"მჯერა, რომ სიმართლე მალე გაირკვევა" - მორიგი სკანდალი თურქულ შოუბიზნესში - რატომ აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა სინემ უნსალსა და სხვა ვარსკვლავებს
თურქული კინოსა და მუსიკის ინდუსტრია მასშტაბურმა ნარკოტიკულმა სკანდალმა შეძრა. სტამბოლის ანატოლიის რესპუბლიკური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, პოპულარულ მსახიობებს - სინემ უნსალსა და ახსენ ეროღლუს, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, ბრალი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და შენახვაში ედებათ. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესა.
სპეცოპერაცია და დაკავებების ტალღა
სკანდალი 2026 წლის 11 აპრილს, გამთენიისას დაიწყო, როდესაც სტამბოლის ჟანდარმერიის ნარკოტიკებთან ბრძოლის ქვედანაყოფებმა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს სპეცოპერაცია. პროკურატურამ სულ 14 ცნობილი პირის დაკავების ბრძანება გასცა.
დაკავებულთა და ეჭვმიტანილთა სიაში თურქული ეკრანის ნამდვილი ვარსკვლავები მოხვდნენ:
მსახიობები: ბურაქ დენიზი, ჰაფსანურ სანჯაქთუთანი, ბუშრა პეკინი, სერა ფირინჩი.
მუსიკოსები: რეპერი Norm Ender (ენდერ ეროღლუ), ემრე ფელი, სიმგე საღინი, ემირ ჯან იღრექი, მერტ დემირი.
ასევე ცნობილი შეფ-მზარეული სომერ სივრიოღლუ და ოგუნ ალიბაში.
სინემ უნსალისა და ახსენ ეროღლუს საქმე
სინემ უნსალი, რომელიც ამჟამად სერიალ „შორეული ქალაქის“ (Uzak Şehir) გადაღებებზე მარდინში იმყოფებოდა, სტამბოლში სასწრაფოდ დაბრუნდა ჩვენების მისაცემად. მას ჟანდარმერიაში დაკითხვის გარდა, ჩაუტარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა (სისხლისა და თმის ნიმუშების აღება) და ჩამოერთვა მობილური ტელეფონი დეტალური შემოწმებისთვის. გააგრძელეთ კითხვა