ელიტური ბავშვობა, სკანდალური განქორწინება და ორბანის კაბინეტის წევრი ყოფილი ცოლი: ვინ არის პიტერ მადიარი
"Tavaszi szél" - "გაზაფხულის ქარი“ - ეს ალბათ ყველაზე ცნობილი უნგრული ხალხური სიმღერაა. მისი მარტივი მელოდია, რომელიც ბუნების გაღვიძებას, სიყვარულსა და სევდას ეძღვნება, შეიძლება გაისმას როგორც სასკოლო ღონისძიებებზე, ისე ოჯახურ სუფრებსა თუ ოფიციალურ მიღებებზე.
40 წლის წინ ბუდაპეშტის გადაჭედილ სტადიონზე ეს სიმღერა შეასრულა ფრედი მერკურიმ და ეს შესრულება უნგრეთის ისტორიის ერთ-ერთ საკულტო მომენტად იქცა.

დღეს კი ამ სიმღერას აქვს ყველა შანსი, გახდეს არა მხოლოდ კულტურული სიმბოლო, არამედ უნგრული პოლიტიკის სერიოზული ცვლილებების ნიშანიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ "Tavaszi szél"-ს მღეროდნენ პიტერ მადიარის მხარდამჭერები ასობით წინასაარჩევნო მიტინგზე ქვეყნის მასშტაბით.
მადიარის მხარდამჭერები მას "გაზაფხულის ქარს“ ადარებენ, რომელიც გაფანტავს იმ "ლპობად ნისლს“, რომელშიც, მათი აზრით, უნგრული პოლიტიკა ორბანის 16-წლიანი მმართველობის შედეგად ჩაიძირა.
სკეპტიკოსები კი ლაპარაკობენ "მადიარის სექტის“ ბრმა ფანატიზმზე, უწოდებენ მას გამოუცდელ ამბიციურ პიჟონს, slim fit Jesus -ს ან, უბრალოდ, ორბანის ახალგაზრდა და უფრო დახვეწილ ვერსიას.
არჩევნების დასრულებიდან მალევე გაირკვა, რომ "ტისა“ მნიშვნელოვნად უსწრებდა "ფიდესს“.