"საქართველოს 30% შეიძლება ჩაბნელდეს, რადგან..." - ექსპერტის მძიმე პროგნოზი - კვირის პალიტრა

"საქართველოს 30% შეიძლება ჩაბნელდეს, რადგან..." - ექსპერტის მძიმე პროგნოზი

„თუ ენერგეტიკის განვითარების კუთხით, რადიკალური ნაბიჯები არ გადავდგით, 3-4 წელიწადში ქვეყნის 30% შეიძლება ჩავქრეთ კიდეც," - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ „პალიტრანიუსისა" და რადიო „პალიტრას" გადაცემაში „საქმე" განაცხადა.

მარგებაძემ გადაცემაში ისაუბრა, მთავრობის მიერ ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებულ ამნისტიაზე.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 157 ენერგოკომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმები.

როგორც გიორგი მარგებაძემ აღნიშნა, მთავრობის ეს გადაწყვეტილება, სწორია, რადგან არსებობს ვადაგადაცილებების გარკვეული მიზეზები, რომელიც ინვესტორის ბრალეულობა არ არის.

„არსებობს ვადაგადაცილებული პროექტები, რომელიც კეთილსინდისიერად არის ანუ კეთილსინდისიერი ინვესტორია და ეს ვადაგადაცილება მათი ბრალეულობა არ არის.

"მაინცდამაინც უნდა ჩავქრეთ, საბურავები დავწვათ და გრაფიკით ვიყოთ, რომ მივხვდეთ ჰესების მშენებლობის საჭიროებას" - გიორგი მარგებაძე

მაგალითად, ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი - მიერთება უნდა განგვეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურში, რომელიც დაპირებულ ვადებში არ აშენდა. მართალია, დაიწყო ქვესადგურის მშენებლობა, თუმცა, შემდეგ გაჩერდა გაურკვეველი მიზეზების გამო. ქვესადგურის მშენებლობის შეფერხების გამო კი, ჰესის მშენებლობაც გავაჩერეთ. ეს ხომ ჩვენი ბრალეულობა არ არის?!

გარდა ამისა, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ არის ხანდახან გეოლოგიური პირობები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხი, სხვა გარემო პირობები, რაც ამ ვადაგადაცილებებს იწვევს.

იმის გარკვევაში, თუ ვინ ვის გამო არის დაჯარიმებული, ვის გამოა ვადაგადაცილება,ძ ალიან დიდი დრო წავიდოდა, შეიძლება წლებიც დაგვეკარგა, ორი-სამი წელი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხელისუფლება სწორად მოიქცა, რომ ეს დრო არ დაკარგა, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა იმპორტი ძალიან გაზრდილია.

ჩემი აზრით, თუ ენერგეტიკის განვითარების კუთხით, რადიკალური ნაბიჯები არ გადავდგით, სამ-ოთხ წელიწადში ქვეყნის 30%, შეიძლება ჩავქრეთ კიდეც ანუ უშუქოდ დავრჩეთ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.

ახალი ქსელები ჩვენ არ გვაქვს. არც სომხეთის მიმართულებით აგვიშენებია, არც აზერბაიჯანის მიმართულებით, თურქეთის მიმართულებით ეს ერთი ქსელია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს.

მოხმარება როდესაც იზრდება ყოველწლიურად 4%-ით, ფიზიკურად მეტის შემოტანის საშუალება ამ ქსელს არ ექნება. ან ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ქსელები ჩვენი მეზობლების მიმართულებით, ან უნდა შევქმნათ ადგილობრივი გენერაცია.

მეზობლების მიმართულებით ქსელების მშენებლობა კარგია, მაგრამ შენ თუ აშენებ ამ ქსელებს იმიტომ, რომ იმპორტი გაზარდო და იმპორტზე დამოკიდებული იყო, ეს არის კატასტროფა.

ჩვენ სამწუხაროდ, დიდი წილი დამოკიდებულები ვართ მეზობლებზე, სადაც გაძვირდა ყველაფერი. არ ვიცი, ასე გვინდა ცხოვრება?! სადმე ვიღაცამ ომი დაიწყოს და მაგაზე იყოს ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული, სად რა ტარიფი გაიზრდება და როგორ გაიზრდება... ასე გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება?!"

განაგრძე კითხვა