წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება... - კვირის პალიტრა

წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება...

აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არ არის მხოლოდ კალენდარული დღესასწაული, ეს არის ჟამი, როდესაც დრო და მარადიულობა ერთმანეთს ხვდება, ხოლო ადამიანი საკუთარ თავში ღვთიურ ნაპერწკალს ხელახლა აღმოაჩენს. წელს, "კვირის პალიტრის" სააღდგომო ნომერი განსაკუთრებულ მადლს ატარებს - თითოეული თქვენგანის ოჯახში შემობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატი. ეს არ არის მხოლოდ საჩუქარი; ეს არის კურთხევა, სიმბოლო ჩვენი ერისა და ეკლესიის ერთიანობისა.

წელს ჩვენს ქვეყანაში აღდგომას სხვანაირი დუმილით ვხვდებით. პირველად ათწლეულების განმავლობაში, ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, ფიზიკური თანამყოფობის გარეშე გაუთენდა ერს. აღარ გაისმა მისი ხმა სააღდგომო ეპისტოლეში, მაგრამ მისი ლოცვა და მადლი კვლავაც ჩვენთანაა.

ამ უჩვეულო დუმილში უფრო მკაფიოდ ისმის მისი დანატოვარი სულიერი სიტყვა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ერის მამოძრავებელ ძალად იქცა. მწყემსმა კეთილმა დაგვიტოვა არა მხოლოდ სულიერი დარიგებები, არამედ საკუთარი სულის ნაწილი, რომელიც მის მრავალმხრივ შემოქმედებაშია განხორციელებული.

ილია II-ის ფენომენი ქართულ კულტურაში მხოლოდ საეკლესიო მოღვაწეობით არ შემოიფარგლება. ის იყო ხელოვანი სული, რომელიც მუსიკით, პოეზიითა და ხატწერით ცდილობდა ღვთიური სამყაროს ჩვენამდე მოტანას. მისი ხატწერის სტილი არ ჰგავს არც ერთ სხვას. მასში იგრძნობა ბიზანტიური მკაცრი კანონიკისა და ქართული ფაქიზი სულის შერწყმა.

მხატვარი პატრიარქი - უნიკალური მოვლენა ეკლესიის ისტორიაში

ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდა, სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არ არის. ეს ფენომენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ ბუნებას - ის იყო არა მხოლოდ სულიერი მამა, არამედ შემოქმედი, რომელიც ღვთიურ ნათელს ფერებში აქსოვდა.

მისი უწმინდესობა ოცამდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია. პატრიარქის ფუნჯს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა: "ჩვენთან არს ღმერთი", "მაცხოვარი", "ძველთა დღეთა", "ღვთისმშობელი ოდიგიტრია", "მთავარანგელოზები", "წმინდა დავით წინასწარმეტყველი" და "ღვთივდაცული საქართველო". განსაკუთრებული სიყვარულით აქვს დაწერილი წმინდა მეფეების - დავითის, სოლომონის, ვახტანგისა და თამარის ხატები, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე ვარიანტადაც შეიქმნა.

პატრიარქის ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. თუმცა მისი შემოქმედება ფრესკებსაც მოიცავს: "ღვთივდაცული საქართველო" ძველ საპატრიარქო რეზიდენციას ამკობს, ხოლო წმინდა მეფე თამარის გამოსახულება დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, იგი სამების ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის ესკიზისა და შიოლა ღუდუშაურის სკულპტურული პორტრეტის ავტორიცაა. ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც პატრიარქის თითქმის ყველა ხატში ვლინდება, წმინდა სახეთა განსაკუთრებით ბრძნული, არაამქვეყნიური სიმშვიდეა. თუმცა მეფეთა გამოსახულებებში ერსა და ქვეყანაზე ფიქრი და დარდიც საგრძნობია. პატრიარქის ხატები გამოირჩევა შინაგანი გამომსახველობის სიძლიერითა და მაღალოსტატური მანერით.

წმინდა სამების ხატის საიდუმლო და სიმბოლიკა

იმ ხატთაგან, რომელიც უწმინდესმა შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ "ყოვლადწმინდა სამებაა", რომლის ასლიც დღეს თქვენს ხელთაა. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. მასში იკითხება შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა - ანგელოზთა ფიგურების წყობაში, მათ პოზებსა და ფაქიზ გამომეტყველებაში. ხატის კომპოზიცია დაფუძნებულია წრეზე, რომელიც უსასრულობისა და მარადისობის სიმბოლოა.­ პატრიარქის ხატში თვალნათლივაა წარმოჩენილი ყოვლადწმინდა სამების მარადიული ზეობა. ამ წრეს ფონად სწორკუთ­ხედი აქვს, რაც მიგვანიშნებს სამების ძალისა და მადლის ქვეყნიერების ოთხკუთხივ გავრცელებაზე... სიმბოლურია ხატის ფერადოვანებაც. მასში ჭარბობს: \ოქროსფერი, ძოწისფერი და წითელი - გადმოსცემს სამოთხის უნივთო და უქრობ ბრწყინვალებას, უფლის მეორედ მოსვლასა და ხსნის დოგმატს; ლურჯი და მწვანე - ზეციურობისა და სულიწმინდის ცხოველსმყოფელი ძალის სიმბოლოები. ხატის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება­­ მაღალოსტატური მანერაა - მოქნილი კონტური, სახეებზე შუქჩრდილის ფაქიზი მოდელირება და ფერების ჰარმონიული შეხამება. ამ თვისებების გამო, პატრიარქის ეს ქმნილება თანამედროვე საეკლესიო მხატვართათვის მისაბაძ ნიმუშად იქცა.

patriarqis-xati-13x13-2-2-2-2-mm-1776002070.jpg

სამება და საქართველო

ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში, ქართველი ერი სამებას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. ჩვენი ქვეყნის არაერთი უმთავრესი ტაძარი სწორედ სამების სახელზეა აგებული. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

გერგეტის სამება (XIV ს.): ხევში, ცასა და მიწას შორის აღმართული დიდებული ტაძარი, სადაც მტრის შემოსევებისას უმთავრესი სიწმინდეები ინახებოდა.

