"მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს..." - ვის ედრება ტრამპი ანუ "დიდი დონალდის" ახალი სკანდალი
ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 14 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დონალდ ტრამპმა, მხარდამჭერების ნეგატიური რეაქციის შემდეგ, თავისი პოსტი „იესო“ წაშალა“ (ავტორები - ლორენ ფელორი და ემი მაკინონი) განხილულია ის კომენტარები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის გახმაურებულმა პუბლიკაციამ გამოიწვია.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა თავის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი (ნახატი) წაშალა, რომელზეც იგი ავადმყოფის მკურნალ იესო ქრისტეს განასახიერებდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მისივე მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს, მათ შორის - რელიგიურმა მემარჯვენეებმაც.
ფოტოსურათის წაშლიდან რამდენიმე საათში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სურათზე იგი განსახიერებული იყო როგორც ექიმი. „როცა სურათი გამოვაქვეყნე, თავი ექიმად მქონდა წარმოდგენილი და ეს წითელ ჯვარს დავუკავშირე“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტის შესასვლელთან მდგარ ჟურნალისტებს, - „ვივარაუდე, რომ რადგანაც ექიმები კარგ საქმეს აკეთებენ, მეც ადამიანებს კარგს გავუკეთებდი. და მე მართლაც ადამიანებს ცხოვრებას ვუუმჯობესებ, ვმკურნალობ, ვცდილობ, რომ მათი ყოფა უკეთესი გავხადო“.
დონალდ ტრამპმა კვირას, გვიან საღამოს, გამოაქვეყნა სურათი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი და რომელზეც იგი თეთრ-წითელ მანტიაწამოსხმული, ლოგინში მწოლიარე ადამიანს მკურნალობს. აშშ-ის პრეზიდენტი სურათზე იესო ქრისტედ არის გამოსახული, მისი თითები სინათლეს ასხივებს, ირგვლივ კი მიმდევრები - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოჩანან, უკანა ფონზე - აშშ-ის დროშა და ეროვნული სიმბოლოებია გამოსახული.
დონალდ ტრამპმა ეს სურათი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მან რომის პაპი ლეო XIV გააკრიტიკა და კათოლიკურ ეკლესიას დანაშაულებასთან ბრძოლის სისუსტე უსაყვედურა, ხოლო ვატიკანის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას - „საშინელი“.
პრეზიდენტის პოსტმა მომენტალურად გამოიწვია აღშფოთება, მათ შორის - დონალდ ტრამპის ყველაზე ერთგული მხარდამჭერების მხრიდანაც კი, კათოლიკეებისა და ევანგელისტებისაგან, რომლებმაც დონალდ ტრამპი ღვთისგმობაში დაადანაშაულეს.
მაიკლ ნოულზმა, კათოლიკურმა კონსერვატიულმა კომენტატორმა, სურათის ნახვისას თავის „იქს-ქსელში“ იმედი გამოხატა, რომ ვინმე ურჩევდა პრეზიდენტს ნახატის წაშლას, რადგან მას ასეთი მოქმედება არ შეეფერება, კეთილი განზრახვის მიუხედავად.
რაილი გეინსმა, თეთრი სახლის მხარდამჭერმა აქტივისტმა, რომელიც ცნობილია ნეგატიური პოზიციით, ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობის მიმართ ქალთა სპორტში, კითხვა დასვა, თუ რატომ გამოაქვეყნა პრეზიდენტმა თავისი ასეთი გამოსახულება.
„სერიოზულად ვამბობ - მე არ მესმის, რატომ დასჭირდა ეს პრეზიდენტს. ნუთუ იგი მართლა ასე ფიქრობს? ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა: პირველი - კარგი იქნება, თუ იგი თავმდაბლობას გამოიჩენს და მეორე - უფალი მსგავს დაცინვას არ მოითმენს“, - დაწერა რაილი გეინსმა „იქს-ქსელში“.
მარჯორი ტეილორ გრინმა, კონგრესის ყოფილმა წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელმაც წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპთან მწვავე კამათის შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ „ნახატი ღვთის გმობაზე უარესია. მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს“.
სხვათა შორის, კვირას გამოქვეყნებული პოსტი პირველი შემთხვევა არ არის, როცა დონალდ ტრამპის მოქმედება აღშფოთებას იწვევს მისი მომხრე რელიგიის მსახურებს შორის.
მაგალითად, 2025 წლის მაისში, ლეო მეთოთხმეტის რომის პაპად არჩევის წინ, რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავისი ფოტო პონტიფიკის სახით გამოაქვეყნა, რაზედაც კარდინალმა ტიმოთი დელანმა, ნიუ-იორკის იმდროინდელმა არქიეპისკოპოსმა ნეგატიურად შენიშნა, რომ „პოსტი არასწორია და იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპს მასთან კავშირი არ აქვს“.
პრეზიდენტის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა რომის პაპ ლეო მეთოთხმეტესთან თეთრ სახლსა და წმინდა საყდარს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს. როგორც ცნობილია, ვატიკანმა ღიად გააკრიტიკა აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ და ამერიკის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა.
რომის პაპმა ლეო XIV-მ ორშაბათს დილით განაცხადა, რომ მას „არ ეშინია ტრამპის ადმინისტრაციისა“ და რომ ვატიკანი გააგრძელებს ომის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი - აშშ-ის პრეზიდენტი, ვალდებული არ არის, ბოდიში მოუხადოს პონტიფიკს: „ბოდიშს არ მოვიხდი. იგი მართალი არ არის“.
ასევე დაგაინტერესებთ: ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!
ცნობილია, რომ აშშ-ის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ - ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომს რელიგიური მოსაზრებებითაც იცავდნენ. მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის დაბომბვები „უფლის განგებითა და მისი მფარველობით განხორციელდა“.
გასულ კვირაში, უნგრეთში ყოფნის დროს, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეიმს ვენსს, რომელიც 2019 წელს კათოლიკედ მოინათლა [მანამდე ევანგელისტური ეკლესიის მიმდევარი იყო], ჰკითხეს, განემარტა, თუ რას ნიშნავდა თეთრი სახლის განცხადება, რომლის მიხედვით, „ირანთან ომი უფლის ნებით მიმდინარეობს“. ვიცეპრეზიდენტმა კითხვას ასე უპასუხა: „ჩემი დამოკიდებულება სამხედრო კონფლიქტებისადმი ყოველთვის გამოიხატებოდა იმით, რომ უნდა ვილოცოთ და ღვთის სურვილს და ნებას მხარი დავუჭიროთ. მე, რასაკვირველია, იმედი მაქვს, რომ უფალი ეთანხმება აშშ-ის პოზიციას - ირანი ბირთვული იარაღის მფლობელი არ უნდა გახდეს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