"სხვა ხარჯები" - საქართველოს ბიუჯეტის "აქილევსის ქუსლი" - კვირის პალიტრა

"სხვა ხარჯები" - საქართველოს ბიუჯეტის "აქილევსის ქუსლი"

საქართველოს პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. შეიძლება ითქვას, რომ ახლად არჩეული პარლამენტისა და მთავრობისათვის ეს თავისებური გამოცდაა, რადგან მათ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული ბიუჯეტის შეცვლა უწევთ. ჩვენი საზოგადოების ყურადღებას ყველაზე მეტად ე.წ. სხვა ხარჯები იქცევს - მუხლი, რომლის გამოც ყოფილ მთავრობას ხშირად საყვედურობდნენ. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც "სხვა ხარჯები" გაიშიფრება და საბიუჯეტო სახსრები აღარ დაიხარჯება ისეთ პროექტებში, რომლებსაც ქვეყნისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. მინისტრის თქმით, "საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეზიდენტის 5 რეზიდენციის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფაროს, რადგან მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის ელექტროენერგიის ხარჯი 8 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შენობას, რომელიც ქუთაისში აშენდა და მუშაობისთვის აბსოლუტურად გამოუსადაგერია, 350 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ეს მაშინ, როცა იმერეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას... იქ ფაქტობრივად წყლით მომარაგება არ არსებობს. ამ უაზრო შენობისათვის დახარჯული თანხით იმერეთში წყლის პრობლემა მოგვარდებოდა".

საკითხი უფრო ნათელი რომ გახდეს, გასულ წლებსაც უნდა გადავხედოთ: "სხვა ხარჯების" წილი ბიუჯეტში თანდათან იზრდებოდა. მაგალითად, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თითქმის 900 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი ,,სხვა ხარჯებისათვის". საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები კი 50-50 მილიონი ლარით დაფინანსდა და ამ თანხის 100 პროცენტი სწორედ "სხვა ხარჯებზე" მოდიოდა. ეს ფონდები 50-50 მილიონით დაფინანსდა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც, მაგრამ კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარება ვერ შეძლო.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სხვა ხარჯები ჩვენი ბიუჯეტისათვის ნამდვილი "აქილევსის ქუსლი" იყო:

- ასეთი მუხლი, ანუ "სხვა ხარჯები" ყველა ქვეყნის ბიუჯეტში გვხვდება, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორც ჩვენთან. ჩვენი ორგანიზაცია ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას იმის გამო, რომ "სხვა ხარჯების" წილი ბიუჯეტში ძალიან მაღალი იყო. გამონაკლისს ამ მხრივ არც მიმდინარე წელი წარმოადგენდა. როგორც წესი, ეს@არის ძალიან ბუნდოვანი და კორუფციის შემცველი მუხლი, რასაც ყველა ექსპერტი ადასტურებს. წარმოიდგინეთ, როცა 8-მილიარდიან ბიუჯეტში ერთი მილიარდი ლარის მიზნობრიობა თავიდანვე არ არის ცნობილი და არც საზოგადოებამ, არც მედიამ არ იცის, რაში დაიხარჯება. წლევანდელ პროექტში "სხვა ხარჯების" მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 1 მილიარდ 200 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც ძალიან დიდი ციფრია. საერთოდ, ბიუჯეტში ყველაფერი დეტალიზებული და გაწერილი უნდა იყოს. თუმცა ახალ მთავრობასა და ფინანსთა მინისტრს ამას ერთბაშად ვერ მოვთხოვთ, ვინაიდან ბიუჯეტის დაგეგმვა არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს პროცესი ხშირად 7-8-თვის განმავლობაში გრძელდება. ახალ მთავრობას მოუწია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შედგენილი ბიუჯეტის გადაკეთება, რაც დროის მცირე მონაკვეთში თითქმის შეუძლებელია, თუმცა ფინანსთა მინისტრმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო: ბიუჯეტში უნდა შეიქმნას 740- მილიონლარიანი ფონდი და საბიუჯეტო სახსრები მხოლოდ პარლამენტთან შეთანხმებით უნდა გაიწეროს. ალბათ ამ ფონდში "სხვა ხარჯებისთვის" განკუთვნილი თანხაც შევა. როგორც წესი, ბიუჯეტი აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ სავალდებულო, აუცილებელ ხარჯებს და არა გასართობ ღონისძიებებს - ასე ხდება ყველგან და ასე უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაშიც.

- საერთოდ თუ არსებობს ინფორმაცია, რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა?

- ეს იყო სრულიად ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე მუხლი, სახელწოდება "სხვა ხარჯებიც" ამაზე მეტყველებს. ყველაფერი ისე იყო შეფუთული, რომ ხელისუფლებას ვერავინ შეედავებოდა ამ ხარჯების მიზნობრიობისა და გამჭვირვალობის გამო. ამიტომ, მუხლი, რომელიც "სხვა ხარჯების" სახელით მოიხსენიებოდა, წლების განმავლობაში აშკარა კორუფცის წყარო იყო, 1 მილიარდი ლარის უკონტროლოდ ხარჯვა, როდესაც ქვეყანა ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, არათუ მიუღებელი, არამედ დანაშაულიც კია. ამ სახსრების ჩადება სპეციალურ ფონდში იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომ ბიუჯეტის ყველაზე გაუმჭვირვალე ნაწილი, ანუ "სხვა ხარჯები" მთავრობას კონტროლის ქვეშ მოექცია. ამ ფონდს ექნება თავისი დანიშნულება და მისი გაკონტროლება გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ე.წ. სხვა ხარჯებისა. ფინანსთა სამინისტრომ, იმის მიუხედავად, რომ ცაიტნოტში მუშაობდა, სწორი გამოსავალი იპოვა და ბიუჯეტში არსებულ გაუწერელ თანხას თავისი ადგილი მოუძებნა.

ზურაბ ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე:

- "სხვა ხარჯები" - ეს იყო დამალული, გაუშიფრავი თანხა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში გამოიყოფოდა. პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რაში იხარჯება თითოეული ლარი, თითოეული თეთრი, რადგან ბიუჯეტში ჩვენ მიერ გადახდილი თანხა იყრის თავს. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, სად წავიდა ბიუჯეტის ფული. "სხვა ხარჯები" - ეს იყო ფაქტობრივად ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე მუხლი, რომელიც კაცმა არ იცის, რას ხმარდებოდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. ახალი პარლამენტი ცდილობს, ქვეყნის ბიუჯეტი რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს. დეკემბრის ბოლომდე კიდევ ბევრი რამ გაირკვევა და როდესაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად შემოვა, ეს იქნება ძველი პროექტისაგან განსხვავებული, აბსოლუტურად გამჭვირვალე ბიუჯეტი.

ციფრების ენით:

- 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე შემცირდა. პროექტის თანახმად, უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც 50 მილიონ ლარს შეადგენს. შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც. საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატისთვის 24 784 000 ლარის ნაცვლად 1 800 000 ლარი გამოიყოფა. ასევე ცნობილია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შემცირდა.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)