აღდგომის ტრადიციები - კვირის პალიტრა

აღდგომის ტრადიციები

გაზაფხული განსაკუთრებული პერიოდია: ბუნების განახლება და სიცოცხლის აღორძინება სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დღესასწაულებით აღინიშნება. გაზაფხულზე ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, ებრაელები ფესახს ზეიმობენ, ქურთი იეზიდები - კლოჩსა და ჩარშამა სორს, მუსლიმი მოსახლეობა კი - ნოვრუზ ბაირამს. თითოეული თავისი რიტუალებითა და კულინარიული ერთობლიობით ქმნის საქართველოს კულტურულ სიმდიდრეს და აჩვენებს, როგორ თანაარსებობს სხვადასხვა რწმენა და ჩვეულება ერთ სივრცეში.

აღდგომა ქრისტიანული რწმენის ცენტრალური მოვლენაა - მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა, რომელმაც კაცობრიობა­ პირველყოფილი ცოდვისგან იხსნა. იგი 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია და წინ 49-დღიანი დიდმარხვა უძღვის. მარხვის წინა კვირა, ყველიერის კვირა, ხორცისგან თავშეკავების პერიოდი გახლავთ, როცა ნებადართულია რძის პროდუქტები და სხვა მცენარეული კერძები. ბზობის დღესასწაული კი ქრისტეს იერუსალიმში შესვლას აღნიშნავს - მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინახება როგორც მადლის სიმბოლო.

ყველიერის კვირა ოდითგანვე მხიარული და თეატრალიზებული ზეიმებით აღინიშნებოდა. საქართველოში ამ პერიოდს­ უკავშირდება ბერიკაობისა და ყეენობის ტრადიცია - სახალხო მსვლელობები, რომლებიც ბუნების აღორძინებასა და ნაყოფი­ერების კულტს ეძღვნებოდა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ხანაში, შემდგომ კი, ქრისტიანულ ტრადიციებს შეერწყა. მონაწილეები საგანგებოდ ირთვებოდნენ ცხოველების ტყავებით, რქებით, კუდებითა­ და სხვადასხვა ნიღბით. ასე გამოწყობილები, ისინი ყიჟინითა და ცეკვა-თამაშით ჩამოივლიდნენ კარდაკარ, სიმღერის თანხლებით ითხოვდნენ პროდუქტს და საკვების შემომწირველს ბარაქას უსურვებდნენ. მხიარული მსვლელობა საერთო სუფრითა და ლხინით მთავრდებოდა. საინტერესოა, რომ მსვლელობის მონაწილეებს ყველაზე ხშირად კვერცხს ჩუქნიდნენ, რაც ნაყოფიერებასა და სიცოცხლესთან ასოცი­რდებოდა. კვერცხის სიმბოლიკა ქრისტიანობაშიც დამკვიდრდა და აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირდა.

აღდგომის დილას საქართველოში გავრცელებული იყო ჭონაობის ტრადიცია -მახარობლები სახლებს ჩამოუვლიდნენ, საგალობლებს მღეროდნენ და დღესასწაულს ულოცავდნენ. მასპინძლები მათ კალათაში­ წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს ულაგებდნენ, რადგან მეჭონეების გულუხვად გამასპინძლება კეთილდღეობის ნიშანი ითვლებოდა.

საქართველოში აღდგომის კვერცხებს ოდითგანვე ენდროს ფესვებისა და ხახვის ნაფცქვენის ნახარშში ღებავენ. მეორე სიმბოლოა პური, რომელსაც უმნიშვნელოვანეს სარიტუალო დატვირთვა გააჩნია. მკვლევარების ვარაუდით, პასქებისა და კულიჩების ცხობის ტრადიცია სწორედ სპეციალურად სააღდგომოდ გამომცხვარი პურის, არტოსის ტრადიციას უკავშირდება. ეს არის პური, რომელსაც მონასტრებში სააღდგომოდ აცხობენ, მაცხოვრის ხატის წინ ალაგებენ და კვირაცხოვლობას მრევლს ურიგებენ. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის - იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულები მის სკამზე არ სხდებოდნენ, მაგიდაზე კი აუცილებლად დებდნენ მისთვის განკუთვნილ პურს.

საქართველოში, პასქის გარდა, თონეში პასქის ცომით მომზადებული ნაზუქები ცხვებოდა. სხვადასხვა კუთხეში აუცილებლად აცხობდნენ ქადებსაც. სუფრაზე უნდა ყოფილიყო ხორბლისგან მომზადებული კერძი, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდებოდა. საქართველოს ყველა კუთხეში იკვლებოდა საკლავი. სუფრაზე აუცილებად უნდა ყოფილიყო ღორის ხორცი და წითელი ღვინო. სამხრეთ საქართველოში სააღდგომო პურობის აუცილებელი ატრიბუტი იყო სპეციალურად შემონახული მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, შოთი, ყველი, მწნილეულობა, სხვადასხვა ჩირი და ღვინო-არაყი. იმერეთში ღამით, ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად, ბუკის ახმიანებაც სცოდნიათ. მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რომ მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში მიდიოდა. სამეგრელოში სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო ყველიანი და კვერცხიანი პურის კვერები და შემწვარი გოჭი. კახეთში ცხვებოდა შოთები, ნაზუქები, იკვლებოდა ბატკანი. აქ დღემდეა შემორჩენილი ტრადიცია - აღდგომის წინაღამით აუცილებლად უნდა მიირთვან ჩურჩხელა. თანამედროვე ქართულ სააღდგომო სუფრაზე აუცილებელ კერძად ითვლება ჩაქაფული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისი მომზადება უფრო გვიან პერიოდს უკავშირდება და არა უძველეს ტრადიციებს.

გურულები უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ხალისით ეგებებიან - მართავენ ლელობურთს, რომელშიც მთელი მოსახლეობაა ჩართული. უძველესი ტრადიციით, რომელიც სათავეს აგუნას კულტიდან იღებს და შემდგომ ქრისტიანულ ტრადიციებს შეერწყა, გურიაში სპეციალურ სააღდგომო სასმელს ამზადებდნენ, რომლის შემადგენლობაშიც თაფლი, ღვინო და ბროწეულის წვენი შედიოდა. ზემოხსენებულ სასმელს ლელობურთის მონაწილეებს სიმხნევის მოსამატებლად ასმევდნენ.