პატრიარქის დარიგება წარსულიდან ანუ ის, რაც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს - კვირის პალიტრა

პატრიარქის დარიგება წარსულიდან ანუ ის, რაც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს

საქართველომ პატრიარქ ილია მეორის სახით ზეციური მფარველი შეიძინა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ილოცებს. ჩვენ კი არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რისკენ მოგვიწოდებდა ან გვაფრთხილებდა ჩვენი პატრიარქი. გთავაზობთ ამონარიდებს უწმინდესის სააღდგომო ქადაგებებიდან, გასული საუკუნის 80-იანი წლების ეპისტოლეებიდან (კომუნისტური მმართველობის დროს, როდესაც ქვეყანა საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო) და 90-იანი წლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდიდან საქართველოს უახლეს წარსულში. ვფიქრობთ, პატრიარქის მაშინდელი დარიგებები დღესაც აქტუალურია.

"დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას"

"სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის სულიერი დაუძლურების, არამედ მისი კეთილდღეობისათვის, ამ სიტყვის გლობალური გაგებით".

სააღდგომო ეპისტოლე, 1980 წელი

"ადამიანი თავისი თავისუფალი ნებისყოფით ირჩევს სიკეთეს ან ბოროტებას"

"დადგა დრო, როცა ომებს აღარ შეუძლიათ გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომელნიც ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებობენ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით მსოფლიოში წამოქმნილ კონფლიქტებს და მათ შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირებს, შეიძლება დავინახოთ, თუ როგორ ნათლად გამოხატავენ ისინი იმ ადამიანთა ხასიათის თვისებებს, რომელთა წიაღშიც ან რომელთა ნებითაც ეს ომები აღმოცენდებიან; ეს ვლინდება ნებისმიერი მასშტაბის მოვლენებში - პირადი იქნება თუ ოჯახური, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო. ადამიანი თავისი თავისუფალი ნებისყოფით ირჩევს ორიდან ერთს - სიკეთეს ან ბოროტებას".

სააღდგომო ეპისტოლე,

1981 წელი

"ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ"

"განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღემუდამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის შეერთებისათვის".

სააღდგომო ეპისტოლე, 1982 წელი

"როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი"

"თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოს და ბოლოს შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? - "ეს სისასტიკეა", შეიძლება თქვა ან გაიფიქრო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს გაგაღვიძოს; გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს... თუ იცი, რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი განვლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ".

სააღდგომო ეპისტოლე, 1983 წელი

"განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს?"

"ჩვენს საუკუნეში როდესაც ძალიან ბევრია უმაღლესდამთავრებული, ხოლო დანარჩენნი კი საშუალო განათლებით არიან, ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ განათლება კულტურას არ ნიშნავს. განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად; რა შეიძლება ითქვას ისეთ კაცზე, რომელმაც არასწორი გზით მოიპოვა მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, დაამციროს, შეურაცხყოს მისდამი დაქვემდებარებულნი, ატყუებს ხალხს და ცხოვრობს პრინციპით: "მე ვარ ხელმძღვანელი, შენ ხარ სულელი; შენ ხარ ხელმძღვანელი, მე ვარ სულელი". ასეთი ადამიანი შორსაა არა მარტო ღვთისა და რწმენისაგან, არამედ ყოველგვარი კულტურისაგან.

"ცუდად აღზრდილთათვის განათლება იგივეა, რაც მახვილი უგუნურთა ხელში", - წერს ერთი ღვთისმეტყველი. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას".

სააღდგომო ეპისტოლე,

1986 წელი

"უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით"

"ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მით უმეტეს, ურწმუნოთათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. განა იუდა ისკარიოტელის გამო შეიძლება უგულებელვყოთ ღვაწლი და შრომა სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმიდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგვინი მოიპოვეს?"

სააღდგომო ეპისტოლე,

1988 წელი

"9 აპრილის ღამემ..."

"9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულობას, გავიმარჯვებთ".

სააღდგომო ეპისტოლე,

1989 წელი

"სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი"

"დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი.

სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა".

სააღდგომო ეპისტოლე,

1991 წელი

"ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ..."

"ქართველ ხალხს მიმბაძველობისაკენ ლტოლვა ახასიათებს. ეს კარგია, თუ სასარგებლოს სწავლობ ანუ გაქვს ნიჭი თეთრის და შავის გარჩევისა, მაგრამ საშიშროება სწორედ იმაშია, რომ ხშირად განსჯის უნარი გვეკარგება და ცალმხრივად ბრმად ვიღებთ სხვისი ცხოვრებისა თუ აზროვნების წესს.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევითვისოთ სხვათა გამოცდილება და მიღწევები, ოღონდ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით. მხოლოდ მაშინ იქნება იგი ღირებული ჩვენი ხალხისთვის და ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი სხვა ქვეყნებისთვისაც. ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ქართული კულტურა და დღესაც ეს გზა უნდა გავაგრძელოთ".

სააღდგომო ეპისტოლე,

1992 წელი

"აფხაზეთის ომმა გაგვახსენა, რომ..."

"ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან.

დღეს მრავალი ჭაბუკი რწმენითა და მამულის წინაშე ზნეობრივი ვალის კარნახით იბრძვის. მართალია, დიდია ქვეყნის მთლიანობისათვის თავდადებულთა რიცხვი, მაგრამ გვჯერა, ღვთისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ისინი სასუფევლის ღირსნი გახდებიან და ქართველთა ზეციურ მხედრიონს შეუერთდებიან.

ჩვენ პატივს მივაგებთ იმ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც თითქოს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის რწმენით დაეცნენ, სინამდვილეში კი გარეშე ძალების ბოროტი ზრახვების მსხვერპლნი გახდნენ".

სააღდგომო ეპისტოლე,

1993 წელი