„ვეფხისტყაოსნის“ სკანდალი, დიდი ქექვა წარსულში და იმედგაცრუებული ზურაბიშვილი
თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, მძიმე სანახავი იყო ის ამბები, რაც 9 აპრილს მემორიალთან ხდებოდა. აქტივისტები ცდილობდნენ ობსტრუქცია მოეწყოთ და არ მიეშვათ მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება. თუმცა დროსა და ადგილის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. არა გვგონია, 9 აპრილის მემორიალთან წივილ-კივილი და ლანძღვა-გინება მოსწონებოდა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. კი ბატონო, შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი, რომ ვიღაცას სადმე მისვლის უფლება არა აქვს, თუმცა არსებობს სოცქსელები და მედია. თუმცა მძიმე ტრაგედიის ადგილი და თარიღი აქტივისტობისთვის არ უნდა გამოიყენო. არა გვგონია, ეს დაღუპულების პატივისცემის გამოხატულება იყოს.
ასევე, რაც იკადრა ერთ-ერთმა ტელეგადაცემამ (აი, სამნი რომ სხედან), ამაზრზენია. იპოვეს ერთ-ერთი აქტივისტის წარსულში "ნიჭიერში" გამოსვლის კადრი, ეს წარმოაჩინეს კომპრომატად და ადამიანს მიაყენეს შეურაცხყოფა. რომელ პოლიტიკურ ბანაკშიც არ უნდა იყო, შინაგანი წითელი ხაზები თუ არა გაქვს, არაფრად ღირხარ. ღირსებას მაღალი ხელფასით ვერ იყიდი.
"არ მინახავს, გამიგია"
ჩვენი საზოგადოების ნაწილს უყვარს ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც არ უნახავს. ამის კლასიკური გამოხატულება იყო რობერტ სტურუას სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანი" და მისი ნახევრად შიშველი სცენები. ეს სცენები გავრცელდა სოცქსელში და ადამიანების ერთმა კატეგორიამ ჩათვალა, რომ რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანი" შეურაცხყო და საერთოდ, ძალიან უნიჭო სპექტაკლი იყო.
ამა თუ იმ სპეკტაკლის გამო სკანდალი და მძაფრი რეაქციები ახალი არ არის. "ვეფხისტყაოსნის" სკანდალთან პარალელებს ავლებენ სპექტაკლების "რიჩარდ მესამესა" და "ჯაყოს ხიზნებს" შორის. კომუნისტების დროს მაშინდელი საზომებით თამამ სცენებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და როგორც თანამედროვენი ჰყვებიან, ასეულობით მრისხანე წერილი იწერებოდა, სპექტაკლების გაუქმებას ითხოვდნენ. თუმცა იმ ხალხს ეს წარმოდგენები ნანახი მაინც ჰქონდათ...
სინამდვილეში რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პრინციპი "არ მინახავს, არ გამიგია" ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამოქმედდა _ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამის გამო დღევანდელ საქართველოში იმას კი არ ანიჭებენ მნიშვნელობას, ვინ ხარ და რას აკეთებ, არამედ იმას, ვისკენ ხარ. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის რობერტ სტურუა არის ხელისუფლების მხარდამჭერი. შესაბამისად, მათთვის დიახ, სტურუას სპექტაკლი უნიჭო და შეურაცხმყოფელია (მიუხედავად იმისა, რომ არ უნახავთ და, ალბათ, არც ნახავენ).
ისევე, როგორც რეჟისორ ნიკა თავაძის სპექტაკლი "ლიბერტე" იყო უნახავად შეურაცხმყოფელი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის, რადგან ეს ადამიანი აქციებში მონაწილეობდა. დღეს ნიკა თავაძეზე "შტურმის" ავტორები ან დუმან, ან რობერტ სტურუას იცავენ. რობერტ სტურუა ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანი რომ ყოფილიყო, როლები გაიცვლებოდა ერთ-ერთი აქტივისტის მიმართ _ ვინც აძაგებს, შეაქებდა და ვინც აქებს, აძაგებდა.
მოკლედ, ეს არის პოლარიზაციის მარტივი არითმეტიკა. ასეთ დროს უფრო ნათლად ჩანს ხოლმე, თორემ ამ პოლარიზაციამ ყველა სფეროში შეაღწია, ადამიანები პოლიტიკის გამო ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც საჯაროდ და ძმას ემიჯნება, შვილი მამაზე ამბობს უარს და ა.შ. თუ ეს პოლარიზაცია დიდხანს გაგრძელდა, არა გვგონია, ჩვენი ქვეყნისთვის კარგად დამთავრდეს...
ყოფილი პრემიერისა და ყოფილი პრეზიდენტის შერკინება
6 აპრილს სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმე განიხილებოდა. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარბაზში იყო. ჩვენების მისაცემად დაიბარეს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი. ჰოდა, სააკაშვილმა გადაწყვიტა ნოღაიდელისთვის კითხვები თავადაც დაესვა.
"ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა, რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?" _ მიმართა ყოფილ პრემიერს სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო: "როცა უკვე საქართველოში იყო, ის რუსეთიდან დევნილი იყო, ეს ხომ შენც კარგად იცი? "არა, მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო ეფ-ეს-ბეს აგენტი?" _ ჰკითხა სააკაშვილმა მას. "შეიძლება... თუ ეფ-ეს-ბეს აგენტი იყო, რატომ იყო თბილისში?" _ უპასუხა ნოღაიდელმა სააკაშვილს და აღნიშნა: "პატარკაციშვილი რომ რუსეთთან იყო დაკავშირებული, ყველამ ვიცოდით". ამის შემდეგ მას სააკაშვილმა ჰკითხა, "ტვ იმედი" შეიქმნა თუ არა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა: "შეიძლება _ კი".
ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა. "ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?" _ ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, არ ვიციო.
"პუტინთან იყავი თუ არა რუსეთთან შეხვედრაზე?" _ ჰკითხა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იყო, "რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა". "მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს "ეკაჩავე", "ებლატავე", თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო?" _ მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს, რაზეც მან კვლავ კითხვით უპასუხა: "შენ ხომ "ეკაჩავე" და "ებლატავე?", რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
"შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება. ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არა მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ", _ განაცხადა სააკაშვილმა.
ნოღაიდელმა სააკაშვილს რამდენჯერმე მიმართა "დაეგდე მანდ", შემდეგ კი სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გაშველებამ მანდატურებს მოუწიათ.
სასამართლოს შემდეგ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას საერთოდაც არ უნდოდა თავის დროზე ნოღაიდელის პრემიერად დანიშვნა (2005 წლის თებერვალი), მაგრამ ეს ზურაბ ჟვანიას გუნდის დაჟინებული თხოვნით გააკეთა (ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნა მსურდაო). სინამდვილე, ალბათ, ცოტა სხვანაირი იყო. 2005 წლის თებერვლისთვის სააკაშვილს უკვე გამყარებული ჰქონდა პოზიციები და სულაც აღარ მოსწონდა ძალაუფლების გაზიარება ზურაბ ჟვანიასთვის. ის პრემიერს ავიწროებდა და ამას ადასტურებენ ჟვანიას ოჯახის წევრებიც. შესაბამისად, ცოტა უცნაურია, რომ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისი გუნდის წევრების პოზიცია (თან კატეგორიულიო) გაიზიარა. თორემ რას უზამდნენ ჟვანიას გუნდის წევრები სააკაშვილს, როდესაც 2005 წელს სუპერრეიტინგი, სუპერსაპრეზიდენტო ძალაუფლება და მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდა? ჟვანიას გარეშე მისი გუნდის ფასი ნულის ტოლი იყო და ეს კარგად გამოჩნდა შემდეგ წლებშიც. მათ რომ ჟვანიას გარეშე რაიმე გავლენა ჰქონოდათ, ალბათ, პირველ რიგში, აქამდე ბურუსით არ იქნებოდა მოცული პრემიერის გარდაცვალების საქმე.
რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს. დიახ, ის პუტინს პირველად რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის დეკემბერში შეხვდა და აი, ზუსტად იქ დასრულდა ნოღაიდელის პოლიტიკური კარიერა. ნინო ბურჯანაძე პუტინს 2010 წლის მარტში შეხვდა და მისთვისაც სწორედ აქედან დაიწყო "პოლიტიკური გემის" ჩაძირვის ათვლის წერტილი.
თუმცა წარსულში მხოლოდ სააკაშვილი და ნოღაიდელი არ იქექებიან...
ვინ აკონტროლებდა მედიას
"ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოცქსელში დაწერა: "ნანულაი (ასე მოიხსენიებს ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს) ყოფილა იაგო ხვიჩიასთან დეზინფორმაციის გასავრცელებლად და დაუსახელებლად "მამხელდა" _ ახლა რომ მედიას თავისუფლებას უწუნებს, "სისხლიანი 9 წლის" დროს მისი ქმარიც ხო იყოო. კი იყო, და მეც ვიყავი და მაშინაც მეფრინველეობის ფერმად მიმაჩნდით ქართული ტელემედია და ამიტომ ავიყვანე "ტაბულაში" სრულიად გამოუცდელი, მაგრამ გონიერი თინეიჯერები.
ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხმაც არ დააყოვნა: "დიახ, თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და თან მედიას აკონტროლებდა "ნაციონალების" დროს.
სინამდვილეში, მედიას აკონტროლებდა სააკაშვილი და დანარჩენები იყვნენ მისი შემსრულებლები და სწორედ მაშინდელი პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საინფორმაციო პოლიტიკაში (კონტროლირებადი სამი მსხვილი ტელევიზია) კორექტივები შეჰქონდათ. თავზე არავის ვადექი, მაგრამ დიახ, ასახელებდნენ ბოკერიასაც და უგულავასაც. თუმცა გვარ-სახელებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
აბა, პარტიები?!
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის "ქართული ქარტიის" გარშემო შემოკრება ვერ შეძლო, როგორც ჩანს, მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იმედი გაუცრუვდა. მან თქვა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ ასპარეზზეო. ეს ამბავი მართლაც ბევრ პოლიტიკურ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა არსებულ რეალობაში როგორ უნდა გაჩნდნენ ახალი, კონკურენტუნარიანი პარტიები, თუ ამის რეცეპტი იცის სალომე ზურაბიშვილმა, უნდა გამოვიგონოთ ქართული "ნობელის პრემია" და მას გადავცეთ.
გიორგი კვიტაშვილი