ბანკების "შავი სია" - საქართველოში 372 477 ადამიანი სესხს ვერ იხდის
საქართველოში ფაქტობრივად, ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო, 2026 წლის მარტის სტატისტიკური მონაცემები.
ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10.1%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მოქალაქეს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 372 477 პირს. ეს კი მაშინ, როდესაც “საქსტატის” ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7068-ით გაიზარდა, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1182 პირით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, თუ „კრედიტინფოს“ 2026 წლის მარტის მონაცემებით, „შავ სიაში“ 372 477 პირი იყო, თებერვლის ბოლოს ეს მაჩვენებელი - 373 659 იყო, ხოლო 2025 წლის მარტის მდგომარეობით იმ პირების რიცხვი, რომელთაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებოდათ კრედიტზე - 365 409-ს შეადგენდა.
ამასთან, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 101 026 - კომერციული ბანკების კლიენტია, 301 330 პირი - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 548 კი - ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია. ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.