9 აპრილს დაღუპულ გმირთა სიას სამი მოწამლულის სახელიც შეემატა
37 წელიწადი გავიდა 9 აპრილიდან, რომლის გმირების სია 21 კაცს ითვლის. არადა, სინამდვილეში ამ დღეს 24 გმირი ჰყავს. ექიმმა თეიმურაზ გოგიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოებისათვის ამ სამის სახელიც ეცნობებინა. მის დაუცხრომელ ზრუნვას მათ უკვდასაყოფად მისივე წერილიც მოწმობს.
თქვენამდე არაერთი ინსტანცია მოვიარე და ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი რედაქცია უეჭველად დამეხმარება ჩემი ქვეყნისთვის აუცილებელი ნატვრის ასასრულებლად, გაახმოვანოს იმ სამი გმირის სახელი, რომლებიც იმ 21-ვით შეეწირნენ 9 აპრილს სამშობლოს. ამით გმირთა სია 24-კაციანი გახდება და ქვეყნის წინაშეც მოხდილი გვექნება ვალი. გარდა ამისა, აუცილებელია მათი სახელები რეგიონების მემორიალებზეც დაემატოს, ხოლო თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე და ბაღში დაიდგას 9 აპრილის გმირთა მემორიალი, რომელიც არა გვაქვს. მომავალი თაობა ასეთი მაგალითებით სამშობლოს სიყვარულს ისწავლის.
პატივისცემით თეიმურაზ გოგიძე"

იმის გასაგებად, თუ როგორ მოძებნა უცნობი სამი გმირი და მომავალში რა უნდა გაკეთდეს 9 აპილის უკვდასაყოფად, თეიმურაზ გოგიძეს ვესაუბრეთ.
- ბატონო თეიმურაზ, 33 წელიწადი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ამ წლებში სულ იბრძოდით, რომ 9 აპრილის უცნობი გმირები გეპოვათ?
- ეს საქმე, ალბათ, უფალმა იმიტომ მომანდო, რომ მათ შორის მამაჩემი, შალვა გოგიძეც იყო. როდესაც 9 აპრილის მხუთავი გაზით მოწამლული მამაჩემი, რომელსაც ამ შხამმა ტანზე ბუშტუკები გაუჩინა, იმით ამაყობდა, რომ 9 აპრილს შეძენილი დაავადებით კვდებოდა. ამ დროს სხვა რა უნდა მექნა!
- ეპოქა, როდესაც სამშობლოსთვის სიკვდილი საამაყო იყო!
- დიახ. მამაჩემი ისტორიკოსი იყო და თეატრალურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს. ეს ნაგებობა, მოგეხსენებათ, რუსთაველზეა და მამა ლექციების შემდეგ მიტინგებზე იდგა. თუმცა 9 აპრილის ღამეს იქ არ ყოფილა, ვირუსის გამო ტემპერატურამ აუწია და ვეღარ შეძლო. ამიტომაც დილით კვდებოდა დარდით, როგორ ვერ შევძელი რუსთაველზე გასვლა, პირველი არ შევეჩეხე რუსის ტანკსო!
მოკლედ, დილით ავადმყოფი ადგა და თეატრალურ ინსტიტუტში წავიდა. 9 აპრილის ღამეს, ინსიტუტის სარდაფს ბევრმა მომიტინგემ შეაფარა თავი, რომელთაც იქ რუსმა ჯარისკაცებმა გაზის მომწავლელი კაფსულები შეუყარეს. მამამ უკვე იცოდა, რომ ღამით ამ კაფსულებისაგან ხალხი დაიღუპა, ამიტომ საგანგებოდ წავიდა ინსტიტუტში, რომ სარდაფიდან კაფსულები გამოეტანა და შენობა გაესუფთავებინა.
- მან ხომ იცოდა, რომ კაფსულების ხელის ხლება არ შეიძლებოდა.
- ცხადია იცოდა. მამაჩემს ბრწყინვალე სამხედრო განათლებაც ჰქონდა და ამას როგორ ვერ მიხვდებოდა, თუმცა მასში იმდენად დიდი იყო იმის განცდა, რომ 9 აპრილის ღამეს სტუდენტებთან ვერ იყო, ცდილობდა ამით გამოესყიდა ეს სინანული. ჰოდა, ეს შხამი იმდენად ვერაგი აღმოჩნდა, რომ მამა მოიწამლა და კლინიკაში აღმოჩნდა, სადაც მის მოსანახულებლად მისულ ზვიად გამსახურდიას უთხრა, - ვამაყობ, რომ სამშობლოს ვეწირებიო. მამა მალევე აგვისტოში გარდაიცვალა.
იმავე დაავადებით გარდაიცვალნენ 43 წლის ალექსანდრე ადამია და 18 წლის ინგა რუხაძე. წარმოგიდგენიათ, 18 წლის გოგო მოკვდა საშინელი მოწამვლით, რადგან 9 აპრილს რუსთაველზე იყვნენ. ამ ორის ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ვხვდებოდი "9 აპრილის კომიტეტში". შემდეგ მათი სახელები 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტთან მივიტანე. მან მოაწერა ხელი 9 აპრილის უკვე შევსებულ, 24-კაციან გმირთა სიას. ყველა მათგანი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი: - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ახლა დამრჩა ნატვრა, ეს 24-ივე სახელი საქართველოში ყველა 9 აპრილის მემორიალზე ამოიტვიფროს. ამით "9 აპრილის კომიტეტი" თავის ვალს მოიხდის სამშობლოსა და გმირების წინაშე, რომელთაც სამშობლოსთვის თავგანწირვის მორიგი მაგალითი დაგვანახეს.