"უწმინდესმა გვითხრა, მონასტრებს ჩემგან კურთხევა აქვთ, მხოლოდ თქვენს სერიალს უყურონო“
"ჩემს თავისუფლებას ჩარჩოები აქვს - მორალიდან, ჩემი რწმენიდან, ქვეყნის მენტალიტეტიდან, კანონიდან გამომდინარე, საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებ", - ამბობს მსახიობი ჯაბა კილაძე. რა არის მისი პროფესიის მთავარი ხიბლი, ყველაზე დიდი თერაპია და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ. მანამდე კი გთავაზობთ მსახიობის დაუვიწყარ მოგონებას პატრიარქზე.
- უწმინდესთან შეხვედრის ბედნიერება მაშინ მქონდა, როდესაც სერიალს "შუა ქალაქში" ვიღებდით, მოგეხსენებათ, რამდენად რეიტინგული იყო, მაყურებლის დიდ სიყვარულს სულ ვგრძნობდით, მაგრამ უზომოდ გაგვახარა ამბავმა, როდესაც გვითხრეს, გადამღებ ჯგუფს პატრიარქი გიბარებთ, თქვენთან შეხვედრა სურსო. 20 წლის წინანდელი ამბავია. ძალიან ემოციური წუთები იყო, თბილი შეხვედრა მოგვიწყო. ყველანი დაგვლოცა და გვითხრა, მონასტრებს ჩემგან კურთხევა აქვთ, მხოლოდ თქვენს სერიალს უყურონო. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თითოეული ჩვენგანისთვის, ადვილი წარმოსადგენია. მსგავსი რამ ალბათ, არც არასდროს მომხდარა. "შუა ქალაქში" დღესაც აბედნიერებს მაყურებელს, წლები გავიდა და ისევ უყურებენ. მაშინ პატრიარქის შეფასება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი მოტივაცია იყო, ძალიან სასიამოვნოც...
ჩვენი პატრიარქი იმდენად დიდი პიროვნება იყო, ყველას გაგვიმართლა, მის დროში რომ ვიცხოვრეთ. ალბათ, დროც სჭირდება, მისი ღვაწლი სათანადოდ რომ აღვიქვათ და გავიაზროთ...
- დაბადების თარიღი...
- 1981 წლის 24 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა...
- ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მცდელობაც მქონდა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის დიდი ნიჭი არ აღმომაჩნდა (იცინის).
- ჩემზე ამბობენ...
- სამართლიანიაო. ვეთანხმები, ეს განცდა ჩემში ძალიან ძლიერია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ისევ საქართველოში დავიბადებოდი და ალბათ, იმავენაირად ვიცხოვრებდი, განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისთანაც ვსწავლობდი ამ პროფესიას, ვისაც კარიერაში ჩემთან გადაკვეთა ჰქონდა... იმდენად ბევრნი არიან, ჩამოთვლა შეუძლებელია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ჩემი სამშობლო საქართველოა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ოჯახი, საქმე, მეგობრები...
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ჩემი საქმის კეთების, ბოლომდე დახარჯვის.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- კარგზე ლაპარაკი უხერხულია.
- რაც არ მოგწონს, იმასაც გკითხავ.
- მშრომელი ვარ, მიზანდასახულიც და რადგან უნდა მკითხო, რა არ მომწონს, დაგასწრებ და ვიტყვი, ცოტა ზარმაცი ვარ, გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია. მაგრამ თამამად ვიტყვი, პროფესიაში სიზარმაცე არ მჩვევია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ცხოვრება. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და არა მხოლოდ საკუთარზე.
- ფიქრობ, რომ ყველა სწავლობს?
- ალბათ, გამონაკლისებიც არსებობენ. სხვის ნაცვლად ლაპარაკი რთულია. სულ ვცდილობ, დაშვებული შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანო. ზოგჯერ ადამიანები ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ მთავარია მტკივნეული ან სხვისთვის საზიანო არ იყოს.
- თვითკრიტიკული...
- ვარ და საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში ეს ძალიან მეხმარება. თავი ძალიან რომ არ დაიკომპლექსო და ზედმეტად არ შეიზღუდო, ბალანსის დაცვაა საჭირო, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.
- პატიება...
- შემიძლია. ქრისტიანები ვართ და მიმტევებლობას ჩვენს სარწმუნოებაში დიდი ადგილი უკავია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვერ აპატიებ ადამიანს, ან რომ აპატიო აზრიც აღარ აქვს.
- ვიბნევი...
- იშვიათად. ექსტრემალურ სიტუაციებში უფრო მობილიზებული ვხდები, მაქსიმალურ კონცენტრირებას ვახერხებ.
- ვნანობ...
- არის რაღაცები, რაზეც გულში ვფიქრობ, მაგრამ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა.
- ყველაზე მეტად მინდა...
- მსოფლიოში სიმშვიდე იყოს და ადამიანები ერთმანეთს არ ხოცავდნენ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- უსამართლობას.
- სიყვარული ეს...
- ეს ის არის, რაც დღემდე ვერც ერთმა გენიოსმა ვერ ახსნა და მე მთხოვ (იცინის)?
- ყველა თავისებურად მაინც ხსნის...
- ყველაზე მნიშვნელოვანი განცდაა, რაც ადამიანს სჭირდება. სიყვარული აცოცხლებს, ენერგიას აძლევს, ბედნიერების განცდას ანიჭებს ადამიანს... გულში სიყვარული თუ გაქვს და ისე მოქმედებ, ეს იმის დასტურია, რომ კეთილ საქმეებს აკეთებ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ... ბნელი 90-იანების ბავშვი ვიყავი. ვღელავდი, აფორიაქებული ვიყავი...
