„მომაკვდავი ნიკალა სახლის სარდაფში იპოვა, მხატვარი აღდგომის ღამეს გადაუყვანიათ საავადმყოფოში“ - ნიკალას გარდაცვალების უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

„მომაკვდავი ნიკალა სახლის სარდაფში იპოვა, მხატვარი აღდგომის ღამეს გადაუყვანიათ საავადმყოფოში“ - ნიკალას გარდაცვალების უცნობი დეტალები

1931 წელს ჟურნალ „მნათობში“ გიორგი­ ლეონიძე სვამს კითხვას, „რომელ წელს გარდაიცვალა ფიროსმანი? "არჩილ მაისურაძემ დაბეჯითებით გადმომცა, რომ ეს ამბავი მოხდა 1918 წელს, ზედ აღდგომა ღამეს. მისი სიტყვებით და მრავალთა დამოწმებით, ფიროსმანი დამარხულია უპატრონო მკვდართა შორის კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე..."

წელს სრულდება ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავი. ფიროსმანის საფლავის დადგენის კვლევის შესახებ გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ხომერიკი...

- 2014 წელს, კულტურის სამინისტრომ კომისია შექმნა, რომელსაც ფიროსმანის საფლავის დადგენა დაევალა. კომისიის თავმჯდომარე პროფესორი ზაზა აბაშიძე გახლდათ, მე კი ერთ-ერთი წევრი ვიყავი. ბატონმა ზაზამ და კომისიის წევრებმა ჩემი ვერსიები სარწმუნოდ მიიჩნიეს. ხელნაწერთა ცენტრმა გამოაქვეყნა ჩემი ნაშრომი "ფიროსმანზე და არა მხოლოდ", რომელიც მოგვიანებით ხელმეორედ გამოიცა. შემდეგ გამოვაქვეყნე "ფიროსმანის დაბადების და გარდაცვალების მისტერია".

როდესაც ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალების შესახებ დავიწყე მასალების გაცნობა, მივხვდი, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემა - არ იყო სათანადოდ შესწავლილი საავადმყოფოების და სასაფლაოების ისტორია და მათი კავშირი ეკლესიებთან. ამ კავშირების ცოდნა აუცილებელია, თუ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვას იძიებ. ძირითადი სქემა ასეთი იყო: თუ უცნობი პირი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვლებოდა, მას ჯერ პროზექტურაში აჩერებდნენ, შემდეგ პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოიხსენიებდნენ და ნავთლუღის საზოგადო სასაფლაოზე მიასვენებდნენ; თუ უცნობი მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვლებოდა, მას ამ საავადმყოფოს ეკლესიაში აუგებდნენ წესს და საავადმყოფოს სასაფლაოზე მიასვენებდნენ. ამ სქემის არცოდნით იყო გამოწვეული ის, რომ ზოგი ავტორი ხან ერთს ამბობდა და ხან მეორეს. მაგალითად, ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის ყოფილი დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი ამბობდა, ნიკო საავადმყოფოში გარდაიცვალა და პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან ის იქვე, ახლოს არისო. ამის შემდეგ გაუგია, რომ პეტრე-პავლეს სასაფლაო იქვე არ არის და ახალი ვარაუდი გამოთქვა, მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და ან კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს, ან საავადმყოფოს ეზოშიო, თან დასძენდა, ასეთი პრაქტიკა არსებობდაო. ასეთი პრაქტიკის შესახებ არავის სმენია, თანაც მაშინდელი სანიტარიული ნორმების მიხედვით, სასაფლაო 300 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული დასახლებული პუნქტიდან.

ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალების უშუალო მოწმე არ არსებობს. გიორგი ლეონიძის წყალობით ჩვენამდე მოაღწია მხატვრის მეზობლის, არჩილ მაისურაძის მოგონებებმა, რომელმაც მომაკვდავი ნიკალა სახლის სარდაფში იპოვა, სასწრაფო დახმარების ეტლი მოიყვანა და ფიროსმანი ილია მგალობლიშვილს საავადმყოფოში გაატანა. მხატვარი აღდგომის ღამეს გადაუყვანიათ საავადმყოფოში, ამიტომ ამ თარიღის დადგენა ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ წლების განმავლობაში აღდ­გომის თარიღს არასწორად ასახელებდნენ­. აღდგომა 18 აპრილს ეგონათ, მაშინ, როდესაც ის 5 მაისს იყო. თანდათან ორი ვერსია დამკვიდრდა: 1) ვასო ჩაჩანიძის ვერსიის თანახმად, ფიროსმანი 1918 წელს, აღდგომამდე ორი კვირით ადრე, არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. შემდეგ ამას დაემატა ვერსია, რომლის თანახმად ფიროსმანი იმავე სასაფლაოზე დაკრძალულად ცხადდებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 1918 წლის ნაცვლად, მითითებული იყო 1919 წელი. დამოწმებული იყო პეტრე-პავლეს ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერიც, სადაც აღნიშნულია, რომ 1919 წლის 14 მარტს ხსენებულ ეკლესიაში წესი აუგეს ვინმე „"უცნობ ნიკოლოზს". ამ დოკუმენტზე დაყრდნობით იყო ნავარაუდევი, რომ ფიროსმანი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა დაკრძალული. ამ ვარაუდს მე ვერ დავეთანხმებოდი, რადგან პეტრე-პავლეს ეკლესიის მეტრიკულ წიგნში გარკვევით წერია, რომ ეს "უცნობი ნიკოლოზი"“ ნავთლუღის სასაფლაოზე დაკრძალეს. ერთმა მწერალმა ქალმა ისიც კი დაამატა, ფიროსმანი 1919 წლის 14 მარტს გარდაიცვალა და იმავე დღეს დაკრძალეს, რადგან უპატრონო მიცვალებულებისთვის ასეთი წესი იყოო. არადა, უპატრონოებს დაკრძალვამდე ორ-სამ კვირას აჩერებდნენ პროზექტურაში. ამის მაგალითად სწორედ ეს ვინმე "უცნობი ნიკოლოზი" გამოდგება. ის 1919 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა და მხოლოდ 14 მარტს დაკრძალეს. 2015 წელს მერიამ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გათხარა ვასო ჩაჩანიძის მითითებული ადგილი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

- მეორე ვერსიაც გაგვაცანით...

- 1969 წელს ინჟინერმა ერეკლე ლუკაშვილმა გამოაქვეყნა საგაზეთო წერილი, რომელიც ფიროსმანის გარდაცვალებას შეეხებოდა [И. Лукашвили, "Последний день Пиросмани“, газ. "Вечерний Тбилиси“, 1969 г., 24 мая]. ამავე დროს, არქივში შემონახულია მისი ხელნაწერი. ერეკლე ლუკაშვილს მიუკვლევია მიხეილის საავადმყოფოს ჩანაწერისთვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1918 წლის 7 აპრილს/ძვ. სტილით 25 მარტს. ე. ლ./ მიხეილის საავადმყოფოში მიიყვანეს გრძნობადაკარგული უცნობი მამაკაცი, ვინმე ღატაკი, შესახედად 60 წლისა. მომაკვდავი მიიყვანა ეტლით მილიციონერმა ივანე ჩანადირაძემ, რომელმაც განაცხადა, ეს კაცი გონება მიხდილი მოვიყვანე ანტონოვის ქუჩიდან, არც ვინაობა ვიცი ამისი, არც მისამართიო... რამდენიმე საათის შემდეგ უცნობი გარდაცვლილა. ერეკლე ლუკაშვილი აცხადებს, თითქოსდა მიხეილის საავადმყოფოში 1918 წლის სარეგისტრაციო წიგნში ყველა ჩანაწერი სახელობითი იყო და მხოლოდ ამ ერთი პიროვნების ვინაობა იყო უცნობი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 1918 წელს მიხეილის საავადმყოფოში შესული პირების ავადმყოფობის მიმდინარეობის შესახებ თვეების მიხედვით რამდენიმე სარეგისტრაციო ჟურნალი არსებობს, რომლებშიაც უცნობებიც გვხვდება. ამავე დროს ერეკლე ლუკაშვილი ისეთ დეტალებს უმატებს, რომლებიც მის ვერსიას გაამყარებენ. მაგალითად, თითქოსდა მაისურაძემ მარტის თვე დაასახელა, სინამდვილეში მაისურაძემ დააზუსტა: "ზედ აღდგომის ღამე" იყოო. ერეკლე ლუკაშვილს ასევე შემოჰყავს ახალი პერსონაჟი - მილიციელი და აღგვიწერს ასეთ სცენას: არჩილ მაისურაძემ მომაკვდავი ასწია, ეტლამდე მიათრია, მეეტლეს ფული გადაუხადა, მოიხმო მილიციონერი და უკვე გონებადაკარგული კაცის საავადმყოფოში მიყვანა სთხოვაო. არჩილ მაისურაძის მონათხრობში მილიციონერი არ ფიგურირებს. ამ პერსონაჟის დამატება ლუკაშვილს იმიტომ დასჭირდა, რომ მის მიერ მოძიებულ დოკუმენტში აღნიშნულია: "მოყვანილია მილიციელ ივანე ჩანადირაძის მიერ ანტონოვის ქუჩიდან". ნიკალა ანტონოვის ქუჩიდან კი არ მოხვდა საავადმყოფოში, არამედ მალაკნების ქუჩიდან, სადაც სამი დღე უპატრონოდ ეგდო სარდაფში. ლუკაშვილმა "ზედ აღდგომის ღამე" შეცვალა მარტით, ხოლო მგალობლიშვილი - მილიციონერით, ანუ ყველაფერი არქივში მოძიებულ დოკუმენტთან შესაბამისობაში მოიყვანა. ლუკაშვილს უცნობი მიცვალებულის ძებნა კუკიის ეკლესიის წიგნებში კი არ უნდა დაეწყო, არამედ მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიის მეტრიკულ წიგნებში და რომ ამ საავადმყოფოს თავისი სასაფლაო ჰქონდა კუკიაზე.

