100 მილიარდი რუბლის დაპირება სოხუმს - რუსეთი აფხაზეთის სრულ ათვისებას იწყებს - კვირის პალიტრა

100 მილიარდი რუბლის დაპირება სოხუმს - რუსეთი აფხაზეთის სრულ ათვისებას იწყებს

რუსეთმა სოხუმში ეკონომიკური ფორუმი გამართა, სადაც "აფხაზეთის განვითარებისთვის" უხვი დაპირებები გასცა, ხელი მოაწერეს მემორანდუმებს, რომელთა მიხედვითაც კრემლი აფხაზეთში 100 მილიარდი რუბლის ინვესტიციას გეგმავს. თუმცა იქვე ერთი გაფრთხილებაც გაიცა - მოსკოვიდან გამოგზავნილმა კურატორმა სერგეი კირიენკომ აფხაზებს განუცხადა, რომ ახლა მთავარია "საჭირო კანონების" სწრაფად მიღება, სხვა შემთხვევაში პროექტები გაუქმდება და ინვესტორები გაიქცევიან. ფორუმს ესწრებოდა მეორე ოკუპირებული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტიც, თუმცა მას ფორუმიდან არაფერი წაუღია. როგორც ოპოზიციური ოსური ტელეგრამარხები წერენ, ალან გაგლოევმა მხოლოდ ფოტოები გადაიღო და სანაპიროზე მდებარე ბარ "ბრეხალოვკაში" ადგილობრივებთან დომინო ითამაშა.

რა აჩვენა სოხუმში ჩატარებულმა რუსულმა ეკონომიკურმა ფორუმმა, ამ თემაზე ოპოზიციური ტელეგრამარხებზე სოხუმშიც მსჯელობენ და ცხინვალშიც. აფხაზებში კირიენკოს განცხადებამ გააჩინა ეჭვი, რას ითხოვენ რუსები სანაცვლოდ, ხოლო ცხინვალში გაგლოევს აკრიტიკებენ, რომ მან ვერ მოაწონა კრემლის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს თავი, ამიტომაც სოხუმი "განსაკუთრებულად დაფასდა" და მილიარდები ერგო, ხოლო ერთგული ე.წ. სამხრეთი ოსეთი თამაშგარე დარჩა.

"უფასო სადილი არ არსებობს"

აპრილის დამდეგს სოხუმი რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებით გაივსო. რუსი მინისტრები, რუსეთის 15 რეგიონის დელეგაციები, რუსი ბიზნესმენები, ბანკირები და ჟურნალისტები ჩავიდნენ სოხუმში 3-დღიან ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად, რომელიც "აფხაზეთის განვითარებას" მიეძღვნა.

სტუმრებს შორის გამორჩეული იყო კრემლის სამი მძიმეწონიანი პოლიტიკოსი - ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც ამ ფორუმის მთავარ ფიგურასაც წარმოადგენდა. ითქვა, რომ დაახლოებით 500 სტუმარი ჩავიდა აფხაზეთში. კირიენკომ ფორუმის გახსნისას წაიკითხა ვლადიმირ პუტინის წერილი, რომ კრემლის ლიდერი მტკიცედ უჭერს მხარს "აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას" და მოსკოვისა და სოხუმის "ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ინტეგრაციული კავშირები ახალ დონეზე ადის". კირიენკომ ასევე განაცხადა, რომ 2 აპრილს პუტინმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება და რუსეთიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს 2027 წლამდე დაბადების მოწმობით შეეძლებათ აფხაზეთში შესვლა. "ვფიქრობ, ეს სერიოზულად გაზრდის ტურისტულ ნაკადს", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 20 იანვრიდან რუსეთიდან ბავშვებს გასვლა მხოლოდ უცხოური პასპორტით შეუძლიათ და ამ შეზღუდვის შემოღების შემდეგ სოხუმში შიშობდნენ, რომ ეს ტურიზმს საფრთხეში ჩააგდებდა.

ფორუმზე გაფორმდა 30-ზე მეტი მემორანდუმი და ხელშეკრულება, რის შედეგადაც აფხაზეთში 100 მილიარდი რუბლის ინვესტირება იგეგმება. გარდა ამისა, მომავალ წელს გაიცემა 20 მილიარდი რუბლის შეღავათიანი სესხები, რუსეთის 15 რეგიონის ხელმძღვანელს დაევალა აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა, გაიცა დაპირებები ერთობლივ პროექტებზე სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში. ითქვა, რომ აშენდება სასტუმროები, აღდგება გზები, დაემატება საჰაერო რეისები და სატრანსპორტო მარშრუტები.

"აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ასეთი მასშტაბის ღონისძიება არ ჩატარებულა", - აღნიშნა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ.

ფორუმის ბოლოს კირიენკომ განაცხადა, რომ მომდევნო 2 წელი აფხაზებისთვის არის "შესაძლებლობების ფანჯარა" და ამისთვის მნიშვნელოვანია აფხაზებმა სწორი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღონ, სხვა შემთხვევაში ინვესტორები არ დაიცდიან და "კრასნოდარის მხარეში ან სხვა მეზობელ რეგიონებში გადავლენ".

ე.წ. სახელისუფლებო მედიაპლატფორმებმა ეს ფორუმი რუსული მხარდაჭერის დემონსტრირებად შეაფასეს. ფორუმის შესახებ ხმა არ ამოუღია ოპოზიციას, არც კირიენკოს განცხადებაზე უთქვამს რამე. მხოლოდ ერთი-ორ ოპოზიციურ ტელეგრამარხსა და "ეხო კავკაზაზე" დაიწერა, რომ კირიენკოს განცხადება "შენიღბული გაფრთხილება" იყო. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, რუსეთის საკანონმდებლო ინიციატივებმა არაერთხელ გამოიწვია პროტესტი, განსაკუთრებით საინვესტიციო შეთანხმებისა და უცხოელებისთვის უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობის გამო, რისთვისაც მოსკოვ­ში აფხაზებს უმადურებიც უწოდეს. ახლა კირიენკოს მესიჯი მინიშნებაა, რომ "უფასო სადილი არ არსებობს", ყველა "საჩუქრის" უკან გეგმა იმალება. რა ფასად აპირებენ ისინი ამ ყველაფრის ხელახლა გატარებას - "გარანტიები" აფხაზური მიწა ან რაიმე სახის უძრავი ქონება ხომ არ არის?

ოსების გამოხმაურება

სოხუმში გამართული ფორუმი ოსურ ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე გასულ წელს ცხინვალში ჩატარებულ ფორუმს შეადარეს. დაიწერა, რომ სოხუმში ჩავიდნენ გავლენიანი რუსი ჩინოვნიკები, ასევე 15 რეგიონის ხელმძღვანელი, უამრავი რუსი ინვესტორი და 100 მილიარდის ინვესტირება­ იგეგმება, ცხინვალში კი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი ჩავიდა და ერთადერთი "ინვესტორი" იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსკოველი ბიზნესმენი სერგეი ლადოჩკინი, რომელსაც თვალი აქვს დადგმული სოფელ ჯავაში დანგრეულ სანატორიუმზე. მან პირობა დადო, რომ 2 მლრდ რუბლის ინვესტიციას ჩადებდა მის აღსადგენად, თუმცა შემდგომ ადგილობრივ "თაღლითებთან" საქმის დაჭერა არ გარისკა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ცხინვალის 4 ქარხნისთვის 2,7 მილიარდი რუბლის ინვე­სტიცია გამოიყოფოდა, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ინვესტიცია კი არა, სესხი იყო. ვალის გადაუხდელობის გამო ამ ქარხნებში რეიდები დაიწყო და სს საქმეები აღიძრა, საწარმოები კი გაკოტრდა... ტელეგრამარხებზე ასევე განიხილეს სოხუმის ფორუმზე "პრეზიდენტ" გაგლოევის ჩასვლაც, რომ მისი მთავარი მიღწევა იყო ფოტოების გადაღება და დომინოს თამაში სოხუმის ბარ "ბრეხალოვკის" მუდმივ სტუმრებთან.

"ბორნვარნონის" ცნობით, გაგლოევმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ როდესაც გააუქმეს რუსეთიდან აფხაზეთში ბავშვებისთვის პასპორტით გადაადგილების ვალდებულება, იგივე შეღავათი მიეღო სამხრეთ ოსეთისთვისაც. როგორც ჩანს, გაგლოევს არ შეეძლო მსგავსი გადაწყვეტილების ლობირება თავისი მოქალაქეებისთვის და ამით ხდება იმის დემონსტრირება, რომ სამხრეთი ოსეთი დისტანცირდება როგორც ჩრდილოეთ ოსეთისგან, ასევე რუსეთისგან. გარდა ამისა, გაგლოევი თავს არიდებს მოსკოვთან დისკუსიას მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიცაა ზარამაგის გამშვებ პუნქტზე საცობები, რაც საზოგადოებრივ პროტესტს იწვევს.

ოსების აზრით, ამ ფორუმმა აჩვენა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთი, ხოლო ოსეთი, რომელმაც თავიდანვე რუსეთს ყველა ინტერესი პრობლემების გარეშე გაუტარა, ახლა უყურადღებოდ არის მიტოვებული "უვარგისი" პრეზიდენტის გამო.

