ტრამპის "ეგზისტენციალური დიპლომატია" და ირანული ზავის ფასი
მას შემდეგ, რაც ტრამპმა ირანის "ცივილიზაციის განადგურებით" დაიმუქრა, თეირანმა და თეთრმა სახლმა მოულოდნელად ორკვირიან დროებით ზავს მოაწერეს ხელი. ცხადია, ზავი არ არის მხოლოდ სამხედრო პაუზა, ეს არის კლასიკური ე.წ. ზღვარზე თამაშის მაგალითი, სადაც ფსონები მაქსიმალურ ნიშნულზეა დადებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის სტილი ყოველთვის ეფუძნება არაპროგნოზირებადობას, ცივილიზაციის განადგურების მისი მუქარაც ირანის პოლიტიკური ელიტის შოკში ჩაგდებას და მათი რაციონალური გათვლების პარალიზებას ისახავდა მიზნად. ძნელი სათქმელია, ტრამპს ეს რამდენად გამოუვიდა, მაგრამ ფაქტია, ზავი დაიდო და ამით ბევრმა ამოისუნთქა, თუმცა დიპლომატიურ კულუარებში მას "ნაღმზე შეჩერებულ ნაბიჯს" უწოდებენ.
გასაგებია, რომ ამ მოკლე პერიოდს ორივე მხარე თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს - ვაშინგტონისთვის ეს არის შანსი, აჩვენოს მოკავშირეებს, რომ მზად არის დიპლომატიისთვის, თუმცა მხოლოდ "ძალის პოზიციიდან", თეირანისთვის კი ეს არის ამოსუნთქვის საშუალება, რათა შეაფასოს შიდაეკონომიკური რესურსები და გადააჯგუფოს რეგიონული პროქსიძალები.
ზავის შესრულების მოლოდინი უკიდურესად სუსტია. მთავარი გამოწვევა ე.წ. სპოილერი აქტორები არიან, რომელთაც სტაბილურობა არ აწყობთ - ერთი მხრივ, არის ისრაელის უსაფრთხოების წითელი ხაზები, მეორე მხრივ, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რადიკალური ფრთა. ამიტომაც ნებისმიერმა პროვოკაციამ შესაძლოა დომინოს პრინციპით დაშალოს შეთანხმება. თუ ორკვირიანმა დიალოგმა წარმოშვა ახალი შეთანხმების ჩონჩხი, რომელიც ირანის ბირთვულ ამბიციებთან ერთად მის სარაკეტო პროგრამასაც შეეხება, ცხადია, ვიხილავთ სანქციების ეტაპობრივ მოხსნასაც. თუმცა ამას სჭირდება თეირანის "სტრატეგიული უკან დახევა" გადარჩენის სანაცვლოდ და ამ შემთხვევაში საკითხავია, არის თუ არა ირანი იმ მდგომარეობაში, რომ ამ სცენარზე წავიდეს?
მეორე სცენარია პერმანენტული ესკალაცია, რომელიც ყველაზე რეალისტურად მიიჩნევა და გულისხმობს, რომ ზავი იწურება ყოველგვარი შედეგის გარეშე, ეს კი ნიშნავს, მხარეები პირვანდელ პოზიციებზე უფრო მეტი აგრესიით დაბრუნდებიან - გაგრძელდება ეკონომიკური ომი, კიბერშეტევები და ლოკალური შეტაკებები მესამე ქვეყნებში, რაც რეგიონს მუდმივ შიშში ამყოფებს.
გარდა ამისა, არსებობს პროცესების განვითარების კიდევ ერთი სცენარი, როდესაც ზავის პერიოდში ნებისმიერი შეცდომა, იქნება ამერიკული ხომალდისთვის გზის გადაჭრა თუ შემთხვევითი გასროლა, სრულმასშტაბიანი დარტყმის საბაბი გახდება.
იყო თუ არა ტრამპის მუქარა ბლეფი უკეთესი პირობების მისაღებად, თუ მსოფლიო მართლაც დგას გლობალური კონფლიქტის ზღურბლზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.