მე ჯერ კიდევ 2003 წელს დავადგინე, რომ 1918 წელს აღდგომა 5 მაისს იყო, ხოლო საარქივო მასალებით დავამტკიცე, რომ 1918 წლის 4 მაისს, აღდგომის წინადღეს, მიხეილის საავადმყოფოში მიყვანილი აღმოჩნდა „უცნობი მამაკაცი, რომელიც მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმი გასინჯავდა. ვინც ფიროსმანი მიიყვანა, იმდენ ხანსაც არ მოიცადა, რომ მომაკვდავის ვინაობა ჩაეწერინებინა. 1918 წელს მიხეილის საავადმყოფოს ისე გაუჭირდა, რომ შემოსული ავადმყოფები დაავალდებულა ერთი თვის საფასური გადაეხადათ. თუ ნიკალას საავადმყოფოში დააწვენდნენ, ვის მოსთხოვდნენ საფასურის გადახდას, თუ არა მის მიმყვან პირს? აი, რისი შეეშინდა მგალობლიშვილს, რომელმაც მომაკვდავი ფიროსმანი საავადმყოფოში შეიყვანა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ცხედარი 5 მაისს გაკვეთეს. ოქმიდან ჩანს, რომ მას დაავადებული ჰქონია გული, ღვიძლი, ელენთა, თირკმელები, ხოლო ორივე გაკვეთილი ფილტვიდან დიდი რაოდენობით სითხე მოედინებოდა. საგულისხმოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ფიროსმანი იძულებული იყო, ორი თვით შვებულება აეღო და აბასთუმანში წასულიყო სამკურნალოდ. როგორც ირკვევა, ის ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული. ამდენად, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო საავადმყოფოში 4 მაისს მიყვანილი უცნობი, თუ არა ფიროსმანი. იმასაც დავძენ, რომ ფიროსმანის გარდაცვალების თარიღად 1918 წლის 4 მაისს ასახელებდნენ ვლადიმერ ქიქოძე და იოსებ იმედაშვილი. იმის გასარკვევად, იყო თუ არა თბილისში იმ დღეს სხვა უპატრონო მიცვალებული, მართლმადიდებლური ეკლესიების 1918 წლის მაისის ჩანაწერების გადახედვა მომიხდა. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ 1918 წლის 4-5 მაისს თბილისში სხვა უცნობი მიცვალებული არ ყოფილა და ეს ერთადერთი სწორედ ფიროსმანი გახლდათ! 9 მაისს მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში, ანუ წმ. მიქაელის სახელობის ეკლესიაში წესი აუგეს 4 მაისს გარდაცვლილ „"უცნობს", იმავე ფიროსმანს და დაკრძალეს საავადმყოფოს სასაფლაოზე, რომელიც დღეს კუკიის სასაფლაოს გაგრძელებაა. იქ ათასობით მიცვალებული წევს, რომელთა შორის ფიროსმანის პოვნა ყოვლად შეუძლებელია.