესაძლებელი, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასასრული გახდეს? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უნგრეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა ზოგიერთი ევროკავშირელი პოლიტიკოსი, ვინც ამჟამად მხარს უჭერს ოპოზიციონერ პეტერ მადიარის (მაგიარის) პარტია „ტისას“, დარწმუნებულნი აცხადებენ, რომ „უნგრეთმა დიდი ხანია, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარული ხელისუფლების მქონე ქვეყნად გადაიქცა“.
ძირითადად, ამას გერმანელი „მწვანეები“ ამბობენ - გერმანელებს ხომ დიდი ხანია, ჩვევად ექცათ სხვა ევროპული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა. ალბათ, დადგა დრო, რომ ისინი ამგვარ მოქმედებას გადაეჩვიონ.
ტერმინი „ავტორიტარული“ ხშირად გამოიყენება ვიქტორ ორბანის მიმართ, უმეტესად იმ ექსპერტების მიერ, რომლებიც აზრზე არ არიან, თუ რა ხდება სინამდვილეში უნგრეთში და კარგად ვერ აცნობიერებენ აღნიშნული სიტყვის არსს. ჟურნალისტებს კი სხვისი ნათქვამის ტირაჟირება უყვართ, თუმცა ისინი, ობიექტურად თუ ვიტყვით, „ავტორიტარს“ თან ამატებენ „წარმატებულს“. წარმატება - აი, სწორედ ამის გამო სძულთ ვიქტორ ორბანი, საერთაშორისო მემარცხენე ძალებს.
1998 წელს ვიქტორ ორბანი ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი გახდა, უნგრეთის ისტორიაში. იგი 34 წლის იყო, როცა სათავეში ჩაუდგა პარტიას, რომელმაც, პრაქტიკულად, არაფრისგან ყველაფერი შექმნა. მისი ოპონენტები იყვნენ ყოფილი კომუნისტები, რომლებმაც საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ უნგრეთი გაძარცვეს.
ვიქტორ ორბანი, სოფელში დაბადებული და გაზრდილი, თავისი ოჯახის წევრებიდან პირველი იყო, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა. მას არ ჰყავდა არც გავლენიანი ბიძები და არც მომხიბვლელი დეიდები, რომლებიც ზემოთ, მთავრობის სამინისტროებში ან ბუდაპეშტის მსხვილ კომპანიებში მუშაობდნენ. ორბანის ერთადერთი ახლო ნათესავები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური არისტოკრატები იყვნენ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გარდაიცვალნენ.
ვიქტორ ორბანმა არჩევნები 2002 წელს წააგო, მაგრამ ოპოზიციაში 8-წლიანი ყოფნის შემდეგ, 2010 წელს ისევ აირჩიეს პრემიერად. მიიღო რა მისმა პარტიამ - „ფიდესმა“ პარლამენტში ორი მესამედით უმრავლესობა, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. არავინ ელოდა მის ასეთ გასაოცარ შედეგებს. ვიქტორ ორბანმა იგივე გაიმეორა 2014, 2018 და 2022 წლების საპარლამენტო არჩევნებში. მან ამჟამინდელი არჩევნები რომც წააგოს, იგი უკვე დარჩება ქვეყნის ყველა დროის უდიდეს პოლიტიკოსად.
იცით, რა არის საკვირველი ვიქტორ ორბანის არაკეთილმსურველებისა და მტრების მოქმედებაში? ის, რომ მათ არ შეუძლიათ რეალობისადმი შეგუება - იმ ძირითადი ჭეშმარიტების მიმართ, რომ პრემიერი მოსახლეობაში ნამდვილად პოპულარული პიროვნებაა - ერთადერთი უნგრელი პოლიტიკოსი - და თავის საქმეში მართლაც წარმატებულია. ოპოზიცია კი ჯიუტად იმეორებს - „დედამიწა ბრტყელიაო“ და აცხადებს, რომ ორბანის წარმატება განპირობებულია არაკეთილსინდისიერი თამაშებით ანუ არჩევნების გაყალბებით და ფლიდობით.
ეს იგივეა, რომ ვთქვათ - კრიშტიანუ რონალდუს გოლი მხოლოდ იმიტომ გააქვს, რომ ყველამ - მისმა თანაგუნდელებმა, ოფიციალურმა პირებმა, სპორტულმა კომენტატორებმა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა, მაყურებლებმა, ავტომძღოლებმა და ავტოსადგომების მუშა-მოსამსახურეებმა, მზარეულებმა, მასწავლებელებმა და ყველა სხვა უამრავი პროფესიის ადამიანმა, თვით მეტეოროლოგებმაც კი, ყველამ პირი შეკრა და მისი კარგი მხრიდან წარმოჩენა სურთ.
ოპოზიციური პარტიის - „ტისას“ მომხრეთა უმეტესობა განგებ ჩუმად არიან იმაზე, რომ ამჟამად მათ პარლამენტში არც ერთი დეპუტატი არ ჰყავთ, არც ერთი ადგილი არ აქვთ. იმიტომ, რომ „ტისამ“ უარი განაცხადა ახლახან ჩატარებულ დამატებით არჩევნებში მონაწილეობაზე. მათ მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავთ ევროპარლამენტში, რომლებსაც, სხვათა შორის, პარტიის ლიდერმა პეტერ მადიარმა რატომღაც „უტვინოები“ უწოდა. უცნაურია ნამდვილად.
