"საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“ - კვირის პალიტრა

"საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული“

"თავს ნუ მოვიტყუებთ, ივანიშვილის შესაძლებლობებს ძალიან ნუ გადავაჭარბებთ", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი და მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიტიკური რეალობის ანალიზი ხშირად გადაჭარბებულ პერსონიფიკაციაზეა დაფუძნებული, რაც პროცესების რეალურ სურათს ამახინჯებს...

- უცნაურია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი თბილისში ამერიკული მხარის გააქტიურებად იქნა აღქმული. რეალურად ახალი არაფერი მომხდარა და პროცესის შინაარსობრივი ცვლილება არ იკითხება. ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ის პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირებული ხედვა არსებობდა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან ეტაპობრივად უნდა იქნეს განდევნილი იმ ლოგიკით, რომ თუ რუსეთს რაიმე ბერკეტს უტოვებ, მას აშშ-ის წინააღმდეგ იყენებს. ამავე ხედვის ფორმირებაში ბრიტანული პოლიტიკური წრეებიც მონაწილეობდნენ, რაც ამ გადაწყვეტილებას უფრო ფართო ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკურ ხაზად აყალიბებდა და ის კულუარულადაც გადაეცემოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს. ის, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ამ მოცემულობას სრულფასოვნად ვერ აღიქვამს, მის შესაძლებლობათა დეფიციტზე მიუთითებს. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, მზად არის მიჰყვეს აშშ-ის პოლიტიკურ ნებას, თუმცა არა როგორც ინიციატორი, არამედ როგორც რეაქტიული მოთამაშე, რაც საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი შესაძლებლობების დონესაც ასახავს - ქვეყანა ვერ ყალიბდება პოლიტიკური პროცესების ინიციატორად, რადგან ასეთ პოზიციას მაღალი რისკები ახლავს, არა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში, არამედ მთლიანად რეგიონული გეოპოლიტიკური გადანაწილების პირობებში. ხელისუფლება ცდილობს დომინანტური პოლიტიკური ტენდენციების მხარდაჭერას, თუმცა პარალელურად დროთა განმავლობაში იკვეთება წინააღმდეგობრივი სიგნალები საჯარო და კულუარულ პოლიტიკაში:

ერთი მხრივ, აქტიურდება ნეიტრალიტეტის იდეა და მისი გამაძლიერებელი რიტორიკა, მათ შორის სოციალურ ქსელებში მოქმედი მხარდამჭერი ჯგუფების მონაწილეობით, მეორე მხრივ კი საჯაროდ კვლავ ფიქსირდება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოთხოვნა. ეს ორი მიმართულება შინაარსობრივად შეუთავსებელია, რადგან თუ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, ნეიტრალიტეტის პარალელური პოლიტიკური ხაზი ლოგიკურად ვერ იარსებებს. ამგვარად, ეს ორმაგი სიგნალი შეიძლება ტაქტიკურად მომგებიანი იყოს ივანიშვილისთვის: ერთი მიმართულებით კულუარულად ინარჩუნებს რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკურ მოცემულობას, ხოლო მეორე მიმართულებით აშშ-თან ურთიერთობაში იყენებს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს როგორც ზეწოლის მართვის ინსტრუმენტს. საბოლოოდ კი პროცესის დინამიკა იმ მხარეს გადაიხრება, სადაც უფრო მეტი პოლიტიკური ზეწოლა და გეოპოლიტიკური წონა იქნება, რაც დღევანდელი რეალობის ძირითად ლოგიკას განსაზღვრავს...

საქართველოში რუსულ გავლენაზე საუბარი ხშირად უფრო პოლიტიკურ სიგნალებსა და აღქმებს უკავშირდება, მათ შორის ხელისუფლების ფრთხილ პოლიტიკას და დასავლეთთან ურთიერთობის მუდმივ ბალანსირებას. ამ ხედვით ივანიშვილის ქმედებები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც პოლიტიკური მანევრი, სადაც გარკვეული "იმიტაციური" სიგნალები გამოიყენება დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-თან, სივრცის დასატოვებლად იმ ლოგიკით, რომ რეალური ნაბიჯები მხოლოდ მაშინ გადაიდგმება, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეთავაზება გაჩნდება.

