ხატები, რომელიც ემიგრაციაში იმედად იქცა - კვირის პალიტრა

ხატები, რომელიც ემიგრაციაში იმედად იქცა

ქართველ ემიგრანტებს შორის უამ­რავი ნიჭიერი მხატვარია, რომლებიც ცდილობენ ხატვით მოერიონ სამშობლოსა და საყვარელი ადამიანების მონატრებას. მათ შორის არის ჩვენი სტუმარი, თვითნასწავლი მხატვარი მაიკო ფირცხალავა.

- ბავშვობიდან ვხატავ. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა ჩემთვის არავის უსწავლებია, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გამორჩეული ხედვა მქონდა. დავამთავრე ხელოვნების უნივერსიტეტი და თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი, მერე სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად, შემდეგ თეატრში სცენისთვის დეკორაციებს ვქმნიდი, ემიგრაციაში წამოსვლამდე კი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. 2011 წელს იტალიაში წამოვედი და უკვე 15 წელიწადია ემიგრაციაში ვარ, მილანში ვცხოვრობ. პიროვნულად აქ გავიზარდე და ყველაფერს სხვა თვალით შევხედე, უფრო ძლიერი გავხდი და ცხოვრების შიშიც ნაკლებად მაქვს. მჯერა, რომ ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს. მილანში დიზაინერად ვმუშაობ და სულ ვცდილობ სამსახური ჩემთვის ტვირთი კი არა, სიამოვნების წყარო იყოს. ჯერ ჩემი სამოსის შექმნა დავიწყე, ახლა კი სხვებისთვისაც ვქმნი და ეს დიდ სიხარულს მანიჭებს.

- ახლა აღდგომა აღვნიშნეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღესასწაული?

- ეს ყველა ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამ დღეებს ბრწყინვალებას ისიც მატებს, რომ სულ მალე საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ. მონატრებულ მშობლებს, შვილსა და საყვარელ ადამიანებს ვნახავ. ყველაზე სანუკვარი სურვილის ასრულებაა, როცა შეგიძლია შენს მიწაზე, საკუთარ სახლში ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად იცხოვრო. აღდგომა ძალის აღდგენისა და საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოხატვის საშუალებას გაძლევს, რაც ემიგრანტებს ძალიან გვაკლია. საბედნიეროდ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მილანშიც არის, რომშიც და ფლორენციაშიც და იქ მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძრებში აღნიშნონ.

- თქვენს ნამუშევრებს შორის გამორჩეულია იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები. როგორ შექმენით ისინი?

- ხატმწერი არა ვარ, ამიტომ ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ეს ხატები მოზაიკით შევქმენი. კარგა ხანს ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ მოზაიკის ცნობილი ოსტატები და რა მასალას იყენებდნენ. მერე ეს მასალები შევიძინე და ღვთისმშობლის მოზაიკის გაკეთება დავიწყე. გულში გადავწყვიტე, თუ თვალები მეტყველი გამომივა, მაშინ შევძლებ ხატიც შევქმნა-მეთქი და თვალებიდან დავიწყე. რთულია მოზაიკის შექმნა, ორი თვის განმავლობაში ნელ-ნელა, მონდომებით ვშრომობდი. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ვიყავი და მგონი, სასურველ შედეგს მივაღწიე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ხატი ეკლესიაში ვაკურთხებინე და ახლა სულ ჩემთანაა, როგორც დიდი შემწე და იმედი. რა თქმა უნდა, ეს ეხება იესო ქრისტეს ხატსაც, რომელიც ძალიან მიყვარს და მეიმედება.

gvthismshob-1776013918.jpg

- მოზაიკის შექმნა რატომ არის რთული?

- ბავშვობიდან ზეთის საღებავებით ვხატავ და მასთან შედარებით მოზაიკაზე მუშაობა რთული და შრომატევადი პროცესია: ზუსტად უნდა ჩასვა ფერი, ფორმა - ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და ზუსტად მოარგო. ამ ყველაფერს დიდი სიბეჯითით ვაკეთებდი. თითქმის ათი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ხატები შევქმენი და უნდა გამოვტყდე, რომ ეს ჩემი საყვარელი ნამუშევრებია. მილანში გამოფენა რომ გავმართე, ბევრს მოეწონა, რამდენიმემ შემომთავაზა გამეყიდა, რასაკვირველია, უარი ვთქვი. არ არსებობს თანხა, რომლის გამოც ამ ხატებს გავყიდი. ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასია და ჩემს ოჯახში დარჩება, როგორც რელიკვია, რომელიც ემიგრაციაში შევქმენი. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატებიც, მაგრამ ამ ორ მოზაიკას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- საქართველოში დარჩენას აპირებთ?

