ფრთხილად ცოფი ანუ როცა დრო გადამწყვეტია - ინფექციონისტის რჩევა: როგორ უნდა გადავურჩეთ ყველაზე საშიშ დაავადებას?! - კვირის პალიტრა

ფრთხილად ცოფი ანუ როცა დრო გადამწყვეტია - ინფექციონისტის რჩევა: როგორ უნდა გადავურჩეთ ყველაზე საშიშ დაავადებას?!

რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვ­ნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა. დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან შინაური ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ.

"კარგია, რომ ამის გამოვლენა ხდება, თუმცა მთავარი მიზანია შინაურ ცხოველებში მსგავსი რამ არ მოხდეს. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელია (დაახლოებით, 7-8 წელია) ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ გვქონია, რაც კარგია, მაგრამ სანამ შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევა გვხვდება, მანამდე რისკი მაღალია. უნდა მოვახერხოთ ამ ვერაგი ვირუსისგან თავის დაცვა და ისეთი ღონისძიებები გავატაროთ, რომ ის ნაკლებად ქმნიდეს საფრთხეს როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის", - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელიც ინტერვიუში აღნიშნულ ვირუსულ ინფექციაზე გვესაუბრება:

- ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა იქიდან გამომდინარე, რომ აქვს პრაქტიკულად 100%-იანი ლეტალური გამოსავალი. საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ცოფი ელიმინირებულია, ანუ არ გვხვდება შინაურ ცხოველებში და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობა უნდა იყოს ყურადღებით, რათა აიცილოს ეს მძიმე დაავადება თავიდან. პრევენცია მნიშვნელოვანია.

შინაური, ან მით უმეტეს, გარეული ცხოველის დაკბენის შემთხვევაში (შეიძლება ცხოველი იყოს ცოფის მატარებელი და ადამიანი დაინფიცირდეს), აუცილებლად უნდა მივმართოთ იმუნიზაციის ცენტრს, სადაც შეფასდება როგორც დაზიანებული არე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყდება, ჩატარდეს თუ არა პასიური ან აქტიური იმუნიზაცია, რა ტიპის და რა ლოკალიზაციის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, რამდენად ახლოსაა ის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (ხომ არ არის სახის, კისრის ან ზემო კიდურის არეში). ტარდება ორი ტიპის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიება: 1. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და 2. იმუნოგლობულინის გამოყენება –- მზა პროდუქტის, რომელიც შეიცავს სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომელთაც შეუძლიათ დაბლოკონ ცოფის ვირუსის გავრცელება. კომბინირებული პროფილაქტიკის გამოყენება (ერთდროულად ვაქცინაციის და იმუნოგლობულინის), როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც დაზიანებაა სახის არეში, ან არის მრავლობითი დაზიანება, ან დაზიანება მიყენებულია გარეული ცხოველის მიერ, რაც მოიცავს იმ რისკებს, რომ დაავადება შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს და არ გვექნება დრო, რომ ამ დაავადებას მხოლოდ ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტით ვებრძოლოთ. არანაირად არ უნდა ვცადოთ თვითმკურნალობა.

- თვითმკურნალობაში რას გულისხმობთ?

- ჭრილობა თუ გვაქვს, არ უნდა ვცადოთ მისი ხელოვნურად დახურვა ან შეხვევა - განსაკუთრებით კბენის შემდეგ ვითარდება კანის და კუნთის დაზიანება და ხშირად ცდილობენ დაზიანებული ნაწილი მაკრატლით ან სხვა რაიმე საგნით შეასწორონ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა: 1. ჭრილობა გამდინარე წყლით ჩამოვიბანოთ და 2. აქტიური სისხლდენა თუა, აუცილებლად ვცადოთ მისი შეჩერება (მაგ. დამწოლი ნახვევით და სხვა) და რაც შეიძლება მალე მივიდეთ სამედიცინო პუნქტში.

- დავუშვათ, სახეზეა არა ნაკბენი და ჭრილობა, არამედ მხოლოდ ნაკაწრი. ასეთ შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაცია, რომ ცხოველს 7 ან 10 დღეს ვაკვირდებით და მერე მივმართავთ რაბიოლოგს?

- კანის დაზიანება არის თუ არა საშიში, ყოველდღიური დაკვირვება არის თუ არა სწორი არჩევანი, ამას სპეციალისტი სჭირდება.

ცოფიანი ცხოველი, როგორც წესი, აგრესიულად იქცევა, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც დაავადების საწყის ეტაპზე შეიძლება არ იყოს აგრესიული. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ცხოველს შესაბამისი ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, ჰყავს პატრონი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნას დაკვირვების რეჟიმი, მაგრამ როგორც წესი, ძირითად შემთხვევებში, ეს სახიფათოა, ამიტომ მსგავს დროს რისკების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვურჩევ გაიაროს სპეციალისტთან კონსულტაცია, მიიღონ სწორი, პროფესიონალური რჩევები და შემდეგ მოხდეს დაკვირვება და რეკომენდაციების შესრულება.

თუ გარეულ ცხოველზეა საუბარი, დროის დაკარგვა არ შეიძლება, მით უმეტეს, თუ არის სერიოზული დაზიანებები. ამ შემთხვევაში დრო გადამწყვეტია, შეიძლება იყოს გასატარებელი კომბინირებული ღონისძიებები ვაქცინაციის და იმუნოგლობულინის სახით.

- მაღალი რისკები რომელ უბნებზე ნაკბენს ახლავს?

- სახე, კისრის მიდამო, ზემო კიდურები, ფალანგები, სადაც არის ნერვული დაბოლოებები. ცოფის ვირუსი ნერვული სისტემის საშუალებით ჩვენს ორგანიზმში მოგზაურობს, აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და უკვე ვითარდება სიმპტომები, სპეციფიკური ნიშნები, როდესაც ხდება ცოფის დიაგნოსტირება. როგორც აღვნიშნე, კლინიკური სიმპტომატიკის განვითარების შემდეგ ლეტალური გამოსავალი პრაქტიკულად 100%-ს აღწევს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ღონისძიებები მანამდე იქნას გატარებული.

- კლინიკური სიმპტომები როდის და რა სახით ვლინდება?

- როდესაც ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიაღწევს, პირველი დღეების განმავლობაში შეიძლება იყოს ზოგადი სიმპტომატიკა - ტემპერატურული რეაქცია, აღგზნებადობა, ოფლიანობა, პირის სიმშრალე... მერე მოჰყვება ისეთი სიმპტომები, რომლის დროსაც უფრო ხშირად გვაქვს ცოფზე ეჭვი, ესაა: ფოტოფობია (სინათლის შიში), ჰიდროფობია (წყლის შიში), აეროფობია (ჰაერის ნაკადების მოძრაობაზეც ადამიანი დისკომფორტს განიცდის)... ეს სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და ასეთ დროს მკურნალობით მიდის მდგომარეობის შემსუბუქება, თორემ გამოსავალი, სამწუხაროდ, 100%-ით ლეტალურია. ბოლო სტადიაზე ვითარდება დამბლა, რაც მთავრდება ადამიანის გარდაცვალებით.

თეორიულად შეიძლება ადამიანი მხოლოდ ინფიცირებული ცხოველის ნერწყვით დაინფიცირდეს, ოღონდ ნერწყვი ადამიანის ლორწოვანზე თუ მოხვდა. აქედან გამომდინარე, უცხო ცხოველთან კონტაქტი სარისკოა, რადგან დაზიანება შეიძლება იყოს მინიმალური, მაგრამ მაინც მოხდეს დაინფიცირება.

ევროპის ქვეყნების დაახლოებით 60-70% აღიარებულნი არიან ცოფისგან დამოუკიდებელ ქვეყნებად. ამის პრაქტიკა არსებობს, ამიტომ მონდომების და პროფესიონალურად მიდგომის შემთხვევაში, ეს მიღწევადია.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ცოფი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც აღმოფხვრილია და ის შინაურ ცხოველებში არ გვხვდება, მხოლოდ ველურ ბუნებაშია აღმოჩენილი შემთხვევების სახით. არის ქვეყნები, სადაც გარეულ ცხოველებშიც კი არ ფიქსირდება ცოფი. ჩვენ ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ვირუსი შინაურ ცხოველებში არ გავრცელდეს.