დაგველოდეთ! ანუ დაუსრულებელი სამართლის მოლოდინში
სამოქალაქო დავები სასამართლოში წლების განმავლობაში რომ გრძელდება, ეს ყველამ იცის. ამის მიზეზად სასამართლოს გადატვირთულობა სახელდება. თუ გაგიმართლათ და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ სასამართლომ თქვენი საჩივარი განიხილა და მით უფრო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, უნდა იცოდეთ, რომ ესეც არაფერს ცვლის, რადგან ამ დროს მეორე მხარე, მოწინააღმდეგე, გაჭიანურების მიზნით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ შესაძლოა უზენაეს სასამართლოშიც და კიდევ კარგა ხანს დაგჭირდებათ ლოდინი...
თუმცა არც ამ რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ აღწევენ მოქალაქეები სასურველ შედეგს - უკვე ახალ პრობლემებს აწყდებიან, ამჯერად ახალ უწყებაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მოქალაქეებს შეაქვთ განცხადება, თან ურთავენ დიდი ბრძოლით მოპოვებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღსრულების მომსახურებაში სოლიდურ თანხასაც იხდიან, ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ ეუბნებიან, რომ გადატვირთულები არიან და ახალ, ამჯერად აღსრულების რიგში უწევთ დგომა. არავინ ეუბნება მათ, კიდევ რამდენი წელი მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ სიმწრით მოპოვებული მოგებული საქმე როგორმე აღმასრულებელმა აღასრულოს.
როცა საქმე ქონებიდან გამოსახლებას ეხება, წესით, აღსრულების პოლიცია უნდა ჩაერთოს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ათასი საქმეა დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში თაროებზე შემოდებული...
ადვოკატი მაია ქავთარაძე მისი მონაწილეობით დასრულებულ არაერთ საქმეზე უშედეგოდ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
- აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას წლობით აჭიანურებენ, განსაკუთრებით მაშIინ, როცა საქმე ეხება გამოსახლებას.
ჩვენ ხელთ გვაქვს ჯერ კიდევ პანდემიამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯერაც არ აღსრულებულა. გამოსახლების საქმე ბოლოს როდის იყო, გულწრფელად გითხრათ, აღარც მახსოვს. ჩემი კოლეგებიც ამბობენ, სისტემატურად ვრეკავთ აღმასრულებლებთან, საიდანაც გვაქვს ასეთი შაბლონური პასუხი - დაგველოდეთ!
გამოსახლება ოფიციალურად შეჩერებული არ არის, პანდემიის დროს იყო შეჩერებული, მერე თქვეს ზამთარია და გამოსახლებები ცოტა ხანს არ იქნება, გაზაფხულიდან დაიწყებაო; გაზაფხულზე ამბობენ, შემოდგომიდან დაიწყებაო; შემოდგომაზე, ისევ ზამთარია და ახლა ვერ გამოვასახლებთ, გაზაფხულზე აუცილებლად დაიწყებაო - ასე დაუსრულებლად მიდის ეს პროცესი. ამაში კონკრეტულად საქმის აღმასრულებლებს ვერ დავადანაშაულებ. თავიანთი ინიციატივით, ალბათ, ვერაფერს გააკეთებენ. მაშინ რისთვის გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები?
წარმოიდგინეთ, მე 2016 წლიდან მაქვს ერთი საქმე და დღემდე გამოსახლების დანიშვნას ვერ ვეღირსეთ. არ არსებობს სამოქალაქო საქმეთა ადვოკატი, რომელიც ამ პრობლემას არ შესჯახებია. გვიჭირავს ხელში კანონიერად შესული გადაწყვეტილება და არ ხდება აღსრულება. ვერც იმას გვეუბნებიან, როდის დაინიშნება და არც იმას, რატომ არ ინიშნება.
- თუ რჩება რამე ბერკეტი მოქალაქეს ან მის ადვოკატს, რომ როგორმე აღსრულდეს გადაწყვეტილება?
- არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ პერიოდულად განცხადებები ისევ შეიტანო.
კონკრეტულად, ჩემი კლიენტის, მარიამ ქვათაძის საქმეზე გეტყვით, - ის წლებია ქონების მესაკუთრეა, მაგრამ მისი საკუთრებით სხვა პირი სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს, რადგან ჩემი კლიენტის სასარგებლოდ მიღებული ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, სხვის საკუთრებაში შეჭრილი პირი მაინც არ გადის სხვისი სახლიდან, აღსრულების ბიურო კი გადატვირთულობით იმართლებს თავს და არც იმას აზუსტებს, როდის აღსრულდება ჩემი კლიენტისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასობაში წლები გადის და უკანონოდ შეჭრილი პირი კვლავს აგრძელებს სხვისი ქონებით სარგებლობას...
აღმასრულებელთან განცხადებას განცხადებაზე ვწერთ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გვაქვს, აღსრულების ფურცელიც გვაქვს და ველოდებით აღმასრულებლის კეთილ ნებას, როდის დანიშნავს გამოსახლებას. ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს ვერ აღასრულებენ!
- კერძო აღმასრულებელს რომ მიმართოთ, ის ვერ მოაგვარებს პრობლემას? ხომ შეიძლება ეროვნული ბიუროს მსგავსი უფლებები მისცენ კერძო აღმასრულებლებსაც?
