„ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, მაგრამ წარსულში არ ვცხოვრობ“ - კვირის პალიტრა

„ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, მაგრამ წარსულში არ ვცხოვრობ“

მარსელელი ერიკ კანტონა ფეხბურთის ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა. მისმა მოედანზე თამაშის არტისტიზმმა და ცეცხლოვანმა ტემპერამენტმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. ერთ დროს პროფესიონალმა ფეხბურთელმა და მსახიობმა 1990-იან წლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" გარდაქმნა. მან პროფესიული კარიერა "ოსერში" დაიწყო, შემდეგ ითამაშა რამდენიმე ფრანგულ კლუბში, მათ შორის "მარსელში", "მონპელიესა" და "ნიმში". 1992 წელს გადავიდა "ლიდს იუნაიტედში", სადაც გუნდს პირველი დივიზიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა. გამორჩეული ტექნიკის, მოედანზე ქედმაღლობისა და აწეული საყელოს გამო ცნობილმა კანტონამ "ოლდ ტრაფორდზე" ხუთ წელიწადში ოთხჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა და მიიღო მეტსახელი "მეფე ერიკი". ქარიზმატულმა და რთული ხასიათის ვარსკვლავმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა, რათა მსახიობობას გაჰყოლოდა.

ის იყო ბრწყინვალე ნახევარმცველი, გამორჩეული ხედვით, ტექნიკითა და გოლის გატანის უნარით, სწორედ მან მისცა ბიძგი "მანჩესტერ იუნაიტედის" დომინაციას სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით და კლუბს 1993 წელს 26 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოაგებინა. ექვს წელიწადში ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (მათ შორის "ლიდს იუნაიტედთან" ერთად).

მისი კარიერის განმსაზღვრელი ეტაპი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო ლეგენდარული ნომერი "7" მაისურით, ის სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ბირთვი გახდა. მისმა ტექნიკამ, ხედვამ და გოლებმა კლუბს ხუთ სეზონში ოთხი პრემიერ-ლიგა და ორი FA Cup მოაგებინა. ის ასევე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია - 45 მატჩში 20 გოლი გაიტანა, მისი ოთხ-ნახევარი სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი ლეგენდაა.

მისი კარიერა დისციპლინური პრობლემებითაც გამოირჩეოდა, 1995 წელს კანტონა მოედანს ტოვებდა, რომ ფრანგი "კრისტალ პალასის"“გულშემატკივარ მეტიუ სიმონსის პროვოკაციას წამოეგო და კუნგ-ფუს სტილში ილეთი შეასრულა, რის შემდეგაც მუშტებიც ჩართო საქმეში. თავდაპირველად 2-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით 120-საათიან საზოგადოებრივ სამუშაოდ შეიცვალა, ხოლო ფეხბურთის ასოციაციამ 9-თვიანი აკრძალვა დაუწესა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა ასე იხსენებს თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ საქციელს 1995 წლის 25 იანვარს "კრისტალ პალასთან" მატჩში. "ძალიან ბევრჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა და არასოდეს მქონია რეაგირება, მაგრამ ხანდახან მოთმინება იწურება. მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ: უფრო მაგრად უნდა დამერტყა. ცხრა თვე დისკვალიფიკაცია მომცეს - უნდოდათ სხვებისთვის მაგალითი მიეცათ. ეს ერთი უბრალო მატჩი იყო. ჟურნალისტი გარეთ ხეზე იჯდა და ფოტო გადაიღო. სამწუხაროდ, ის არ ჩამოვარდა და მომდევნო დღეს ფოტო გაზეთებში მოხვდა. ამაზე წერდა ყველა და საფეხბურთო ასოციაციას გაუჩნდა ჩემი უფრო მკაცრად დასჯის სურვილი.

ფერგიუსონმა, როგორც ყოველთვის, სწორი სიტყვები იპოვა: "მე ის ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი. ის ჩემთვის მამასავით იყო. როცა მწვრთნელი მოთამაშის მიმართ ასე იქცევა, ფეხბურთელი სიცოცხლეს მისცემს მას, კლუბსა და გულშემატკივრებს. ყველამ ჩემი მხარე დაიჭირა. ბევრი კლუბი, უბრალოდ, გამაგდებდა ამის გამო, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა"“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. ამაში მდგომარეობს სხვაობა ამ გუნდსა და დანარჩენებს შორის".

1532448960-5b575181936a5-1776006731.jpg

იმ ინციდენტის შემდეგ კანტონამ "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ორი სეზონი ითამაშა და პრემიერ-ლიგის ტიტული ორჯერ მოიგო.

დისკვალიფიკაციის გამო "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1994-95 წლების პრემიერლიგა დაკარგა, თუმცა კანტონას დაბრუნებამ გუნდს შემდეგ სეზონში ლიგისა და FA ჩუპ-ის "დაბლი" მოაგებინა.

გულშემატკივარი მეთიუ სიმონსი მოგვიანებით დამნაშავედ ცნეს მუქარისთვის. ამას მოჰყვა სისხლის სამართლის საქმე და რვათვიანი დისკვალიფიკაცია, თუმცა მან შთამბეჭდავი დაბრუნება მოახერხა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა "ნიუკასლთან" და ტიტული მოიგო.

კანტონა ცნობილია ფილოსოფიური გამონათქვამებითაც:

"მე ადამიანი არა ვარ, მე კანტონა ვარ".

"მირჩევნია ვითამაშო და წავაგო, ვიდრე მოვიგო თამაშის გარეშე".

"შეგიძლია შეცვალო ცოლი, პოლიტიკა, რელიგია, მაგრამ ვერასდროს შეცვლი შენს საყვარელ საფეხბურთო გუნდს".

"მე მიყვარს ფეხბურთი. მიყვარს თამაში, მაგრამ მე ფეხბურთის მონა არა ვარ".

"მე კონკრეტულ გუნდს არ ვეთამაშები, მე ვეთამაშები წაგების იდეას".

"ჩემი საუკეთესო მომენტი? ბევრი კარგი მომენტი მქონია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომწონს, როცა ხულიგანს დავარტყი".

"მე მეოცნებე ვარ. უნდა ვიოცნებო და ვეცადო ვარსკვლავებს მივწვდე".

"თუ მტრები არა გყავს, ეს ნიშნავს, რომ იღბალმა დაგივიწყა".

"მე მიყვარს მსახიობობა. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა".

"ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, მაგრამ წარსულში არ ვცხოვრობ".

ნიკოლოზ თევდორაშვილი