რაც შეეხება ფართო გეოპოლიტიკურ არქიტექტურას, არსებობს ხედვა, რომ რეგიონული ბალანსები, მათ შორის საქართველოს მომავალი, ნაწილობრივ ევროპის პოლიტიკურ ცენტრშიც ყალიბდება, მათ შორის ბუდაპეშტშიც. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უკვე იკვეთება აშშ-ისა და ევროპული ელიტების ურთიერთქმედებაში ვიქტორ ორბანის მიმართ პოზიციონირების გამკაცრება. ამ პროცესებში აქტიურ როლს ასრულებს გერმანული პოლიტიკური და ფინანსური წრეების ნაწილი, ისევე როგორც ჩრდილოეთ ევროპის ელიტების პოზიციები. ამ კონტექსტში უნგრეთი განიხილება როგორც ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბასტიონი ევროპაში, სადაც რუსეთის გავლენის საკითხი კვლავ აქტუალურია. მისი შესუსტება, ამ ლოგიკით, ნიშნავს რეგიონში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო შევიწროებას, ხოლო საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

- მაშინ როგორ განმარტავთ იმ ფაქტს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი­ ბუდაპეშტში ერჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდა და ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა?

- ეს, ფაქტობრივად, ჯეი დი ვენსისთვის პოლიტიკურ ხაფანგს ჰგავდა. როგორც ვიცი, მას ძალიანაც არ სურდა ბუდაპეშტში ჩასვლა, მაგრამ... არ მინდა დავასახელო ის ძალები ამერიკის ადმინისტრაციაში, რომლებიც მასთან დაპირისპირებულ ფლანგს წარმოადგენენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური პოზიციის შესუსტებას ემსახურება. ასეთ ნაბიჯებს სერიოზული გავლენა ექნება იზოლაციონისტურ ფრთაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა პრაიმერებზე გავლენა გადამწყვეტია. ფაქტობრივად, ვენსი პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქციეს. ორბანის თემაც შეიძლება ამ კონტექსტზე იყოს მიბმული, როგორც სურათის ნაწილი, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური დაძაბულობისა და კრიზისის განცდის შექმნა, სადაც დემოკრატიული პროცესის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება...

- რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ რუბიოს ზარის შემდეგ?

- არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ეტაპზე ამერიკისთვის უფრო აქტუალური გახდეს საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურისა და წარმომადგენლობის გაძლიერება. ბოლო პერიოდში რუსეთს უკრაინის ფრონტზე ისეთი პრობლემები შეექმნა, თუ ამერიკასთან კულუარული შეთანხმების ფარგლებში ვერ მიიღო დამატებითი ფინანსური კომპენსაცია სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ, რთული სათქმელია, როგორი იქნება მისი სამხედრო-პოლიტიკური პერსპექტივა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამ ვითარებაში იკვეთება, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენას სულ უფრო მეტად განიხილავს როგორც ვაჭრობისა და პოლიტიკური გარიგებების საგანს. ამ კონტექსტში საქართველოც განიხილება როგორც ერთ-ერთი მიმართულება, სადაც გავლენების გადანაწილება და ბერკეტების გაცვლა შესაძლებელია. ასეთ გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში გადამწყვეტია, ვინ მიიღებს საბოლოო სარგებელს. სასურველი იქნებოდა, რომ რუსეთის გავლენების შემცირება და გადაფასება საქართველოს ინტერესებში კონვერტირებულიყო, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ეს პროცესები საქართველოსთვის დამატებით სარგებლად არ იქცეს. სწორედ აქ იკვეთება მთავარი გამოწვევა, არა მხოლოდ რუსეთის გავლენის შემცირება, არამედ ისიც, რომ რეგიონში მიმდინარე ძალთა გადანაწილების პროცესში საქართველო შესაძლოა ვერ იღებდეს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ასეთ გარდაქმნებს ჩვეულებრივ თან სდევს, განსხვავებით ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისგან.

ხათუნა ბახტურიძე