- ემიგრაცია რთულია, მაგრამ თუ ამ გზას აირჩევ, უნდა მოითმინო, უკეთესი გამოსავალი ეძებო და შენი მიზნების ასასრულებლად იბრძოლო. მე ერთი სანუკვარი მიზანი უკვე ავისრულე: ყოველთვის მინდოდა ჩემი პატარა სივრცე მქონოდა და საკუთარ სახლში პატარა სამხატვრო გალერეა მოვაწყვე. აქ წარმოდგენილია არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისა. გულით მინდოდა მქონოდა სახლი ტყეში. რა თქმა უნდა, ტყეში სახლს ვერ ავიშენებდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აივნიდან ორ მეტრში პარკი იწყება და სახლის წინ მრავალსართულიან კორპუსს ვერავინ ამიშენებს. მწვანე გარემო დღევანდელ თბილისში დიდი ფუფუნებაა და მიხარია, რომ ასეთ გარემოში ცხოვრებას შევძლებ.

ჩემგან განსხვავებით, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში უნდა იცხოვროს და თავისი მომავალი სამშობლოს დაუკავშიროს. ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა. ერთი შვილი მყავს, ძალიან ნიჭიერია და შესანიშნავად ხატავს. სოფომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა. იტალიაში შვიდ წელიწადს ცხოვრობდა და სწავლობდა, საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა და ახლა უკვე თბილისშია. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყველა ახალგაზრდა თუ დატოვებს საქართველოს, აქ ვიღა დარჩება? ისედაც ბევრი ახალგაზრდა მიდის უცხოეთში და იქ რჩება, რაც ჩვენს დემოგრაფიულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს. თითოეული ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში საცხოვრებლად დარჩება, ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია.

- როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ჩვენს ხალხს?

- საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მარტო ნიჭით შორს ვერავინ წავა. ადამიანს ნიჭი თუ დაჰყვა, არ უნდა მიაძინოს, ბევრი უნდა იშრომოს და ეცადოს, რომ თავისი უნარები მაქსიმალურად გამოიყენოს. დიდი პასუხისმგებლობისა და ცოდნის გარეშე ქვეყანა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება, არადა, დღევანდელი საქართველო სწორედ პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის დეფიციტს განიცდის. ამის გამო წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერი ვისწავლეთ. ცხადია, ეს იმ ხალხსაც ეხება, ვინც ქვეყნის სათავეშია. როდესაც საქმე კარგად იცი და პასუხისმგებლობაც გაქვს, ნაკლები შეცდომა მოგდის. მიწაზე, რომელზეც ხორბალი მოდის, ნუშს რომ დარგავ, შეიძლება ნუში არ ამოვიდეს. სწორედ არაპროფესიონალიზმის გამო ვერ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელზეც ყველანი ვოცნებობდით.

- რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში?

- ეს პირველი აღდგომაა პატრიარქის გარეშე... მინდა ვინატრო, რომ ისეთი სიყვარული შევძლოთ, როგორიც მას ჰქონდა. თუ ადამიანის, შენი საქმისა და ღმერთის სიყვარული არა გაქვს, ღირებულს ვერაფერს შექმნი. რატომ მოვიდა პატრიარქის დაკრძალვაზე ზღვა ხალხი? - ისინი დიდმა სიყვარულმა მოიყვანა. სიყვარულითა და მადლიერებით ანთებული ხალხი ერთ მუშტად შეიკრა. ასეთ ხალხს დიდი ძალა აქვს და მას ვერავინ დაამარცხებს. ადამიანებს ეს ნაღდი, გულწრფელი დამოკიდებულება და სიყვარული ენატრებათ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოყვასის მიმართ უნდა ჰქონდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე