"მაკრინე ასაკში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში... ადრე არ უნდა გათხოვდე, რომ ამ სიტკბოს ჩაყოლება შეგეძლოს...“ -ბაია დვალიშვილი ცნობილ მშობლებზე, დედობაზე, შვილზე
მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი ანი ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტ-ში საუბრობს ბავშვობაზე, ცნობილ მშობლებზე - მარინე თბილელსა და აკაკი დვალიშვილზე, მათ შვილობაზე და ასევე იმაზე, თავად როგორი დედაა ქალიშვილისთვის, მაკრინესთვის.
- ძალიან ბევრ კარგ, ძალიან ნიჭიერ ხალხში ვიზრდებოდი. მშობლებს კი არ ვგულისხმობ, მათ სამეგობროს, გარემოცვას - მხატვრები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები. ჩვენი სახლი იყო, სადაც ყველაფრის ლაპარაკი შეიძლებოდა, გულის გადაშლა შეიძლებოდა. მამაც ეხმარებოდა, დედაჩემი ძალიან ხელგაშლილი და კისკისა იყო...

დედა მიუხედავად მისი დაკავებულობისა, არ მენატრებოდა იმიტომ, რომ რამდენიც იყო, იმდენი იყო და მართლა იყო, აბსოლუტურად საკმარისი. სხვათა შორის, ჩემს შვილსაც, როცა ვეუბნები, რომ მისი პატარაობისას მართლა უზომოდ დაკავებული ვიყავი, ეს მოგაკელი, ის მოგაკელი... არაფერი არ მომაკელიო, მპასუხობს... იმიტომ, რომ რამდენ ხანსაც ვიყავი, ალბათ ვიყავი ბოლომდე და ბავშვი ამას ხედავს...