"დეპრესია არ არის სისუსტე. ეს არის სიგნალი, რომ რაღაც ჩვენში ყურადღებას ითხოვს“ - კვირის პალიტრა

"დეპრესია არ არის სისუსტე. ეს არის სიგნალი, რომ რაღაც ჩვენში ყურადღებას ითხოვს“

- როგორ გრძნობთ დღეს თავს?

- არავისთან საუბარი არ მინდა, არავის ნახვა არ მინდა, მინდა მარტო ვიყო.

- გინდათ ჯანმრთელი იყოთ?

- არ ვიცი.…

ხშირად ასეთი დიალოგი მხოლოდ ემოციური დაღლილობის გამოხატულება არ არის. ის შეიძლება მიანიშნებდეს დეპრესიაზე - მდგომარეობაზე, რომელიც შესაძლოა ჩუმად დაიწყოს და ნელ-ნელა მთლიანად შეცვალოს ადამიანის შინაგანი სამყარო.

დეპრესია არ არის მხოლოდ სევდა ან დროებითი ემოციური დაღლილობა. ეს არის ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ხასიათდება უიმედობის განცდით, ენერგიის შემცირებითა და ინტერესის დაკარგვით იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე სიამოვნებას იწვევდა. ადამიანი თანდათან კარგავს ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირს: ირღვევა ძილი, მადა, კონცენტრაციის უნარი, ქვეითდება თვითშეფასება და იზრდება დანაშაულის ან უსარგებლობის განცდა.

თუმცა დეპრესია შესაძლოა ერთი შეხედვით უხილავიც იყოს. არსებობს ე.წ. შენიღბული დეპრესიის შემთხვევები, როდესაც გარეგნულად ადამიანი შეიძლება აქტიური და მხიარული ჩანდეს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობდეს.

"მარტოსული ვარ, გარიყული, არაფერი მიხარია და ყველაფერი სულერთია. მიჭირს ორიენტაცია, სხეულში დაძაბულობას ვგრძნობ, ბედნიერების შეგრძნება გამიქრა", - ასეთი სიტყვები ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომლებიც დეპრესიას განიცდიან. ეს არ არის უბრალოდ სევდა, ეს არის ემოციური სიცარიელისა და რეალობასთან კავშირის შესუსტების განცდა.

სპეცილისტების თქმით, დეპრესია ერთ კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება - ის მრავალ ფაქტორთა ერთობლიობით ყალიბდება. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად გენეტიკური წინასწარგანწყობა, ტვინის ბიოქიმიური პროცესები და ჰორმონული ცვლილებები, ისე ფსიქოსოციალური გარემო - სტრესი, ტრავმული გამოცდილებები და სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა.

თუკი საკითხს სტატისტიკურადაც შევხედავთ, მსოფლიოში დეპრესია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობად ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5.7%-ს აღენიშნება, რაც ასობით მილიონ ადამიანს მოიცავს. საერთო ჯამში კი, ფსიქიკური აშლილობებით, მათ შორის დეპრესიითა და შფოთვით, 1 მილიარდზე მეტი კაცი ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია ყველა ასაკში ერთნაირად სერიოზულ პრობლემად რჩება, მისი გამოვლინება და გამომწვევი მიზეზები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია. განსაკუთრებით საყურადღებოა მოზარდობის პერიოდი, როდესაც ფსიქოემოციური ცვლილებები და სოციალური გარემო ერთმანეთთან მჭიდროდ იკვეთება. გვესაუბრა ანი ლიპარტელიანი, ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგი.

დეპრესია ხშირად აღიქმება როგორც "ზარმაცობა" ან "გარდატეხის ასაკის სირთულე"

- ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევია, რომ მოზარდებში დეპრესია აღარ ვლინდება მხოლოდ კლასიკური "დასევდიანების" ფორმით. უფრო ხშირად ის გამოხატულია გაღიზიანებადობით, აგრესიით, სოციალური იზოლაციითა და ინტერესის დაკარგვით. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდი უარს ამბობს სკოლაში სიარულზე ან მთლიანად "გადადის" ციფრულ სამყაროში. ბავშვები ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს სიტყვიერად და უფრო მეტად ქცევით აჩვენებენ შინაგან მდგომარეობას. ქართულ ოჯახებში ჯერ კიდევ იშვიათია ემოციების ღიად გაზიარება. მშობლები ხშირად ცდილობენ შვილს მატერიალურად არაფერი მოაკლონ, თუმცა ემოციური მხარდაჭერა ხშირად ნაკლებია. ფრაზები, როგორიცაა "რა გჭირს, შენ ყველაფერი გაქვს", ბავშვს უქმნის განცდას, რომ მისი ემოციები არ არის მნიშვნელოვანი, რაც იწვევს ჩაკეტვას, შინაგან დაძაბულობას და დროთა განმავლობაში უფრო ღრმა ფსიქოემოციურ სირთულეებს.

