თუ დამსაქმებელი არ ანაზღაურებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს
ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს მოქალაქეთა შეკითხვებს.
- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამატებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?
- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?
- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?
- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. `საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.
- სასამართლოს გარეშე აქვს თუ არა რომელიმე უწყებას ქონებაზე ყადაღის დადების უფლება? შესაძლებელია თუ არა დაყადაღებული ბინის გაყიდვა და მყიდველს რა გზის გავლა მოუწევს ყადაღის მოსახსნელად?
- საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ქონებაზე ყადაღის დადება არ არის მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა, თუმცა ასეთი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და მკაცრი პროცედურების დაცვით. ყადაღა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს მოთხოვნის უზრუნველყოფის ან ვალდებულების იძულებით შესრულების საჭიროება. სასამართლოს გარდა, ასეთი უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, საქართველოს ეროვნული აღსრულების ბიუროს, როდესაც საქმე უკვე გადავიდა აღსრულების ეტაპზე და არსებობს აღსრულების საფუძველი (სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და სხვა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია დაადოს ყადაღა მოვალის ქონებას ვალისდებულების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, საგადასახადო დავალიანებების შემთხვევაში, გარკვეული პირობებით, საქართველოს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის ქონების დაყადაღება, თუმცა ესეც ხდება ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე და ექვემდებარება გასაჩივრებას. ყველა ასეთ შემთხვევაში მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და სხვა სპეციალურ ნორმებს, რაც უზრუნველყოფს მესაკუთრის უფლებების დაცვას და გასაჩივრების შესაძლებლობას.
რაც შეეხება დაყადაღებული ბინის გაყიდვას, ასეთი ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყადაღა, როგორც წესი, არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვა და ის `გადაჰყვება~ ქონებას. ეს ნიშნავს, რომ მყიდველი შეიძენს ქონებას უკვე არსებული შეზღუდვით და იმ რისკების მატარებელი გახდება, რაც ამ ყადაღას უკავშირდება. ყადაღის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფუძვლის გაუქმების შემდეგ, რის გამოც იგი დაედო აღნიშნულ ქონებას. ამდენად დაყადაღებული უძრავი ქონების შეძენა მაღალი რისკის შემცველია.
- ჩემს მეუღლეს, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ უშვებენ საქართველოში, არაფერი განუმარტეს და ისე გააბრუნეს უკან. 4 წელია ვართ დაქორწინებული, გვაქვს ოფიციალური ხელმოწერა იუსტიციაშიც. გვყავს შვილი. ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რატომ არ უშვებენ საქართველოში. სად შემიძლია ოფიციალურად მოვითხოვო ამაზე პასუხი?
- უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში არშემოშვება ვერ იქნება დაუსაბუთებელი და განმარტების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ის წარმოადგენს საქართველოს მოქალაქის მეუღლეს და გყავთ საერთო შვილი. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, `უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ~ კანონის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს უფლება გარკვეულ შემთხვევებში უარი უთხრას უცხოელს ქვეყანაში შემოსვლაზე, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებს, როგორიცაა უსაფრთხოების ინტერესები, ვიზის რეჟიმის დარღვევა ან სხვა კანონით განსაზღვრული გარემოებები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ და დაასაბუთოს იგი. თქვენს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თქვენ იმყოფებით კანონიერ ქორწინებაში უკვე რამდენიმე წელია და გყავთ საერთო შვილი, რაც ქმნის ოჯახის ერთიანობის დაცვის ძლიერ სამართლებრივ საფუძველს. ოჯახის ერთიანობის პრინციპი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით და სახელმწიფოს მხრიდან მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, პროპორციული და აუცილებელი. ამიტომ, იმ ვითარებაში, როდესაც თქვენი მეუღლე ქვეყანაში არ შემოუშვეს ყოველგვარი განმარტების გარეშე, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ წერილობითი პასუხი შესაბამისი ორგანოსგან. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მის შესაბამის დანაყოფს - სასაზღვრო პოლიციას და მოითხოვოთ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რის გამოც თქვენს მეუღლეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის ასლი. პარალელურად, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებით იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ საქმე ეხება ოჯახის ერთიანობასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რაც სამართლებრივად მაღალი დაცვის ობიექტს წარმოადგენს. თუ ადმინისტრაციული ორგანო არ მოგაწვდით პასუხს ან აღმოჩნდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ან არაპროპორციულია, გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და გაასაჩივროთ აღნიშნული ქმედება.
- მქონდა 10-წლიანი სესხი აღებული და შევიძინე ბინა. 3 წელი ვიხდიდი პროცენტებს. მოხდა ისე, რომ სამსახური დავკარგე და ახლა არა მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ გადავიხადო, ბანკი კი უარს ამბობს ყოველთვიური გადასახადის შემცირებაზე. ასეთ შემთხვევაში საქმე რომ გადაეცეს სასამართლოს, რამდენად არის შანსი, რომ ბინიდან გამასახლონ? მყავს არასრულწლოვანი შვილები და ვარ მარტოხელა დედა.
- ვინაიდან ბანკის წინაშე გაქვთ ვალდებულება დარჩენილი, არა აქვს მნიშვნელობა საფუძველს, თუ რატომ ვერ იხდით სესხის თანხას. თუ ბანკი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს თქვენთვის თანხის დაკისრებას, დადგება იპოთეკით დატვირთული ქონების ანუ ბინის რეალიზების საკითხი. აღნიშნული სამართალწარმოება შესაძლოა გაიწელოს, თუმცა შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ბინის რეალიზება და შესაძლოა ახალმა მეპატრონემ მოითხოვოს ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა, რაც გამოსახლებას ნიშნავს. სამართალწარმოებისათვის არა აქვს ასევე მნიშვნელობა იმას, რომ გყავთ არასრულწლოვანი შვილები, შესაძლოა ამ გარემოების გამო რამდენიმე თვით გადაიდოს გამოსახლება, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც ეს იქნება.
- როცა ანდერძი არსებობს და შემდავებელი არავინ არ არის, არის თუ არა აუცილებელი სამკვიდროს გახსნა?
- დიახ, სამკვიდროს გახსნა ყოველთვის სავალდებულოა, სამკვიდროს გასახსნელად მემკვიდრემ, იქნება ეს ანდერძისმიერი თუ კანონისმიერი უნდა მიმართოს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ნებისმიერ ნოტარიუსს. იმ შემთხვევაში, თუ გასული გაქვთ სამკვიდროს გახსნის 6-თვიანი ვადა, დაგჭირდებათ იურიდიული ფაქტის დადგენა, რომ აღნიშნული სამკვიდრო მიღებული გაქვთ ფაქტობრივი ფლობით.
- არ გვინაზღაურებენ ზეგანაკვეთურ საათებს, ყოველთვის გვიწევს ზედმეტად დარჩენა სამსახურში და რომ მოვითხოვეთ დაემატებინათ ხელფასი, უარი მივიღეთ. სად შეგვიძლია ჩვენი სიმართლის დამტკიცება და როცა კერძო კომპანიაში ხარ, შრომის ინსპექციაში ჩივილს რამდენად აქვს აზრი?
- ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ხდება მაშინ, როდესაც მხარეები თანხმდებიან დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაზე დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ ანაზღაურებს თქვენს შესრულებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მიმართეთ შრომის ინსპექციას. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა, რაც ნიშნავს, რომ ინსპექციის ყველა თანამშრომელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საჩივრის/გამოკითხული პირის ვინაობა. შრომის ინსპექციის სამსახური გამოიკვლევს თქვენს საჩივარს და საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში მიიღებს სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას.