"არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს“ - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო?!
რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამის შესახებ პოლიტიკური ინიციატივის "ჯერ საქართველო" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება.
- დღეს მოწმენი გავხდით იმის, რომ ქვეყანამ, როგორც აქტორმა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაშიც მიზნობრიობა და ფუნქცია დაკარგა. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მოხდა.
ხელისუფლებას გაუჩნდა ინტერესთა კონფლიქტი ორ ამოცანას შორის: ერთი - ძალაუფლების შენარჩუნება და მეორე - ქვეყნის განვითარება. ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანამ იმდენად დაჯაბნა სახელმწიფოებრივი განვითარების მიზანი, რომ საბოლოოდ ეს წინააღმდეგობა იქცა მდგომარეობად, როდესაც ვიწროპარტიულმა და ჯგუფურმა ინტერესებმა დაიქვემდებარა სახელმწიფოს განვითარების საკითხი. დღეს იმ ზღვარზე ვართ, როდესაც, თუ ამ პროცესს დროულად არ ეშველა, შესაძლოა შემდეგ უკვე გამოსავალიც აღარ დარჩეს.
- გამორიცხავთ, რომ ეს მოცემულობა საგარეო ზეწოლით იყოს განპირობებული?
- ჩემი აზრით, ორივე ფაქტორმა იმუშავა. საგარეო ასპარეზზე ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა უკიდურესად რთული საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც გამოირჩევა არასტაბილურობით. საერთაშორისო გარემო ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადია. ეს განსაკუთრებით ითქმის "კოლექტიურ დასავლეთზე", რომლის მოქმედების ლოგიკა ცოტა ბუნდოვანია. ბუნდოვანია "კოლექტიური დასავლეთის" მთავარი აქტორის, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ინსტიტუტების დასუსტებასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მივიჩნევ იმას, რომ ქართველ საზოგადოებაში გაიზარდა უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია, თუმცა ეს ვერ მოხდება მხოლოდ სხვის იმედად ყოფნით - ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. გონებრივი სიზარმაცე, განზე გადგომა და მხოლოდ შემფასებლის როლში ყოფნა ამ პროცესს ვერ უშველის. ამიტომ, უიმედობასთან ერთად, ერთგვარ სიზარმაცესაც დავასახელებდი, რაც შეიძლება მკაცრი შეფასებაა, თუმცა მიანიშნებს, რომ მიუხედავად საბჭოთა წარსულიდან მოყოლებული მრავალი აღმასვლისა და დაღმასვლისა, როგორც ჩანს, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოვაღწიეთ. თითქოს კომფორტსაც კი ვპოულობთ ამ მდგომარეობაში, პირადი სარგებლისა და კომფორტის ზონის გახანგრძლივების მცდელობაში. სწორედ ამ განწყობას ძალიან კარგად მოარგო საკუთარი პოლიტიკა "ქართულმა ოცნებამ".
- ოპოზიცია გამოსავლად რეჟიმის მშვიდობიან დემონტაჟს მიიჩნევს. თქვენ რას ფიქრობთ?
- უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლების დემონტაჟი და ახალი სისტემის აგება შესაძლებელია მხოლოდ რეალური არჩევნების გზით. რამდენად შინაარსდაცლილი მოწოდებაც არ უნდა იყოს ეს დღეს, სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ჩვენი არცთუ საამაყო ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანა შედის სამოქალაქო დაპირისპირების ან კონფლიქტის ფაზაში, იქიდან გამოსვლა მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, დროს და მძიმე მსხვერპლს როგორც ემოციურს, ასევე მორალურს. ამიტომ მიჭირს განსაკუთრებული "რეცეპტის" შეთავაზება, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, ეს კი, მათ შორის უნდა გამოიხატოს ნორმალურ არჩევნებში.
- მას შემდეგ, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესების შესაძლო ცვლილებების შესახებ. თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- ის განცხადებები, რაც რუბიოს ზარს მოჰყვა, ღრმა ანალიზის საფუძველს დიდად არ იძლევა. თუმცა ერთი საკითხი მაწუხებს: ხომ არ მიმდინარეობს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გარკვეულ ვალდებულებებსა თუ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და ამ კონტექსტში ხომ არ დააყენებენ უკანა პლანზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ იმ საბაზისო საკითხებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვაღელვებს? ჩემი აზრით, არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს - ამას კითხვის ფორმას ვაძლევ, რადგან მკაფიო პასუხი არა მაქვს ინფორმაციის სიმწირის გამო. თუ ხელისუფლება საუბრობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის "გადატვირთვაზე", მაშინ, პირველ რიგში, ან სულ მცირე პარალელურად, უნდა ფიქრობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის გადატვირთვაზეც. მოქალაქეებისგან მოწყვეტილი ხელისუფლება ვერ შეძლებს ვერც სისტემურ და ვერც შინაარსობრივ გადატვირთვას საერთაშორისო დონეზე.
ხათუნა ბახტურიძე