„მითხრა, ახლა „ავე მარიას“ ვწერ და როცა ვმუშაობ, სულ შენი ხმა ჩამესმისო“
საოპერო მომღერალ იანო ალიბეგაშვილთან საუბარი პატრიარქთან პირველი შეხვედრის გახსენებით დავიწყეთ.
- ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს სიონში მივედი, ტაძარში მგალობლები გალობდნენ, ვიდექი და მონუსხული ვუსმენდი. აღმოვაჩინე, რომ მათ ჩემი კურსელი ეთერ კოხოძე დირიჟორობდა. ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა. მითხრა, იანო, რომ იცოდე, პატრიარქს თავის მიწა-წყლის ხალხი ძალიან უყვარს, არ გინდა, გაგაცნოო? მოგეხსენებათ, მოხევე ვარ. უწმინდესთან შეხვედრა როგორ არ მინდოდა, ამაზე კარგი რა უნდა მენატრა, მაგრამ თან უდიდესი რიდი და მოკრძალება მქონდა. თითქოს შევშინდი, ვფიქრობდი, განა ღირსი ვარ, უწმინდესი შემხვდეს? როგორ უნდა წარვმდგარიყავი მის წინაშე, წარმოდგენაც კი მიჭირდა. ჩემი მეგობარი კი დაბეჯითებით მიმტკიცებდა, დამიჯერე, უწმინდესს მოხევეების ნახვა ყოველთვის ახარებსო. ასე შემაგულიანა. მაშინ პატრიარქს რეზიდენცია სიონში ჰქონდა. იქ ძალიან შინაურული გარემო იყო, უდიდესი მადლი იგრძნობოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს, ტრაპეზი იყო, ამ შეხვედრისთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ გავოცდი, პატარა სტუდენტ გოგონას უწმინდესი ფეხზე რომ წამომიდგა. მომნუსხა მისმა თავმდაბლობამ, სითბომ, უბრალოებამ...
- უწმინდესის თანატოლი მოხევეები, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, ყველა აღნიშნავდა, რომ გამორჩეული იყო.
- დიახ, ოჯახი დიდწილად განსაზღვრავს როგორ პიროვნებად ყალიბდები. ოჯახსა და ბავშვობაზეც ყოველთვის მოკრძალებულად საუბრობდა. საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას გვინერგავდა ჩვენი კუთხის ხალხის მიმართ. ხელოვანებს ეხმარებოდა, მათ წარმოჩენას ცდილობდა.
ტრაპეზის შემდეგ წინა დარბაზში ჩამოვსხედით. მე ჩუმად ვიყავი, უწმინდესთან რა უნდა მელაპარაკა? თავად მკითხა, - აბა, როგორ ხარ, რას აკეთებ, შენი სწავლის საქმე როგორ მიდისო? მეც მოკრძალებულად ვპასუხობდი. მაგიდაზე წმინდა ნინოს პატარა მონუმენტი იდო. უწმინდესმა მითხრა, ეს მოხევის გაკეთებულია, მინდა გაჩუქოო, თან სახეზე მიყურებდა. როგორც თავად სიამოვნებდა მოხევეების დიდი სიყვარული და ყურადღება, უნდოდა, ჩემთვისაც იგივე სიყვარული გადმოეცა. ეს ძალიან ძვირფასი სახსოვარი შინ მაქვს და გვერდით რომ გავუვლი, სულ ვეფერები.
ერთხელ ოპერაში "დონ კარლოსი" უნდა მემღერა, მთხოვა, შინაარსობრივად ამიხსენი საქმე რაშიაო? თხრობა რომ დავიწყე, უხერხულობაში ჩავვარდი, ვერ გავიგე, როგორ ამეხსნა მისთვის შესაფერისად, სულ მორიდებული და დაბნეული ვიყავი. ბოლოს ისე ჩავიხლართე, როგორც მეგობარი გეტყვის, ისე მითხრა: "ვერაფერი ვერ გამაგებინე". ეს მომენტი დიდი სითბოთი მახსენდება.
- თქვენ ნათესაური კავშირიც გქონდათ, არა?
- ბებიაჩემისგან ვიცოდი, რომ ჩვენ ნათესავები ვიყავით, ერთი შტოდან, ბებია ღუდუშაური იყო, მაგრამ ამას უწმინდესს რატომღაც არ (ვერ) ვეუბნებოდი, მერიდებოდა. იცით, რომ ჩემი ნათესავი ხართ-მეთქი, ასე ვერ ვეტყოდი.
ერთ შეხვედრაზე ძალიან შინაურულად, ისე, რომ სხვა არავინ გვესწრებოდა, სნოსთან დაკავშირებულ ამბავს მიამბობდა, ღუდუშაურები ახსენა, მაშინ კი გავბედე და ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ბებია ღუდუშაურია-მეთქი. სიჩუმე ჩამოვარდა... პაუზის შემდეგ მკითხა: "მართლა?" დიახ, ბებიას თამარი ჰქვია, სნოდან არის-მეთქი. იცი, რომ ჩვენ ერთი შტო და ერთი ოჯახი ვართო? მისი სიტკბო თითქოს გაორმაგდა, ეს ჩემი უძვირფასესი მოგონებაა.

- "ავე მარიას" შემსრულებელი როგორ გახდით?
- საპატრიარქოში იმ დარბაზში ვისხედით, სადაც ღამის ლოცვები ტარდებოდა. უწმინდესი თავის სავარძელში, მე მის გვერდით, დივანზე. მითხრა, ახლა "ავე მარიას" ვწერ და როცა ვმუშაობ, სულ შენი ხმა ჩამესმის, ძალიან მინდა, შენ შეასრულო, ვიცი, შეძლებო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. "ავე მარიას" ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ვეპყრობი, ემოციურადაც სულ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს.
საპატრიარქოში ვინც კი მიდიოდა, საპატიო სტუმარიდან დაწყებული, შინაურებით დამთავრებული, ყველას ასმენინებდა. მე რომ მივიდოდი, მაშინაც ართვევინებდა და მასმენინებდა - ეს ხომ შეფასებაა.
- "ადამიანი წერს იმ საგალობელს, რომელიც დიდი ხანია ჟღერს მის გონებაში და მის სულში"... - ეს პატრიარქის სიტყვებია.
- დიხ, ასეა. როგორც მითხრეს, "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", აგვისტოს ომის შემდეგ დაუწერია. ის ბრძოლის ხაზზე რომ შევიდა, უდიდესი დარტყმა მიიღო, ყველაფერი თავის თავზე აიღო. ყოველი დაკარგული ქართველი მისი ტანჯვა იყო.
- როგორც ვიცი, დედის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში აღარ ჩამოდიოდით. თქვენი დაბრუნება უწმინდესის სახელთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მიამბეთ.
- 1992 წელს დედა რომ გარდამეცვალა, ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო. საქართველოში აღარ ჩამოვდიოდი, რა თქმა უნდა, არავის ბრალი არ იყო, მაგრამ მაშინ თითქო მთელ ქვეყანას ვაბრალებდი მის გარდაცვალებას. იმ სახლში ვეღარ ვბრუნდებოდი, სადაც დედა აღარ დამხვდებოდა. დაახლოებით 4 წლის შემდეგ, დამირეკეს უწმინდესის კურთხევით სააღდგომო ფესტივალი ტარდება და მისი სურვილია, კონცერტით ჩამოხვიდეო. მანანა დავითაშვილი მესაუბრა, ის იყო ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი. უწმინდესის სახელი რომ ახსენეს, იქ ჩემი თავისთვის არანაირი შეკითხვა აღარ დამისვამს, ვთქვი, აუცილებლად ჩამოვალ-მეთქი და როცა ჰონორარზე მკითხეს, რამდენი უნდა გადაგიხადოთო, ვთხოვე, ეს შეკითხვა მეორედ აღარ დაესვათ. მე ჩამოვედი მთელი გულით იმისთვის, რომ უწმინდესი მესიამოვნებინა. ის ოპერაში მობრძანდა და ბედნიერი ვიყავი, რომ იმ დღეს მისთვის ვმღეროდი. უწმინდესი ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ძალა, ხალისი, გაორმაგებული ენერგია მქონდა, ჩემს კონცერტს რომ ესწრებოდა. ამჯერად კონცერტის დასრულების შემდეგ, ის თავად ამობრძანდა სცენაზე და ლამაზად შემაქო, საოცარი სიტყვები თქვა: "მისი ხმა ძლიერია, როგორც თერგი, მედიდური - როგორც ხევის მთები და ნაზი, - როგორც წყარო ანკარა". ამ ეპიზოდის ჩანაწერიც არსებობს.
- ადამიანები, რომლებსაც უწმინდესთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, აღნიშნავენ, რომ მას ფიქრების წაკითხვა შეეძლო. მსგავსი შემთხვევა თქვენც ხომ არ გახსენდებათ?
- ორჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა, მან უსიტყვოდ გაიგო ჩემი მდგომარეობა. ბავშვი რომ შემეძინა, უკვე ძალიან გამიჭირდა და გადაწყვეტილი მქონდა, სცენა დამეტოვებინა, ყველანაირ კარიერას და აღიარებას მერჩივნა ჯანმრთელი შვილი მყოლოდა და მე მის გვერდით ვყოფილიყავი. ასეთ რთულ მდგომარეობაში და განცდებში ვიყავი, როცა უწმინდესთან მოსაკითხად მივედი. მას ჩემს პრობლემაზე არასდროს ველაპარაკებოდი. ისევ იმ დარბაზში ვისხედით, სადაც შემომთავაზა "ავე მარია" შემესრულებინა. ჯერ ორივე ჩუმად ვიყავით. მერე შემომხედა და მკითხა: "როგორა ხარ?" კარგად, თქვენო უწმინდესობავ. მივხვდი, შემოხედვით მაგრძნობინა, რომ იცოდა, რა გაჭირვებაშიც ვიყავი და მისთვის ყველაფერი მომეყოლა. მე კი მისი დამძიმება არ მინდოდა, არადა, ტირილს ძლივს ვიკავებდი და ვცდილობდი გამეღიმა. პაუზის შემდეგ ისევ მკითხა{: "როგორა ხარ?" კვლავ მაგრძნობინა, არ გინდა, მითხრა, მე ხომ ვიცი, რაღაც გაწუხებსო. ისევ იგივე სიტყვები გავუმეორე და მხრები ავიჩეჩე. მეტჯერ აღარ უკითხავს, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად იგრძნო. შინ რომ დავბრუნდი, ბევრი ვიტირე.
მეორე შემთხვევა საოცრება იყო. საპატრიარქოში ტრაპეზზე ვისხედით, საღამო იყო, უეცრად უწმინდესს წასთვლიმა. ყველანი გავჩუმდით, მისთვის მყუდროება რომ არ დაგვერღვია. ტრაპეზს მეუფეები ესწრებოდნენ. უწმინდესმა თავი უეცრად ასწია და პირველად მე შემომხედა და იკითხა, - აქ ბავშვი რომ ტირის, ვინ არის? ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. მეუფეებმა ღიმილით უთხრეს, თქვენო უწმინდესობავ, ახლა აქ ბავშვი არავინაა. ისევ შემომხედა და თავი ჩახარა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა... იტალიაში დავბრუნდი, მეორე დღეს ჩემი ძმა მირეკავს და მეუბნება, რომ უფროსი ბიჭი უეცრად გარდაეცვალა. ეს საშინელება იყო... მაშინვე უწმინდესის თვალები გამახსენდა... მსგავსი განსაცდელი ღმერთმა ყველას გვაშოროს!
- ემიგრაციის თემაზე პატრიარქთან გისაუბრიათ? ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება მისი უდიდესი სურვილი იყო.
- ერთხელ მკითხა, საქართველოში ბინა გაქვს? არა-მეთქი. უნდა იყიდოო. ამ სიტყვებით სტიმული მომცა და ბინა მართლა შევიძინე. ზუსტად იმ პერიოდში უწმინდესმა სნოში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ჩვენ ერთმანეთს ვეკითხებოდით, როგორ მიდიოდა რემონტი... გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხა, სახლის ამბავი როგორ არის, რემონტი დაასრულეს? - არა თქვენო უწმინდესობავ, ხელოსნებმა ეს პროცესი ძალიან გაწელეს-მეთქი. პატრიარქი ხშირად სნოსთვის განკუთვნილ სარემონტო მასალებსაც კი მაჩვენებდა და მეკითხებოდა, მოგწონს? მიხსნიდა, ეს ყაზბეგის ქვაა, იცი? რას მეტყვი, აბა, რომელი ფერი სჯობს?
შემდეგ იტალიაში წავედი, ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი და უწმინდესთან მივედი, ისევ სახლის ამბავი მკითხა, ალბათ, დაამთავრეს, ხომ იცი, უნდა აკურთხებინოო. ღიმილით დავიწუწუნე, როგორ ვაკურთხებინებ, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თქვენი ალბათ, დასრულდა-მეთქი. არა, არც ჩემი დასრულებულაო. გავიკვირვე, ხელოსნები თქვენც ასე გექცევიან-მეთქი? "მატყუებენ, მატყუებენ" - ისეთი უშუალო და საყვარელი იყო, როგორ შეიძლებოდა მის ამ ნათქვამზე არ გაგღიმებოდა. ორივეს გაგვეცინა...
იტალიაში ვიყავი, როდესაც ჩვენი ტკბილი პატრიარქის გარდაცვალების ამბავი გავიგე, წამოვედი, რომ უკანასკნელ გზაზე გამეცილებინა...
- და მისი საყვარელი "ავე მარია" უმღერეთ...
- ძალიან სევდიანი იყო ეს შესრულება, ვტიროდი და ისე ვმღეროდი. არასდროს დამავიწყდება ეს გამომშვიდობება. ალბათ ყველაზე ლამაზი გამომშვიდობება, რაც შეიძლებოდა მენატრა. "ავე მარია" იყო უწმინდესის გამორჩეული ნაწარმოები და თითქოს მისი სული ხარობდა. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ბაკურ ბაკურაძეს, ვინც ეს მოიფიქრა, წამი წამში ჩამჯდარი საოცარი ცერემონია იყო, ასე ყველაფერი როგორ გაზომა. ვნახე, კულტურის მინისტრი ეზოს როგორ წმენდდა...
- თითოეულ ჩვენგანს უწმინდესმა არაერთი შეგონება დაგვიტოვა. თქვენთვის რა არის მთავარი?
- უბრალოება, სიყვარული, თავმდაბლობა, მიმტევებლობა... ეს ჩემი ცხოვრების კანონია. ბავშვობიდან მახსოვს, რომ "მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან". ცხვირი მაღლა არც ერთმა არ უნდა ავწიოთ. ვინ ვართ საერთოდ? ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ადამიანი უნდა გვიყვარდეს...
ჩვენ გვაძლიერებს და გვამდიდრებს ისეთ დიად პიროვნებებთან შეხვედრა, როგორიც უწმინდესი იყო. მან მე სულიერად ძალიან გამამდიდრა.
თამუნა კვინიკაძე