- რა მიზანი ჰქონდა ტრამპსა და ამერიკის ადმინისტრაციას ამ ომში, ბოლომდე ვერავინ გაიგო. მათი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო - ხან რეჟიმის ცვლილებაზე საუბრობდნენ, ხან ირანის ატომური პროგრამის ისეთ განადგურებაზე, რომ მას ვეღარასდროს დაჰბრუნებოდნენ. განიხილებოდა ბალისტიკური რაკეტების არსენალისა და სამხედრო პოტენციალის მოსპობაც, უფრო მაქსიმალისტური მიზანი კი ირანის, როგორც რეგიონული მეტოქის, საბოლოო განადგურება იყო. იმდენად ურთიერთგამომრიცხავ გეგმებს ასახელებდნენ, რთულია საერთო ხაზის დანახვა. ალბათ, თავიდანვე რეჟიმის შეცვლა სურდათ, მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა, დადეს ზავი, რომელიც ან გასტანს, ან არა. ეს ტრამპისთვის ომიდან თავის დაღწევის ერთგვარი საშუალებაა.
"ცივილიზაციის განადგურებაზე" საუბარი მხოლოდ ტრამპის რიტორიკაა, რის გამოც ის ყველამ გააკრიტიკა, მათ შორის ამერიკის ისტებლიშმენტმაც. თუმცა ტრამპისგან გამომდინარე ვერაფერს გამორიცხავ, თუნდაც ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებას, მაგრამ ამის ალბათობა ომის ცხელ ფაზაშიც კი დაბალია. უნდა განვასხვაოთ, ერთი მხრივ, ტრამპის ჰიპერბოლური რიტორიკა, რომელიც არა მხოლოდ ირანის, არამედ ევროპის მიმართაც ვლინდება, მაგალითად, გრენლანდიის ანექსირების იდეით, და მეორე მხრივ, ამერიკის რეალური პოლიტიკა ირანის საკითხში, რაც ამ ეტაპზე ჩაფლავდა. ამერიკამ მიზანს ვერ მიაღწია, პირიქით, ირანის რეჟიმი გაძლიერდა და თანაც მიიღო ისეთი ბერკეტები, რაც მანამდე არ ჰქონია, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა. ირანმა აღმოაჩინა, რომ ეს ინსტრუმენტი ეფექტურად მუშაობს და მნიშვნელობით ატომურ იარაღზე ნაკლები კოზირი არ არის, რაც ცხადია, ამერიკისთვის ერთგვარი მარცხია. რომ შევაჯამოთ, თუ ამრიკის მთავარი მიზანი რეჟიმის შეცვლა იყო, აშკარაა, რომ ამას ვერ მიაღწიეს.
- მაშ, რას მიაღწიეს?
- ამერიკა ირანის საკითხში დღეს იმაზე უკეთეს პოზიციაში არ არის, ვიდრე ომამდე იყო. შესაძლოა ირანი დაასუსტეს სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი განადგურებით, ასევე ეკონომიკურად, მაგრამ თავად რეჟიმი მაინც დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობის პირველი ორი შრე ფაქტობრივად ამოხოცეს.
ასევე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ირანის ატომურ პროგრამას. მაგალითად, ხამენეის ხშირად საყვედურობდნენ, რომ ვერ რისკავდა ატომური იარაღის შექმნას და პროგრამას მხოლოდ ზღვარზე ამყოფებდა, ახლა კი ირანს მეტი მოტივაცია ექნება, რომ ატომური იარაღი შექმნას. ამ მხრივაც ამერიკის წინსვლა არ ჩანს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჰორმუზის სრუტეა. ირანმა ეკონომიკური ომი ძალიან კარგად წარმართა და პირველად შეიგრძნო, რომ ამ სრუტის სახით ამერიკისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ უძლიერესი ინსტრუმენტი უჭირავს. რაც შეეხება დემოკრატიის დამყარებას, ამაზე საუბარი ნონსენსია და ეს არც ყოფილა მთავარი მოტივაცია, თუმცა ვერც ამას მიაღწიეს...
- როგორ შეიძლება შეიცვალოს ამერიკის როლი საერთაშორისო დღის წესრიგში ირანში ომიდან და ნატოსა და ევროპის შესახებ განცხადებებიდან გამომდინარე?
- ევროპასთან ტრამპის ურთიერთობა მანამდეც დაძაბული იყო. რაც შეეხება ნატოს, მას მართლაც ხშირად აკრიტიკებს. გასულ კვირას საუბარი მქონდა თომას რისესთან, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტია და ძალიან საინტერესო რამ თქვა - კი, გახშირდა ამერიკის ადმინისტრაციისგან კრიტიკა, მაგრამ ამას რეალური ქმედება არ მოჰყვებაო. ანუ, ნატოს მთელი სამხედრო სტრუქტურა და ინფრასტრუქტურა ისევე ხელშეუხებელია, როგორიც იყო. თავად ამერიკისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტის ფლობა. ნატო არ არის მხოლოდ ის, რასაც ადმინისტრაცია ხატავს, თითქოს "ზარმაცი ევროპელები" ამერიკის ხარჯზე ცხოვრობენ და უსაფრთხოებას იღებენ. ამაში სიმართლის მარცვალი არის, თუმცა, მეორე მხრივ, ამერიკა თავადაც სარგებლობს ალიანსით. ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, არსებული ბაზები რეალურად ამერიკული სამხედრო ობიექტებია. მაგალითად, რამშტაინის ბაზის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, მათ შორის ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ოპერაციებისა და ყოფნის კოორდინირება. ამიტომ, როდესაც გერმანიიდან ჯარების გამოყვანაზე საუბრობენ, ეს უპირველესად ამერიკის ინტერესებს დაარტყამს.
ეს უფრო ტრამპის რიტორიკის ნაწილია, რაც გარკვეულწილად შედეგიანიც აღმოჩნდა - ამით აიძულა ევროპელები, თავდაცვაზე მეტი დაეხარჯათ.
- როგორც აღნიშნეთ, ჰორმუზის სრუტე ირანისთვის მძლავრ ბერკეტად იქცა. ამერიკის ქმედებების შედეგად შექმნილი რეალური პრობლემების ფონზე, ხომ არ გახდება ევროპა იძულებული გადახედოს ირანის სანქცირების პოლიტიკას და შეცვალოს თავისი კურსი?
- რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. ევროპა იძულებული გახდება პოლიტიკა შეცვალოს, თუ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი ირანის ხელში დარჩება. ამ ეტაპზე ზავის პირობები ბუნდოვანია, მართალია, აქტიური საომარი ფაზა შენელებულია, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც გაურკვეველია. თუ ირანს სრუტის ჩაკეტვის ბერკეტი დარჩა და თითოეულ კონტეინერზე მაღალი ბაჟი დააწესა, ევროპელები ომს არ დაიწყებენ, დიდი ალბათობით, ირანთან გარიგებაზე წავლენ, რათა გემებმა თავისუფლად გაიარონ. აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკამაც კი მოუხსნა ირანულ გემებს მრავალწლიანი სანქციები ომის დროს, რათა სრუტე სრულად არ ჩაკეტილიყო.
- ყოველივე ეს რუსეთ-უკრაინის ომზე როგორ იმოქმედებს?
- რუსეთმა ამ ომით რამდენიმე ფაქტორის გამო ისარგებლა. პირველ რიგში, ნავთობზე გაზრდილი ფასები პირდაპირ ავსებს რუსეთის ბიუჯეტს და მაშინაც კი, თუ ფასები ოდნავ დასტაბილურდება, მაღალი ნიშნული ერთხანს შენარჩუნდება. გარდა ამისა, ომის პერიოდში ამერიკამ რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები მოუხსნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირანთან კონფლიქტში დაიხარჯა უამრავი ისეთი კრიტიკული რესურსი, მათ შორის "პატრიოტის" სისტემის საზენიტო რაკეტები, რომლებიც უკრაინას თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება, მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დეფიციტი კი პირდაპირ უკრაინის მომარაგებაზე აისახება. ამას ემატება საერთაშორისო ფოკუსის გადატანა სხვა პრიორიტეტებზე, რაც უკრაინის საკითხის უფრო მეტ იგნორირებას გამოიწვევს. თუმცა ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, მაინც არ ექნება გარდამტეხი ეფექტი, რადგან უკრაინის ბრძოლისუნარიანობა უფრო ევროპელებზეა დამოკიდებული, ვიდრე ამერიკის პირდაპირ მხარდაჭერაზე. ევროპისთვის ახლო აღმოსავლეთი შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია - მათთვის მთავარი ომის სცენარი მაინც უკრაინაა, ამიტომ შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებენ. ფაქტია, რუსეთს ფრონტზე წინსვლა არა აქვს. მართალია, უკრაინას დააკლდება ის სპეციფიკური კომპონენტები, რომელთა მიწოდებაც მხოლოდ ამერიკას შეუძლია, მაგრამ მაინც ევროპა რჩება მთავარ აქტორად...
რუსა მაჩაიძე