„ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ რუბიომ კობახიძეს „ყური აუწია“ - კვირის პალიტრა

„ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ რუბიომ კობახიძეს „ყური აუწია“

რამდენად სწორია დღეს დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ოპოზიციისთვის დასავლეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი ღერძია და ამიტომაც მუდმივად დღის წესრიგშია. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მსგავსი დისკუსია მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, სადაც ხშირად სვამენ კითხვას, ერევა თუ არა დასავლეთი, კონკრეტულად კი ევროკავშირი, ამ ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ჩვენც გვახსოვს მითითებები როგორც ევროკავშირიდან, ასევე ვაშინგტონიდან, რომ საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი­ უნდა გაეხსნა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ საქართველოც უნდა ჩართულიყო ომში... ზელენსკის სერიოზული ავტორიტეტი აქვს ევროპაში, და როდესაც საჯაროდ ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში, ეს მხოლოდ ემოციური განცხადება არ არის, ეს არის პოლიტიკური და, გარკვეულწილად, სამხედრო გათვლაც, რაც დამატებითი ფრონტის გახსნას გულისხმობს უკრაინისთვის ხელსაყრელ პირობებში. ამაში განსაკუთრებული ან დაუჯერებელი არაფერია, მაგრამ პრობლემა იწყება იქ, სადაც საქართველო ამ სცენარზე უარს ამბობს! ამ მომენტიდან ჩნდება დასავლეთში ეჭვი საქართველოს პროგნოზირებადობაზე. ამის შემდეგ კი ურთიერთობაში ჩნდება დაძაბულობა და ხშირდება ცდები შეცვალონ ხელისუფლება.

- მარკო რუბიოს პრემიერთან სატელეფონო ზარზე თქვენი ვერსია როგორია?

- ვიდრე მათ შორის ეს საუბარი გაიმართებოდა, ამერიკელები ანაკლიის პროექტით დაინტერესდნენ, ვფიქრობ, რუბიოს ზარიც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ეს უფრო იმ პროცესის ნაწილია, სადაც "ქართული ოცნება" ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას ამერიკელებთან, მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩართვით. ჩემი ვერსიით, საუბარი არ ეხებოდა არც ირანის თემას და არც "ქართული ოცნების" დასჯის სურვილს. ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ რუბიომ კობახიძეს "ყური აუწია".

- მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ამერიკელებთან ურთიერთობის გადატვირთვისა და იმ ნაბიჯებისთვის, რაც ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ფორმატის აღდგენას შეუწყობს ხელს. პარალელურად ხაზგასმულია, რომ საქართველოს ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობა არ იქნება. რა მოთხოვნები ან პირობები შეიძლება ჰქონდეთ ამერიკელებს, რომელზე წასვლაც ეროვნული ინტერესების დაზიანებად აღიქმება?

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ისეთ საკითხზე, რაც საქართველოს ომში ჩართვის თემას უკავშირდებოდა. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ დღეს აქტუალურია ირანთან კონფლიქტი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ლიდერები მიანიშნებენ, რომ თუ პარტნიორებისგან იქნება მოთხოვნა, რომელიც ირანთან კონფლიქტში ჩართულობას გულისხმობს, საქართველო ასეთ ნაბიჯზე არ წავა.

ხათუნა ბახტურიძე