გამოკითხვამ, რომლის შედეგებმა ბევრი დასავლელი დამკვირვებელი გაახარა, აჩვენა, რომ „ფიდესთან“ შედარებით, „ტისას“ რეიტინგი უფრო მაღალია. ამასთან, საყურადღებო ნიუანსია: გამოკითხვა ჩაატარა კომპანია „მედიანმა“, რომლის მფლობელია ენდრე ხანი. იგი ადრე ამჟამად არარსებული მემარცხენე პარტიის - „თავისუფალი ლიბერალების ალიანსის“ (SZDSZ) წევრი იყო, რომელშიც ყოფილი მაოისტები, ტროცკისტები და კომუნისტების სხვა ნარჩენები შედიოდნენ.
ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიქტორ ორბანი მნიშვნელოვანწილად საკუთარ თავს ებრძვის - მართლაცდა, 16 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად ყოფნა იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ, ალბათ, რაღაც ისეთი გააკეთეთ, რომელმაც ბევრი ამომრჩევლის გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოიწვია. ისე, თვითონ ვიქტორ ორბანმაც აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და რაღაც არასწორი ნაბიჯები გადადგა. ქვეყნის ეკონომიკის არამდგრად და არასტაბილურ მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბოლოსდაბოლოს, ამომრჩეველიც იღლება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთი და იგივე ადამიანის ყოფნით.
პეტერ მადიარის საარჩევნო კამპანია კი მთლიანად არის აგებული ლოზუნგზე - „მე ვიქტორ ორბანი არ ვარ“, თუმცა, ბევრისთვის აშკარაა, რომ „ტისა“ მხოლოდ სახეშეცვლილ „ფიდესს“ წარმოადგენს.
უნგრეთის საარჩევნო სისტემა საკმაოდ რთულია, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ნარევს წარმოადგენს. თქვენ ხმას ორჯერ აძლევთ ანუ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ადგილობრივ კანდიდატს, თქვენს საარჩევნო ოლქში - იმიტომ, რომ მას კარგად იცნობთ და სიმპათიურად ხართ განწყობილი, მაგრამ ასევე, შეგიძლიათ პარტიულ სიაში მხარი სხვა პარტიას დაუჭიროთ. ასეთმა წესმა მოულოდნელ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
პირდაპირ ვთქვათ: ოპოზიციური „ტისას“ გამარჯვება უნგრეთისათვის კატასტროფული ან უფრო „რბილად“ თუ ვიტყვით, უკიდურესად არასასურველი იქნება. პარტიის ლიდერის - პეტერ მადიარის შემდეგ სიაში მეორე, მესამე და მეოთხე პირებად ჩვენ ვხედავთ ოპერის მომღერალს, ზოოპარკის ზედამხედველს და სასტუმროს მენეჯერს. მე შემიძლია დავიჯერო, რომ თითოეული მათგანი შეიძლება კარგი დეპუტატი იყოს თავიანთ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, მაგრამ რადგანაც ისინი პარტიულ სიაში არიან შეტანილნი, ბუნებრივია, პარლამენტში ან მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილნი.
ალბათ, ზოგიერთები იტყვიან - რა მოხდა მერე, ზოოპარკის ზედამხედველობა ან ოპერის დასის წევრობა სათაკილო არ არის და ნამდვილად კარგი ადგილია, სადაც იდეალური, წარმატებული პოლიტიკოსები იზრდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!
ტრამპის პირადი მოძღვარი: "პრეზიდენტს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"
ხშირად არ აქცევენ ყურადღებას იმ რეალობას, რომ ვიქტორ ორბანმა ოპოზიციაში 16 წელი გაატარა და პარტიის ახალი წევრების ტალანტს პირადად ამოწმებდა, პირადად ზრდიდა მათ პოლიტიკოსებად. ის იგივეს აკეთებდა მომდევნო წლების განმავლობაშიც, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მისთვის დიდი გაკვეთილი იყო ის არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბებში სხვადასხვა დროს მოხდა. ვიქტორ ორბანს ბევრი უბედურება მოუტანეს მერყევმა, არაკომპეტენტურმა და არაკეთილსინდისიერმა თანაპარტიელებმა. პეტერ მადიარს კი [რომელიც ადრე „ფიდესის“ წევრი იყო], მხოლოდ ორი წელი ჰქონდა კადრების შესარჩევად (და გადასაბირებლად). საერთოდ, „ტისას“ ხელმძღვანელებში საკმაოდ ბევრ ოდიოზურ პიროვნებას ვხედავთ.
უნგრეთისათვის საუკეთესო შედეგი იქნებოდა „ფიდესის“ მმართველობა მცირე უმრავლესობით (და არა ორი მესამედით), რომლის დროსაც მათი ქედმაღლობა შესუსტდებოდა და სისულელეები შემცირდებოდა, ოპოზიცია კი რეალურ ძალას მოიპოვებდა. ეს ძალიან რთული მისაღწევია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ვიქტორ ორბანი მაინც ისევ გაიმარჯვებს, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე იმარჯვებდა.
ყველაზე მახვილგონივრული და იმავდროულად, პესიმისტური ანალიზი გააკეთა უნგრელმა რეპერმა დოპერმანმა (ლასლო პიტინგერმა): „თუ თქვენ ხმას მისცემთ „ტისას“, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ცხოვრების სასურველი პირობები არ გაქვთ, მაგრამ „ტისას“ გამარჯვების შემდეგ, სამწუხაროდ, ისევ ცუდი ცხოვრება გექნებათ. თუ „ფიდესი“ გაიმარჯვებს, თქვენი ცხოვრება ისევ ცუდი იქნება, მაგრამ იმაზე უფრო ნაკლებად ცუდი, ვიდრე „ტისას“ გამარჯვების პირობებში“.
მოამზადა სიმონ კილაძემ