ზედაზნის მონასტერი (VI-VIII სს.): მცხეთის სიახლოვეს, სადაც ასურელმა მამამ, იოანე ზედაზნელმა დააარსა სავანე. აქაური მთავარი ტაძრის სამხრეთი ნავი სწორედ წმინდა სამების სახელზეა ნაკურთხი და იქ განისვენებს თავად წმინდა იოანე.

ერუშეთის წმინდა სამება (IV ს.): ისტორიულ მესხეთში არსებული ეს სალოცავი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის ერთიანობის სიმბოლოა. მემატიანის ცნობით, წმინდა ნინოსა და მეფე მირიანის ეპოქაში, ბიზანტიიდან უფლის სიწმინდეების (სამსჭვალნი და ფერხთა ფიცარი) ჩამოსვენებისთანავე, სწორედ ერუშეთში ჩაეყარა საფუძველი სამების სახელობის ტაძარს. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ სამების თაყვანისცემა ჩვენი ერის სულიერ გენეტიკაში ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი: ილია II-ის ცხოვრების მთავარი გვირგვინი, რომელიც 70-წლიანი ათეიზმის შემდეგ ერის სულიერი აღორძინების სიმბოლოდ იქცა.

სამების დოგმატი: გონების მიუწვდომელი სიყვარული

ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტი წმინდა სამების აღიარებაა. ჩვენი გონება ხშირად ცდილობს ლოგიკურ ჩარჩოებში მოაქციოს ის, რაც ბუნებით ზეაღმატებულია. როგორ შეიძლება იყოს ღმერთი ერთი და, ამავდროულად, სამი პირი (ჰიპოსტასი)?

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სამება არ არის მათემატიკური განტოლება, ის სიყვარულის ერთობაა. მამა, ძე და სულიწმინდა - განუყოფელნი და შეურეველნი. როგორც მზის დისკო, მისგან გამომავალი სხივი და სითბო წარმოადგენენ ერთ მზეს, ისე სამება არის ერთი არსება.

მამა - დასაბამი და მიზეზი;

ძე - შობილი მამისაგან, განკაცებული სიტყვა;

სულიწმინდა - მამისაგან გამომავალი, ცხოველსმყოფელი ძალა.

ამ ერთობის არსი არის თავგანწირვა. მამა გასცემს ყველაფერს ძისათვის, ძე ყველაფერს მიაგებს მამას, ხოლო სულიწმინდა ამ სიყვარულს მთელ სამყაროზე განჰფენს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ სამების ხატის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვდგავართ აბსოლუტური, უანგარო სიყვარულის წინაშე.

რატომ არის სამება ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?

სამება არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვაობა ერთ მთლიანობაში ჰარმონიულად არსებობდეს. ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დაქსაქსულ საზოგადოებას. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენშიც არის სამებისეული ბუნება - გონება, სიტყვა და სული. აღდგომა არის გამარჯვება სიძულვილზე, შიშსა და სიკვდილზე. წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება. როგორც პატრიარქი ხშირად ბრძანებს თავის ქადაგებებში: "ძალა ერთობაშია, ერთობა კი მხოლოდ სიყვარულშია".

როგორ შევხვდეთ სააღდგომო საჩუქარს?

როდესაც კონვერტს გახსნით და პატრიარქის მიერ დაწერილ ხატს იხილავთ, ნუ მიუდგებით მას, როგორც უბრალო დანართს. მოძებნეთ თქვენს სახლში შესაფერისი ადგილი - სალოცავი კუთხე, სადაც ხატი დაიდებს ბინას. ამ ხატის წინაშე დაანთეთ სანთელი და ოჯახთან ერთად შესწირეთ მადლობა უფალს. აუხსენით შვილებს ამ ხატის ისტორია - ვინ დაწერა და რა დატვირთვა აქვს მას ჩვენი ერისთვის.

ყველას გვახსოვს, როგორ ლოცავდა პატრიარქი ერს გადაჯვარედინებული სანთლებით - დიკირითა და ტრიკირით. ტრიკირი სწორედ წმინდა სამებას განასახიერებს. როდესაც ის ამ სანთლებს ოთხივე მხარეს ჯვრის ფორმით აღმართავდა, ეს ნიშნავდა, რომ სამების მადლი მთელ ქვეყანას ეფინებოდა. დღეს, როდესაც მისი ხელით აღმართული სანთლები ფიზიკურად აღარ ანათებს ტაძარს, ჩვენს ხელთაა მისი დაწერილი სამების ხატი. ის არის იმავე ნათლის მატარებელი.

ძვირფასო მკითხველო, ამ სააღდგომო დღეებში, როდესაც ხატს თქვენს სახლებში დააბრძანებთ, გახსოვდეთ: პატრიარქი ილია II ახლა ზეციურ საქართველოში, წმინდა სამების წინაშე ლოცულობს ჩვენთვის. დაე, ამ ხატის მადლმა გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

თამარ მამაცაშვილი