- კერძო აღმასრულებელთანაც შეგვიძლია დაკავშირება, თუმცა მას საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიჰყავს, რადგან გამოსახლების პრეროგატივა მხოლოდ აღსრულების პოლიციას აქვს.
საბოლოოდ, მომჩივანი, საქმის მოგების მიუხედავად, მორალურადაც და ფინანსურადაც დაზარალებულია - ჯერ სასამართლოში იხდის სახელმწიფო ბაჟს, მერე სადავო ქონების 2% წინასწარ უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომ დაიწყოს აღსრულების პროცედურები. მაგრამ ფაქტია, წლების განმავლობაში მისი საკუთრებით უკანონოდ სარგებლობს სხვა პირი და ვერ ასახლებს.
კანონით გვაქვს უფლება მოპასუხეს მოვთხოვო სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვაკეთებთ კიდეც, ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, სასამართლო იღებს წარმოებაში ასეთ საქმეებს, აკისრებს კიდევაც განაცდურის თანხას, მაგრამ ხშირად ასეთი პირების სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება და გამორიცხულია აღსრულება იმ თანხის, რაც არ უნდა დააკისროს სასამართლომ და საბოლოო შედეგს მაინც ვერ ვიღებთ.
- რატომ ხდება ასე, კანონშია ხარვეზი?
- კანონით ყველაფერი კარგად არის დარეგულირებული. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს! აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების პოლიცია სწორედ ამიტომ არსებობს, რომ აღასრულოს გადაწყვეტილება.
ჩემი კლიენტის შემთხვევაში ეს არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელიც წლებია მის სახელზეა, არის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებაც და მოთხოვნილია გამოსახლებაც, მაგრამ სახლიდან ვერ ასახლებს შორეულ ნათესავს. საკუთარ სახლში ძალით რომ შევიდეს, ამის უფლებაც არა აქვს, იმიტომ, რომ შეიძლება უკანონოდ შეჭრილმა პირმა უჩივლოს და აქეთ დააჯარიმოს, ან კიდევ ცალკე დავა დაიწყოს მის წინააღმდეგ.
ადვოკატთან საუბრის შემდეგ ჩვენ დაზარალებულ მარიამ ქვათაძესაც დავუკავშირდით, ის წლებია საკუთარი ქონების დასაბრუნებლად იბრძვის.
- ხელში მიჭირავს ხანგრძლივი ბრძოლით მოპოვებული სასამართლოს გადაწყვეტილება, შევიტანე აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ბანკიდან სესხი ავიღე და გადავიხადე 1.500 ლარი, ვითხოვ აღსრულებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. აღმასრულებელთან ხან მე ვრეკავ, ხან ჩემი ადვოკატი, მაგრამ უშედეგოდ. ერთი თვის წინ ადვოკატმა დამატებით განცხადება ჩააბარა, მაგრამ შედეგი მაინც არ არის.
აღმასრულებელი პაატა ციცვიძე მეუბნება, ველაპარაკები მეორე მხარეს, მაგრამ უშედეგოდ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და რიგში უნდა ჩადგე, მინიმუმ 2-3 წელი მაინც მოგიწევს ლოდინიო.
რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ისედაც 4 წელი მოვანდომე სასამართლოს ყველა ინსტანციაში საქმის დასრულებას, ახლა თითქმის ერთი წელია აღსრულებას ველოდები და მეუბნებიან, კიდევ რამდენიმე წელი არც იფიქრო, რომ გამოსახლება ჩაინიშნებაო. რა გამოდის, ჯამში თითქმის ათი წელი ვერ განვკარგავ ჩემს ქონებას.
ამდენი წელი ამხელა ნერვიულობა გამოვიარე, გაუთავებელი სირბილი სხვადასხვა ინსტანციაში, სასამართლოს თუ ადვოკატის ხარჯები, ამდენწლიანი ლოდინი, კიდევ 1.500 ლარი აღსრულების ბიუროში შევიტანე და ახლა მათ ველოდები დაუსრულებლად. ამდენი წელია უშედეგოდ ველოდები სახლიდან არაკეთილსინდისიერი ადამიანის გამოსახლებას.
კერძო აღმასრულებლებთანაც დავრეკე, რომ შემეტანა აღსრულებაზე ახალი განცხადება, მაგრამ მეუბნებიან, ჩვენც აღსრულების პოლიციას უნდა მივმართოთ და იქაც რიგში უნდა ჩადგეთო. ხომ შეიძლება ამ პრობლემას მიხედოს სახელმწიფომ, რატომ ირღვევა მესაკუთრის უფლებები?!
P.S. ჩვენ დავუკავშირდით აღმასრულებელ პაატა ციცვიძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ მესამე პირის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვს და როცა კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვარ და სტატიისთვის მჭირდებოდა კომენტარი, ტელეფონი გაგვითიშა. ამის შემდეგ დავუკავშირდი აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურს, გავუგზავნეთ კიდეც კითხვები და ველოდებოდით მცირე განმარტებას მაინც, მაგრამ უშედეგოდ, პასუხი უწყებიდან არ მიგვიღია.