მეჩითოვიც გაიჩითა - კვირის პალიტრა

მეჩითოვიც გაიჩითა

ეპოპეა, სახელად - "საქართველოში მინისტრების მოადგილეების დანიშვნები და ამასთან დაკავშირებული სასაცილო ამბები" - გრძელდება.

ეს კარგია, რადგან სიცილი - ჯანმრთელობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იური მეჩითოვი არა ჯანდაცვის, არამედ კულტურის მინისტრის მოადგილეა, ერის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მასაც დაუფასდება და ამიტომ რაც უფრო ხშირად ილაპარაკებს ისეთ... მმმ... სისულელეებს (ძააალიან შევარბილე), როგორსაც უკვე ძალიან პოპულარულ ვიდეოჩანაწერში აფრქვევს, მით უკეთესი ყველასთვის - ვიცინებთ და ვიქნებით ჯანმრთელები!

ოღონდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს: ზოგიერთ გურულს იუმორის გრძნობა არ გააჩნია (მათ შორის, მეც) და შეიძლება ეწყინოთ - რაღაც მინერალები აკლიათ და "სდვინუტები" არიანო, რომ თქვა!

რას ვიზამთ, "ზატო" "ზამმინისტრა" გვყავს "პრადვინუტი" და მოგვხედავს ამდენ "სდვინუტის".

არადა, რა კარგი იქნება, ყველამ რომ თავის საქმეს მიხედოს - ხალხიც დაგიფასებს,

დიდხანსაც ემახსოვრები, დაგლოცავენ. მაგალითად, როგორი სიყვარულით ათვალიერებენ ადამიანები ძველ ფოტოებს, რომლებიც ხშირად სევდიან, მაგრამ ყოველთვის ძვირფას მოგონებებს გვინახავს და ეს მოგონებები რომ ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, ხომ იმ ოსტატის დამსახურებაა, რომლის სახელიც სურათის ქვედა ნაწილში მოკრძალებულად არის მითითებული ქართულ-რუსულად: "ფოტო - იურა"!

ასე არ ჯობია?! ქუდი მექუდემ კეროს და ქართველ ტომთა ეთნოფსიქოლოგიაზე ვინმე სხვამ ილაპარაკოს, ვისთვისაც უპრიანია მინისტრის მოადგილეობა - ტაქსისტმა, მსახიობმა, ფეხბურთელმა... მით უმეტეს, რომ საქართველოში მინისტრობა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ სახიფათო "პროფესიაა" - აგე, ბაჩო-ბაჩუკი-ბაჩანა ახალაია, ერთ კი არა, რამდენიმე სამინისტროში მუშაობდა, თანაც მოადგილედ კი არა (თუმცა მოადგილედაც), მინისტრად და არის ახლა იქ, სადაც არის!..

სამაგიეროდ, ხალხის სიყვარული მოიპოვა - ერთი გოგოა, თეა თუთბერიძე ჰქვია, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მოღვაწეა და მის ნათქვამს თავისუფლად შეიძლება "ხმა ერისა" ეწოდოს, ჰოდა, ეს თეა ამბობს, ნეტავ ჩემი შვილი გამოვიდოდეს ბაჩო ახალაიასნაირიო...

არ ვიცი, რატომ გააბრაზა ბავშვმა თუთბერიძე, ასე რომ "დალოცა", მაგრამ ახალაია რომ ახლა "ევროპული სტანდარტის ციხეში" ყურყუტებს, ამ ფაქტს ვერსად გაექცევა. თანაც წესებიც ზედმიწევნით ევროპულ-სტანდარტულ-ოცდამეერთესაუკუნურია. ამბობენ, გული უგრძნობდა, რომ მალე იქაური წესებით მოუხდებოდა ცხოვრებაო, თუმცა მე არ მჯერა ეს - თეა თუთბერიძის ავტორიტეტს ვენდობი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, როლანდიჩი, როდესაც ამ წესებს ადგენდა, თვალზე ცრემლმომდგარი, პატიმრების ბედზე ფიქრობდა: პატიმარი ცუდადაც რომ იყოს, მას ან მის თანასაკნელს უფლება არ აქვს, ზედამხედველს დაუძახოს - უნდა ელოდოს, როდის ჩაივლის დერეფანში ზედამხედველი და კარზე დატანებული ხვრელიდან ხმადაბლა (!) უთხრას: "ბატონო ზედამხედველო, ვკვდები"; საკუთარი ტანსაცმელი საკანში არსებულ ხელსაბანში რომ გარეცხოს, ამის უფლება აქვს, მაგრამ გაშრობა არ შეიძლება!!! (განსაკუთრებით მინდა, მისი ნაშემოქმედარი ეს წესი მასვე აასრულებინონ) - ამის გამო, თურმე ღამე ფენენ ტუმბოზე სარეცხს, ხოლო დილას, შემოწმებამდე, ნახევრად სველს საწოლში მალავენ; თუკი ბოლოს და ბოლოს, ავადმყოფი პატიმარი ეღირსა და ექიმთან გამოიძახეს, ის სწრაფად უნდა გამოვიდეს დერეფანში, ხელები ზურგზე დაიწყოს, მოიხაროს და სირბილით წავიდეს მითითებული მიმართულებით! (სირბილით! ექიმთან! ავადმყოფი!)

ოე, შტერო თუთბერიძე!

ყველაფერი რომ ტყუილი იყოს, რასაც "წმინდა ბაჩანას" შესახებ "დემოკრატიის მტრები" ამბობენ, მხოლოდ ამ "წესების" შედგენისთვის უნდა აცხოვრო ამავე "წესებით" კარგა ხანს.

P.S.

"საერთაშორისო სარბიელზეც" კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!" - ნატოს გენერალური მდივანი სააკაშვილს შეხვდა და ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გამოო. მე არ მწყენია, პირიქით - ხვალ (მე არ ვიცი შედეგი, თქვენ გეცოდინებათ, როცა ჟურნალის ამ ნომერს იყიდით) ივანიშვილი შეხვდება და კარგი "სატოპკე" ექნება, აუხსნის იმ პატიოსან კაცს, რომ მიშა "ნახალკას

ტენის" და სინამდვილეში ეგრე არ არის...

ვინ დააცადა?! არა, არა - მიყვარს ქართველები! უცებ ვითვისებთ ტექნოლოგიებს! რაო? - ეგ ჩვენზე თქვაო?! აგერ "ფეისბუქი" და მისი ჯანი! აქ ადგილი აღარ გვაქვს და ამიტომ მხოლოდ ერთ გზავნილს მოვიტან იმ ათასიდან, რომელიც ქართველებმა ქართულად(!) გაუგზავნეს რასმუსენს და, ცხადია, დიდ ბოდიშს გიხდით ზუსტი ციტირებისთვის: "რასმუსენ, შე სირო!"

...გვეშველება რამე?..