ილია II: „წმინდა სამებამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო“
სევდიანი აღდგომა გაუთენდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველანაირ სევდასა და დარდზე გამარჯვების დღეა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე მეტი სიყვარულით, მიმტევებლობით, რწმენით, როგორც გვასწავლიდა ეპოქალური პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია IIII. "კვირის პალიტრა" გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მრავალი წელია, "კვირის პალიტრის" მკითხველი ბრწყინვალე ორშაბათს, გაზეთის ახალ ნომერთან ერთად, სააღდგომო საჩუქარს იღებს: ხატსა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარ სანთელს. ტრადიცია წელსაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მარადიულ ცეცხლზე¬თავმომწვარი სანთლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIII-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მონასტერი სწორედ იმ ეზოშია, სადაც ილია II ყმაწვილობაში ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს.
ამჯერად "კვირის პალიტრის" მკითხველთა ოჯახებში შემობრძანდება პატრიარქის დაწერილი ხატი "ყოვლადწმინდა სამება", რომელიც წელს მორწმუნეთათვის განსაკუთრებით ძვირფასი და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი გახდება.
ყოვლადწმინდა სამება საქართველოს ეკლესიის ერთგვარი სიმბოლოდ ქცეული ხატია, რომელიც ორიგინალური იკონოგრაფიით ხასიათდება და ყოვლადწმინდა სამების მანამდე არსებულ ხატებს შორის სრულიად გამორჩეულია. ხატი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის და სწორედ იქ არის დაბრძანებული.
პატრიარქი ილია II „ყოვლადწმინდა სამების ხატის მნიშვნელობაზე ბრძანებდა: "ხშირად ჰგონიათ, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც შუაში ზის, არის მამა ღმერთი. სინამდვილეში, მამა ღმერთი არის მარცხენა მხარეს მჯდომი ანგელოზი, რომელიც მაგიდას უყურებს, შუაში გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარჯვენა მხარეს - სულიწმინდა. უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა შესცქერიან მამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ. ასევე უნდა იცოდეთ, რომ წმინდა სამება არის შემოქმედი, მფარველი და გამგებელი მთელი მსოფლიოსი, ცისა და ქვეყნისა, ყოველი დაბადებულისა. ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე წლის წინ, რომ უნდა აგვეშენებინა წმინდა სამების ტაძარი და ღვთის მადლით, ის გახდა ჩვენი ხელთუქმნელი ხატი!
წმინდა სამებამ დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
წმინდა სამებამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან!
წმინდა სამებამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ჩვენი ეკლესია და მთელი მსოფლიო!
დალოცვილი და გახარებული იყავით!"
სანთლებიც და ხატებიც სტამბა "ფავორიტში" ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა: „
- ქრისტეს აღდგომის დღესასწაული არის მთავარი დღესასწაული, რომელიც ქრისტიანისთვის, ყოველი მართლმორწმუნესთვის არის ცენტრი, როგორც საეკლესიო ახალი წლისა, ისე დასაწყისი ახალი ცხოვრებისა. აღდგომის მთავარი საგალობელი - ყველამ კარგად იცის - არის საგალობელი, როდესაც ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვუგალობთ, რომ ის არის სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველი ანუ მთავარი მტერი, კვდომა, სიცოცხლის საწინააღმდეგო, ნადგურდება უფალი იესო ქრისტეს აღდგომით და ამიტომაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ყოველ აღდგომას კვლავაც გვაქვს საშუალება მივულოცოთ ერთმანეთს, მივულოცოთ ჩვენს გარდაცვლილ ადამიანებს და დავლოცოთ ჩვენი ქვეყნის მომავალიც. ვისურვოთ გამარჯვება, ღვთისნიერება და ის ერთობა, რომლისთვისაც თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა ჩვენთან, გაეკრა ჯვარზე და აღდგა. ყოველი განსაცდელის, ყოველი გოლგოთის მერე, აუცილებლად მოდის აღდგომა, როდესაც ადამიანი არის ღმერთის მხარეს, ღმერთი კი ყოველთვის ჩვენს მხარესაა. ამიტომაც ვეცადოთ, რომ გვქონდეს დიდი ერთობა და ბედნიერად, საერთო ზეიმით, საერთო სიხარულით შევეგებოთ ყოველთვის სიცოცხლის გამარჯვების, სიკვდილის დათრგუნვის და მომავალი ცხოვრების მთავარ იმედსა და მთავარ სიხარულს - აღდგომის დღესასწაულს.
თქვენს გაზეთს“წლების განმავლობაში აქვს ტრადიცია, რომელიც თავის დროზე უწმინდესის მიერ იქნა ინიცირებული და„"კვირის პალიტრის" ხელშეწყობით ათწლეულებია ხორციელდება.
ჩვენს ერთგულ მკითხველებს ეძლევათ საშუალება სააღდგომო საჩუქრად მიიღონ აღდგომის ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები და ხატი. წლევანდელი საჩუქარი იქნება "ყოვლადწმინდა სამების ხატი", რომელიც თბილისის სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და რომლის ავტორი თავად ჩვენი პატრიარქი ილია მეორეა. ეს ხატი არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ცნობილი ხატი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწინვალე დიდებულ დღესასწაულს, ვუსურვებ სულიერ და ხორციელ სიჯანსაღეს, აღდგომას და გამარჯვებას. ბევრი სიხარული ჩვენს ქვეყანას და მთელ საქრისტიანოს!“