რით არის კარგი მზეზე გამშრალი ლუფის „ღრუბელი“ - კვირის პალიტრა

რით არის კარგი მზეზე გამშრალი ლუფის „ღრუბელი“

არიან მეურნეები, რომელთაც ეგზოტიკური მცენარეების გაშენება უფრო მოსწონთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს უფრო ძნელია, ვიდრე ტრადიციული კულტურების მოყვანა. ან იქნებ იმიტომ, რომ ეგზოტიკურ კულტურებს განსხვავებული გემო და დანიშნულება აქვთ, მრავალფეროვნებას ამდიდრებენ. ლუფა ეგზოტიკური კულტურაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მისი მოვლა-მოყვანის ტრადიცია არსებობდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ბოლო ათწლეულებში ლუფა თითქმის გაქრა და მხოლოდ იმ მეურნეებს მოჰყავდათ, ვინც მას სარგებლიანობის გამო ვერ ელეოდა. სენაკელმა ახალგაზრდა მეურნე ცარუ პაჭკორიამ ლუფა სწორედ ამ ორის გამო გააშენა: ეგზოტიკურობისა და სარგებლიანობის, შრომა კი დიდი სჭირდება, მით უფრო, რომ ის ლუფას სხვა კულტურებთან ერთად უვლის. თუმცა შრომის შედეგი თვალსაჩინოა და მათ შორის ჯანსაღი, ბუნებრივი ლუფა, იგივე სააბაზანოს ნეჭა ("მაჩალკა"), მიწის ისეთი მოვლა-სიყვარულით არის მიღებული, როგორსაც შეუძლია ადამიანი უხვი მოსავლით ბევრჯერ გაახაროს. თუ როგორ იშოვა გადაშენების პირას მისული ლუფის თესლი ცარუმ და როგორ მოიყვანა ლუფა, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

ცარუ პაჭკორია:

- მიწის მოვლა-პატრონობა ჩემთვის იმ სიმშვიდის მომტანია, რომელიც უამრავი სირთულის დაძლევაში მეხმარება, იმავდროულად, იმის იმედსაც მაძლევს, რომ თუ მიწას მივენდობი, უსახსროდ არასოდეს დავრჩები.L რაც შეეხება ლუფას, ყოველთვის მინდოდა თავის მოვლის ამ ბუნებრივი საშუალების მოყვანა. არა მხოლოდ თავის მოვლის საშუალების - ლუფის ნედლი ნაყოფი საკვებადაც გამოიყენება, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა კანის მოვლისთვის. როდესაც ვნახე, რომ ჩვენს ნიადაგზე ლუფა საუკეთესოდ ხარობს, მისი წარმოების გაფართოებაც გადავწყვიტე. ვფიქრობ, ახლა მაქვს პროდუქცია, რომელზეც მოთხოვნა არ შემცირდება. რამდენიმე წლის წინ ლუფის თესლი თბილისში ბაზარში შევიძინე მოხუცი ქალისგან, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი თითქმის გადაშენებული ეს კულტურა და რომელმაც ლუფის მოვლა-მოყვანისა ყველაფერი ამიხსნა. ამიტომ მისი დღემდე მადლიერი ვარ. ცხადია, დღეს თავად ვიღებ ლუფის თესლსაც და კარგი მოსავალიც მომყავს. ლუფას სითბო და ფხვიერი, ნესტიანი ნიადაგი სჭირდება, კარგად რომ იხაროს. ამიტომაც დასავლეთ საქართველოში უფრო კარგად ხარობს, ვიდრე აღმოსავლეთში.

original-1776013918.jpg

- როდის იწყებთ ამ კულტურის დათესვას?