„რუსეთი ჩქარობს, რომ აფხაზეთი საბოლოოდ გაიფორმოს"

ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - მოსკოვისთვის აფხაზეთი პრიორიტეტია, აინტერესებს მისი ინფრასტრუქტურის, უნიკალური ბუნებისა და საკურორტო პოტენციალის გამო. ასევე შავი ზღვის დამატე­ბითი გასასვლელები, კარგი "შავი ხვრელი" ოჩამჩირის პორტით, რათა პირა­ტული ტვირთების ბრუნვისთვის გამოიყე­ნოს. რკინიგზის აღდგენა, აეროპორტის გახსნა და ა.შ. სწორედ ამისთვის იყო გამიზნული. ეს ფორუმი არ იყო მხოლოდ საჩვენებელი ღონისძიება, მან ამ რეგიონში რუსეთის სერიოზული მიზნები აჩვენა. ფაქტობრივად, მცოცავი ანექსიის გაგრძელების პოლიტიკაა. ინვესტიციების მოცულობა მასშტაბურია, მაგრამ ავანსად არის გაცემული, იმიტომ, რომ ამხელა რესურსები უკრაინაში ომის გამო დღეს რუსეთს ნამდვილად არ ექნება. თუმცა რეალურია, რომ რუსეთი აფხაზეთის სრულ ათვისებას იწყებს. ის დათქმა, რაც კირიენკომ თქვა, რომ აფხაზებმა შესაბამისი კანონები უნდა მიიღონ, სწორედ ის წინა პირობაა, რომელმაც აფხაზი საზოგადოება ძალიან გააღიზიანა თავის დროზე, როდესაც ეს რუსული კანონები იქნა შემოტანილი. ეს ეხება მიწებს, აპარტამენტებს... შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ გადადებული რუსული კანონების მიღება უკვე იმ "სოუსით", რომ ამხელა ინვესტიციების ჩადება იგეგმება და ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. როგორც ჩანს, რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან უკვე მორიგებულია, თუმცა ამ ინვესტიციებს სოხუმში ბევრი ეწინააღმდეგება, რადგან კარგად იციან, რომ ამით რუსები ხელში იგდებენ მთელი აფხაზეთის ეკონომიკურ პოტენციალს, ქონებას, მიწებს - მთლიანად აფხაზეთს. აფხაზეთის სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ რეგიონში და რუსების მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიწყონ, რათა დისკომფორტი არ ჰქონდეთ ვიზებისთვის და სხვა შეზღუდვებისთვის, რაც დასავლეთში ხვდებათ. რუსეთსა და დასავლეთს შორის გრძელვადიანი კონფრონტაცია იქნება და ასე ემზადება პუტინი. ცდილობს მთლიანად გაიფორმოს აფხაზეთი. ჩქარობს კიდეც, იმიტომ, რომ შესაძლოა მსოფლიოში გადანაწილების პროცესი მალე დაიწყოს.

რატომ არ იღებს ხმას აფხაზი ოპოზიცია? 100-მილიარდიანი ტრანშიდან ისინიც ელოდებიან მოგებას, რადგან, როგორც წესი, რუსული ფულის დიდი ნაწილი რუს და აფხაზ ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება.

როდესაც 100 მილიარდ რუბლზეა საუბარი, ცოტა ოპოზიციაც გაოცებულია ამ მასშტაბით. დიდი ალბათობით, მოლოდინი აქვთ, რომ მალე თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში ან მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ითამაშებენ აფხაზეთში და მათაც შეხვდებათ სარგებელი. აფხაზეთში კლასიკური პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირებებია. თუ დაინახავენ, რომ მათ გარეშე იყოფენ "გემრიელ ლუკმას", მაშინ აყვირდებიან.

რაც შეეხება ოსების უკმაყოფილებას, მათი აზრით, გაგლოევის უუნარობის გამო რუსეთმა ისინი მიივიწყა, არადა, სამხრეთ ოსეთში რუსეთს არც ერთ საკითხზე არ შეხვედრია წინააღმდეგობა. თავიდან, როდესაც ცხინვალისა და აფხაზეთისთვის დახმარებები გაიცემოდა, ცხინვალი დიდ უპირატესობაში იყო, რადგან დახმარებები უკავშირდებოდა 2008 წლის ომის შედეგების ლიკვიდაციას და რუსეთმა მათ "ყურადღება" არ მოაკლო. რუსეთს ახლა სხვა საჭიროებები აქვს, რაც შეიძლება მალე უნდა გააკონტროლოს მთელი აფხაზეთი, მოახდინოს მისი ფაქტობრივი ანექსია და ეს დააფიქსიროს. ცხინვალში უკმაყოფილება გაგლოევსა და მომავალ დე ფაქტო არჩევნებთან არის დაკავშირებული. გაგლოევი ძალიან არაპოპულარულია და ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი შანსი გამოიყენოს მის დასამცირებლად და გასალანძღად. აქცენტი არის "ხელისუფლების" სისუსტეზე, რომელმაც ვერ მოახერხა უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების მოზიდვა. ცხინვალში მხოლოდ ფული, "კარმუშკა" სჭირდებათ­, სხვა არაფერი. ოსი მოსახლეობა ყოველთვის რუსეთზე იყო მიბმული და სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ. ცხინვალის რეგიონი ახლა არის ერთი დიდი რუსული ბაზა - სხვა ფუნქცია მას არა აქვს.

ეკატერინე ბასილაია