ვერ მოილაპარაკეს - ირანი ტრამპს ჰორმუზის სრუტეს არ უხსნის...
პესიმისტური მოლოდინი გამართლდა-პაკისტანის დედაქალაქში გამართულ 21 სთ-იან მოლაპარაკებებზე აშშ-ისა და ირანის მაღალი დონის დელეგაციებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და უკან, თავის ქვეყნებში გაბრუნდნენ...
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან გამართული მოლაპარაკებები ომის სამუდამოდ დასრულების შესახებ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მისი თქმით, ირანმა არ აიღო ვალდებულება, რომ უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე. კერძოდ, კითხვაზე, რა პირობები უარყო ირანმა მოლაპარაკებების დროს, ჯეი დი ვენსმა განაცხადა: „მარტივი ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება დადებითი ვალდებულება, რომ ისინი არ შეეცდებიან ბირთვული იარაღის შექმნას და არ შეეცდებიან ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს სწრაფად მიაღწიონ ბირთვულ იარაღს. კითხვა ასეთია: ვხედავთ თუ არა, რომ ირანელები იღებენ ფუნდამენტურ ვალდებულებას, არ შეიმუშაონ ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა, არა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს, იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ“, - აღნიშნა ვენსმა.
თავის მხრივ,ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს შეთანხმების მიღწევა ერთ სესიაზე იქნებოდა შესაძლებელი.
"ბუნებრივია, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შეთანხმების მიღწევას ერთ სესიაზე შევძლებდით. არავის ჰქონდა ასეთი მოლოდინი“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაეილ ბაგაიმ.
მისი თქმით, თეირანი დარწმუნებულია, რომ მათსა და პაკისტანს, ასევე რეგიონში „სხვა მეგობრებს შორის“ კონტაქტები გაგრძელდება.
მართალია, ისლამადში გამართული ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა,მაგრამ იმის იმედი მაინც რჩება,რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ორკვირიანი ზავი მაინც შენარჩუნდება ამ თვის ბოლომდე...
თუმცა,დიდი ალბათობით მოსალოდნელია,რომ უკვე 14 აპრილიდან ისრაელი განაგრძობს მასიურ საჰაერო დარტყმებს ლიბანის სამხრეთ ნაწილსა და თავად დედაქალაქ ბეირუთში განთავსებულ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაზე „ჰეზბოლაზე“, რასაც თეირანი შეაფასებს ამ ორკვირიანი ზავის დარღვევად და თავის მხრივ ბალისტიკურ რაკეტებს გაუშვებს ისრაელის ქალაქებისკენ, რასაც მოჰყვება ისრაელის მხრიდან ინტენსიური საჰაერო შეტევების განახლება უშუალოდ ირანის წინააღმდეგ...
და ამ ყველაფრის ფონზე, ჩაკეტილი დარჩება სპარსეთის ყურიდან გამოსასვლელი ჰორმუზის სრუტე, რომლის თვენახევრიანი ბლოკადის გამო მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი საფრთხის წინაშე დგება,რადგან იქმნება ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სერიოზული დეფიციტი მსოფლიო მასშტაბებით...
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისთვის ამ ეტაპზე მთავარ პრობლემას არა ის წარმოადგენს, შექმნის თუ არა წლების შემდეგ ირანი ბირთვულ იარაღს (ისე, აითოლების რეჟიმს ეს მართლაც რომ სდომებოდათ, 2025 წლის ივნისამდე, როდესაც პირველად დაიბომბა მათი ბირთვული ობიექტები, საკმაო დრო ჰქონდათ, რომ 60 %-მდე გამდიდრებული 408,6 კგ ურან-235-ის შემდგომი გამდიდრება გაეგრძელებინა 90-92%-ის მისაღწევად, რაც უკვე გამოსადეგარია კომპაქტური ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად, რომლის განთავსება შეიძლება ბალისტიკური რაკეტის 1-1,5 მ დიამეტრის ცხვირის ნაკვეთურში),არამედ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას ჰორმუზის სრუტე და განახლდეს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნედლი ნავთობისა და დაჭირხნული ბუნებრივი აირის თავისუფალი გამოტანა.
მაგრამ,ირანი ამაზე არ მიდის და არც წავა,რადგან სწორედ ჰორმუზის სრუტის ფაქტორი წარმოადგენს აითოლების რეჟიმის უმთავრეს სავაჭრო ბერკეტს, რომელსაც ამ ეტაპზე,ნებისმიერი ბირთვულ ბომბზე ბევრად მეტი ზემოქმედების ძალა გააჩნია, რომლის საშუალებითაც თეირანი მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს უსერიოზულეს ზეგავლენას...
თუ რამხელა ფინანსური მოგება შეიძლება ნახოს ირანმა ჰორმუზის სრუტის „ნაციონალიზაციითა“ და მისი გავლისთვის გადასახადის დაწესებით,შეგიძლიათ გაეცნოთ "კვირის პალიტრის“ ხვალინდელ,13 აპრილის ნომერში,სტატიაში „ტრამპის პოლიტიკური კრახი, თუკი ჰორმუზის სრუტე სუეცის არხის ბედს გაიზიარებს...“