- როგორ მოქმედებს საგანმანათლებლო სისტემა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე?

- არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია საგანმანათლებლო გარემო. დღევანდელი სისტემა ხშირად ორიენტირებულია მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას. სკოლა ხშირად ვერ პასუხობს ახალი თაობის ფსიქოლოგიურ საჭიროებებს და ვერ ქმნის უსაფრთხო, მხარდამჭერ სივრცეს. შედეგად ბავშვები კარგავენ მოტივაციას, უძლიერდებათ შფოთვა და სულ უფრო ხშირია სკოლაში სიარულზე უარის თქმა. ეს სირთულეები ხშირად პირველივე კლასებიდან იწყება, რაც სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენის წყაროა ციფრული გარემო - Instagram და TikTok. ამ სივრცეში მოზარდი მუდმივად ეჯახება იდეალიზებულ რეალობას: "იდეალურ" სხეულებს, ცხოვრებასა და წარმატებას. ეს იწვევს მუდმივ შედარებას, თვითშეფასების დაქვეითებას და რეალური სოციალური გამოცდილების დეფიციტს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდები თავადაც აღნიშნავენ, რომ "ბავშვობა არ ჰქონიათ". მათ არ ახსენდებათ ეზოში გატარებული დრო, სპონტანური თამაშები, მეგობრებთან კონფლიქტები და შერიგებები - გამოცდილებები, რომლებიც სოციალურ და ემოციურ უნარებს აყალიბებს. შედეგად, დღეს არაერთი მოზარდი სკოლას უმეგობროდ ამთავრებს.

- რამდენად ამჩნევენ მშობლები სიმპტომებს და რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ქართველი მშობლები უშვებენ?

- დეპრესია ხშირად აღიქმება როგორც "ზარმაცობა" ან "გარდატეხის ასაკის სირთულე". ყურადღება ძირითადად აკადემიურ შედეგებზეა გადატანილი. ასევე ხშირია შედარება სხვა ბავშვებთან, ან ზედმეტი კონტროლი გაჯეტების გამოყენებაზე, ან სრული უყურადღებობა, ან მკაცრი აკრძალვა. რეალურად მშობლები უფრო მეტად ქცევას ამჩნევენ, ვიდრე მის უკან მდგომ ემოციას.

- არის თუ არა განსხვავება ქალაქსა და რეგიონებს შორის ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში?

- ქალაქში, განსაკუთრებით კორპუსებში ცხოვრებამ შეამცირა ბავშვების ყოველდღიური სოციალური ინტერაქცია და ბუნებასთან კონტაქტი, რაც ზრდის იზოლაციის რისკს. რეგიონებში კი უფრო ძლიერია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა და ნაკლებია პროფესიონალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

- რა არის მთავარი რეკომენდაციები?

- მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა გაჯეტების გამოყენება დაარეგულირონ არა აკრძალვით, არამედ შეთანხმებით. აუცილებელია ეკრანის გარეშე დროის დაწესება, რეალური აქტივობების წახალისება და ღია საუბარი. ასევე მნიშვნელოვანია მოზარდს დაეხმარონ რეალური ურთიერთობების შექმნაში - ეზოში გასვლა, ჯგუფური აქტივობები და სოციალური ჩართულობა.

ასევე მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე ღიად საუბარი და კრიტიკის თავიდან აცილება. ოჯახში კომუნიკაცია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სწავლით - ემოციური დიალოგი აუცილებელია.