- ჩვენში მაისიდანაც იწყებენ, თუმცა ამ დროს დათესილი ლუფა სექტემბერ-ოქტომბერში იკრიფება, როდესაც უკვე მოყავისფრო და ხმელია. შესაბამისად, მისგან მიღებული ნეჭაც ოდნავ უხეშია. ამიტომ მე მარტიდან ვთესავ კონტეინერებში, გამომყავს ჩითილი და უკვე აპრილიდან, როდესაც მიწა დათბება, გრუნტში გადამაქვს. ამ დროს ლუფის ჩითილი მოღონიერებულია, იმდენად, რომ დასაკრეფად და ნეჭის დასამზადებლად აგვისტოშიც მზად არის. თუმცა აგვისტომდე სანამ მივიდოდეთ, ლუფა ლიანისებურად თითქმის 6 მეტრამდე გაიზრდება და მასზე დაახლოებით 30 სმ-ის სიგრძის ნაყოფები ჩამოეკიდება. ჯერ კიდევ ნორჩი ლუფა შეგვიძლია საკვებად გამოვიყენოთ. ის ხომ გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა და გემოთი სადღაც კიტრსა და ყაბაყს შორის არის; ქორფას მშვენიერი გემო აქვს, დაახლოებით გოგრას მოგვაგონებს და ხშირად ვიყენებთ სალათებში. ბევრ ქვეყანაში მის ყვავილსაც იყენებენ. ლუფისგან მზადდება წვნიანი კერძები და არცთუ უსაფუძვლოდ: ეს კულტურა მდიდარია A, B5, B6 და ჩ ვიტამინებით, მანგანუმით, სპილენძითა და კალიუმით. შეგვიძლია ნორჩი ლუფა კოსმეტიკაშიც გამოვიყენოთ, მისგან სახის კანის გამწმენდი დავამზადოთ. მარტში დაჩითილებული ლუფა უკვე აგვისტოში მზად არის მოსაკრეფად და ნეჭის მისაღებად. ამ დროს ის არც ძალიან გამხმარი და ჯერ კიდევ მწვანეა, მაგრამ უკვე იკრიფება როგორც ნეჭის დასამზადებელი საშუალება. ამდროინდელი ლუფისგან გაცილებით რბილი და ნაზი ნეჭა გამოდის, ვიდრე ოქტომბრის ნაყოფისგან.

- თუ ნაყოფი ჯერ კიდევ მწვანეა, როგორ უნდა მიხვდე, რომ ლუფა დავარგებულია და მისგან ნეჭა გამოვა.

- მიუხედავად სიმწვანისა, უკვე დავარგებულ ლუფას კანი მაგარი აქვს და ამას ფრჩხილით გაჭყლეტითაც ადვილად მიხვდები. დაკრეფის შემდეგ ლუფას "თავს" ააცლი, პირქვე გადმოაბრუნებ და თესლს გადმოყრი. შემდეგ ნაყოფს წყალში ჩაალბობ, კანი დალბება და ნაყოფს ადვილად მოშორდება. უკვე კანგაცლილ რბილობს კარგად გარეცხავ, რომ წებოვნება მოშორდეს, მზეზე გაკიდებ, გააშრობ და სულ ეს არის. მზეზე გამშრალი ლუფის "ღრუბელი" მშვენიერ ოქროსფერს იღებს და ძალიან კარგია სააბაზანო ნეჭად - ამას დიდი ფიქრიც არ სჭირდება, სად ბუნებრივი ნეჭა და სად ხელოვნური ღრუბელი.

- რატომ უნდა შემოგვქონდეს უცხოეთიდან ლუფის ნაყოფი, თუ მისი მოყვანა საქართველოშიც შეიძლება?

- იგივე კითხვა მეც არაერთხელ დამისვამს საკუთარი თავისთვის, მით უფრო, რომ იმპორტირებული ლუფის ნეჭა ძვირი ღირს, მით უმეტეს, თუკი აფთიაქში შეიძენ, სადაც მისი ფასი 20 ლარსა და კიდევ მეტს აღწევს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არიან მსგავს თემებზე მოფიქრალი პასუხისმგებელი პირები, თორემ ხომ ყველაფერი სამამულოს განვითარებას შეეწყობოდა ხელი და ბაღჩეულის უმეტესობას იმპორტით აღარ შემოვიტანდით. როდესაც ვიკითხე, ხომ არ დამიფინანსებდა სახელმწიფო ლუფის წარმოებას, მიპასუხეს, რომ ვერა, დაფინანსება ვრცელდება სხვა მარცვლეულ კულტურებზე, მაგრამ არა ლუფაზე. ასე რომ, დავრჩი მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის ძალისა და ენერგიის ამარა, რომელმაც, რაც არ უნდა მოინდომოს, კულტურის მოყვანისა და წარმოების ფართომასშტაბიან შედეგს ვერ მიიღებს. თუმცა ლუფის მოყვანას გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ ლუფის.

- ანუ ოჯახი გეხმარებათ მეურნეობის წარმოებაში.

- არა მხოლოდ მეხმარება, მთავარი საყრდენი ამ საქმეში ჩემი მეუღლეა. ჩვენ ერთად ვუძღვებით არა მხოლოდ გრუნტის, არამედ ზამთარში სასათბურე მეურნეობასაც. ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც არიან ჩემი დამხმარეები; სწორედ მათთან ერთად ბაღში გამუდმებული ყოფნა მისახავს იმედს, რომ მიწას მინდობილ ადამიანს ყოველთვის ექნება არსებობის სახსარი და ასევე, ხალისი და სიხარული შრომისთვის.