- მაკვირვებს...
- რატომ ვერ ისვენებს და ბოლოს რატომ ხდება ადამიანი სამყაროსთვის ზიანის მომტანი.
- ამას რა ახსნას უძებნი?
- არ ვიცი, მგონია, რომ დასაბამიდან ასეა. საბოლოო ჯამში სიკეთე მაინც დომინანტია, კაცობრიობა სხვაგვარად ვერ გადარჩებოდა. სამყარო ვითარდება, ვითარდებიან ადამიანებიც, მაგრამ იმ განვითარებას, ისევ ძალაუფლებისთვის, მცირე ერის დაჩაგვრისთვის იყენებენ. მაინც იქამდე მივდივართ, რომ კაცობრიობა ვერ ისვენებს, ასე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, მაშინაც იყო ომები და ასეა ახლაც. ტრიალებს, ბრუნავს, ტრიალებს, ბრუნავს...
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- კარგმა მუსიკამ, გარემომ, ადამიანებმა, მთამ, ზღვამ...
- განტვირთვის საუკეთესო საშუალება...
- შეიძლება მარტო ყოფნაც იყოს. ზოგჯერ მეგობრებთან გასვლა ან გარემოს შეცვლა მომინდეს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.
- ვრისკავ...
- დაფიქრების შემდეგ. თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა. სპონტანურადაც მიმოქმედია, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჭრამდე ასჯერ გაზომვა მირჩევნია.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- არის ის, რის გამხელისგანაც თავს შევიკავებ.
- ვამაყობ...
- რომ ქართველი ვარ. რომ ჩემი სამშობლო საქართველოა.
- ჩემთვის სამშობლო არის...
- ემოცია... ჩემს ქვეყანას რაც მეტად ვეცნობი, ვეძიები ჩვენს ისტორიას, რაც მეტ ქვეყანას ვნახულობ, მეტად მიყვარდება ჩემი საქართველო და სიყვარულის განცდაც მიასმაგდება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ძალიან მრცხვენია. როცა სპექტაკლი მთავრდება, მსახიობისთვის ტაში სასიამოვნოა, მაგრამ საჯარო შექება სულ სხვა რამეა.
- მეშინია...
- მკვეთრად გამოხატული შიში, რაიმე ფობია არ მაქვს, არც მქონია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- უყურადღებობის გამო. ბევრი საქმის დროს, შეიძლება რაღაც გამომრჩეს და უყურადღებობად ჩამეთვალოს, ეს არ მომწონს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ფეხბურთის თამაში, სიმღერა. პროფესიაში გამოწვევები მიყვარს, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვარ.

- სცენაზე ყოველი გასვლის წინ...
- მაქვს რიტუალი, თუმცა ესეც ძალიან ინტიმურია.
- ემოციურად რა დატვირთვა აქვს?
- თვითრწმენა მემატება, თითქოს ძლიერიც ვხდები.
- ვიტყუები, როცა...
- საჭიროა. ყველამ ვიცით "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ყველას გვქონია ვითარება, როცა კეთილი განზრახვით, ტყუილის თქმა საჭირო ყოფილა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს გამართლება. მატყუარა და აფერისტი კაცი არ ვარ.
- თავისუფლება არის...
- ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დღევანდელ სამყაროში ადამიანებს არეული აქვთ თავისუფლების გაგება.
- შენი თავისუფლება როგორია?
- ჩემს თავისუფლებას ჩარჩოები აქვს - მორალიდან, ჩემი რწმენიდან, ქვეყნის მენტალიტეტიდან, კანონიდან გამომდინარე საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ, რა მოცემულობაა, გარკვეული ფორმის და წესის დაცვა ცუდი არ არის. შენი თავისუფლება ანარქიაში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ყოველთვის იმას გააკეთებ, რაც გენდომება, ეს უკვე ანარქია იქნება.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლს აღვადგენდი, მოვუვლიდი. არქეოლოგიურ კვლევებში დიდ თანხას დავხარჯავდი. ყველა ციხე-სიმაგრეს აღვადგენდი. რამდენიც არ უნდა მქონდეს, სულ საქართველოსთვის დავხარჯავდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ხან განმარტოება, საკუთარ თავთან ჩაღრმავება და ფიქრი მშველის. ზოგჯერ ადამიანი რთული მდგომარეობიდან ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ურთიერთობამ, მუსიკამაც კი შეიძლება გამოიყვანოს. ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპია ჩემი პროფესიაა.
- მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლია...
- როდესაც ადამიანების ცოცხალ ემოციას ეხები. მაყურებელი დარბაზშია, გიყურებს და მათთან ერთად გადიხარ მთელ პროცესს, ამას ენა ვერ აღწერს, ყველაზე დიდი სიამოვნება და ემოციაა. თავად პროცესი დიდ სულიერ საკვებს გაძლევს. ჩემი კოლეგები და კარგი მაყურებელიც მიმიხვდება, ახლა ზუსტად რას ვამბობ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ადამიანი სანამ ცოცხალია, არ უნდა გაჩერდეს, სულ უნდა იმოძრაოს ანუ განვითარდეს, არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით, საკმარისად არ ჩათვალოს.
- დაბოლოს გეტყვით...
- პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრებს, იმიტომ რომ პატივი ვცეთ ჩვენს ქვეყანას, გვიყვარდეს სამშობლო, ერთმანეთი, კარგად გავაანალიზოთ ბევრი რამ და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ!
თამუნა კვინიკაძე