"მინდა ნათელი მოვფინო ამ საკითხს და მოგითხროთ ჩემი თვალთახედვიდან დანახული ეს ისტორია" - რას წერს რომან გოცირიძე?
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"მას შემდეგ, რაც სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს შორის დაპირისპირება მოხდა, ბევრი, მათ შორის მიშას მომხრეები კითხულობენ, თუ ასეთი იყო, რატომ დანიშნა მაშინ პრემიერ-მინისტრად. მიშას პასუხი იყო, რომ მის დანიშვნას დაჟინებით მოითხოვდნენ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები. ეს ამბავი, კარგად მოგეხსენებათ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხდებოდა.
მინდა ნათელი მოვფინო ამ საკითხს და მოგითხროთ ჩემი თვალთახედვიდან დანახული ეს ისტორია.
მიშაზე დიდი მორალური ზეწოლა იყო. თავად ძალიან მძიმედ განიცდიდა ზურას სიკვდილს. მე არ შევსწრებივარ, მაგრამ მომისმენია იმ ადამიანებისაგან, ვინც ყოველდღიურ ურთიერთობაში იყო მიშასთან, თუ როგორ თავზარდაცემული იყო და ცხარე ცრემლებით ტიროდა ზურას დაღუპვას.
ჯერ ადამიანი დასაფლავებული არ იყო და გაჩნდა ჭორები, თითქოს გაზისგან კი არ მოიწამლა, არამედ მოკლეს და შემდეგ იმ ბინაში გადაიტანეს. ამ ჭორებს მაშინდელი ოპოზიცია და პატარკაციშვილის მედია ავრცელებდა. შემდეგაც ბევრი სისულელე იწერებოდა და უკვე ივანიშვილის გარემოცვა უწყობდა ხელს მსგავსი ჭორების აგორებას. ისეთი აბსურდული ვერსიებიც კი ვრცელდებოდა, რომ თურმე საფერფლე ჩაარტყა მიშამ თავში და შემოაკვდა. დღეს ზურაბ ჟვანია ამ ადამიანებიდან არავის ახსოვს. ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებდნენ მაშინ, ისევე როგორც ცოცხების დადგმულ სცენებს და ჩვილი ბავშვის, რაფალიანცის სიკვდილს.
მაშინ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მათ შორის ივანიშვილის გარემოცვამაც, სადაც ვასილ მაღლაფერიძეც იგი გადაბარგებული. იგი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი იყო წლების განმავლობაში და ახლა პროპაგანდისტული საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსია. სწორად შეახსენა ნოღაიდელს მიშამ სასამართლოზე, რომ სადაც ზურაბ ჟვანია მოკვდა, ის ბინა ვასილ მაღლაფერიძემ უქირავა. იგი ფარული პოლიტიკური შეხვედრების ადგილი იყო. მაშინ მაღლაფერიძე პარლამენტის წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან", შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.