"ჩვენ ხშირად იმდენად ვიკარგებით ყოველდღიურობაში, რომ საკუთარ თავს ვკარგავთ"

მოზარდობის პერიოდში დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები ხშირად დაკავშირებულია განვითარების ეტაპთან, ოჯახურ გარემოსა და სოციალურ გავლენებთან. თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები ამით არ შემოიფარგლება, ისინი სხვადასხვა ფორმით გვხვდება ზრდასრულ ასაკშიც. თემაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ და არტთერაპვტ სოფი მოსიაშვილს.

- რა არის ის სპეციფიკური ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ზრდასრულ ადამიანებში დეპრესიის გავრცელებას აძლიერებს?

- რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი, ესენია:

სტიგმა - ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ აღიქმება სისუსტედ;

ემოციური კულტურა - თითქოს ბევრს ვხალისობთ, გართობასაც არ ვიკლებთ, მაგრამ რეალურად საკუთარ თავთან კონტაქტი გვაკლია;

გადაჭარბებული სოციალური ცხოვრება - მუდმივი დღესასწაულები, ხმაური, მაგრამ შიდა სიცარიელე;

დახმარების არ თხოვნა, "მე თვითონ გავუმკლავდები" დამოკიდებულება.

ჩვენ ხშირად იმდენად ვიკარგებით ყოველდღიურობაში, რომ საკუთარ თავს ვკარგავთ. საქართველოში ასეთი რეალობა გვაქვს: ადამიანები იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს; პრობლემები ხშირად ოჯახში "იმალება"; რეგიონებში სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია; სტიგმა კვლავ ძლიერია; თუმცა დადებითი ცვლილებაც არის - ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან და ფსიქოლოგთან მისვლა იმედია ნელ-ნელა ნორმად იქცევა. თუმცა, დღეს მიმართვიანობა ჯერ კიდევ დაბალია. ხშირად პირველად მიმართავენ ოჯახის წევრებს, ან საერთოდ არ საუბრობენ პრობლემაზე, ან უკვე მაშინ მიდიან სპეციალისტთან, როცა მდგომარეობა გართულებულია.

- რა კლიშეები და სტერეოტიპები არსებობს საქართველოში დეპრესიის შესახებ?

- ძალიან გავრცელებულია ასეთი შეხედულებები: "დეპრესია სიზარმაცეა"; "უბრალოდ იმუშავე და გადაგივლის"; "შენზე უარეს მდგომარეობაში არიან ადამიანები" "ფსიქოლოგთან მხოლოდ სუსტი ადამიანები დადიან".

ეს კლიშეები ყველაზე მეტად აზიანებს ადამიანებს და აფერხებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

- რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც დეპრესია აწუხებთ?

- ბალანსი მთავარი პრევენციაა. პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში არსებობს ცხოვრების ბალანსის მოდელი, რომელიც მოიცავს 4 სფეროს:

1. სხეული - ძილი, კვება, ჯანმრთელობა; 2. საქმიანობა - სამუშაო, პროდუქტიულობა; 3. ურთიერთობები - ოჯახი, მეგობრები; 4. ფანტაზია/მომავალი - ოცნებები, გეგმები.

ჩვენი ენერგიის 100% ამ სფეროებზე ნაწილდება.

როცა ერთ სფეროზე ზედმეტად ვკონცენტრირდებით (მაგ. მხოლოდ კარიერა), ბალანსი ირღვევა და სწორედ აქ იწყება პრობლემები. ამიტომ ხშირად ემართებათ დეპრესია ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით აზროვნებენ - მაგალითად, პენსიაზე გასვლის შემდეგ. დეპრესია ხშირად სწორედ იქ ჩნდება, სადაც ტკივილი იყო, მაგრამ არ განვიცადეთ, ემოცია იყო, მაგრამ არ გამოვხატეთ. დეპრესია არ არის სისუსტე. ეს არის სიგნალი, რომ რაღაც ჩვენში ყურადღებას ითხოვს. თუ ბალანსს დავიცავთ, საკუთარ თავს მოვუსმენთ და საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მძიმე მდგომარეობები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ერთი რამ არის: არ დავკარგოთ საკუთარი თავი ყოველდღიურობაში, დროულად მივმართოთ სპეციალისტს და გვქონდეს იმედი, რომ ჩვენში აუცილებლად არსებობს ის რესურსები, რომელთა აღმოჩენის შემდეგაც, არსებული მდგომარეობა აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება.

მარიამ ბუკია