"იყო ბევრი ბოროტი მცდელობა, რომ სარწმუნოების გავრცელების საქმეში მისთვის ხელი შეეშალათ..." - დედა თამარის მოგონებები პატრიარქზე - კვირის პალიტრა

"იყო ბევრი ბოროტი მცდელობა, რომ სარწმუნოების გავრცელების საქმეში მისთვის ხელი შეეშალათ..." - დედა თამარის მოგონებები პატრიარქზე

"იმ წლებში პატრიარქი ახალარჩეული­ იყო ამ უმაღლეს იერარქიაზე. საპატრიარქო­ მაშინ ცუდ დღეში იყო - გაღატაკებული და გაძარცული, ხელისუფლება დევნიდა და ავიწროებდა მორწმუნეებს. სულ თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი, ვინც იმ დროს ეკლესიაში დადიოდა და პატრიარქს გვერდით ედგა. იყო ბევრი ბოროტი მცდელობა, რომ სარწმუნოების გავრცელების საქმეში მისთვის ხელი შეეშალათ... ერთხელ საპატრიარქოში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც უწმინდესი იმყოფებოდა, ცეცხლი გააჩინეს. მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც ცდილობდა, პატრიარქი გამოეყვანა და მისთვის საფრთხე აერიდებინა, უწმინდესმა მშვიდად უთხრა: "ნუ გეშინია, მალე უკეთესს ავაშენებთ!"

აი, ასეთი მძიმე წლები იყო და არ ჰქონდა პატრიარქს ადგილი, სადაც მუშაობას შეძლებდა. საჭირო იყო მისთვის თბილისთან ახლოს სახლის შეძენა. ამ მიზნით მან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლები დაათვა­ლიერა, იყო მარტყოფსა და ნორიოში. საბოლოოდ, მარტყოფი მოეწონა და გადაწყვიტა აქ ეყიდა სახლი" - ეს მოგონება ეკუთვნის მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის გამორჩეულ დედაოს, დედა თამარს (ქეთევან ბედიანაშვილს), რომელიც მისი უწმინდესობის უძველესი მრევლი, მისი სულიერი და და თანამებრძოლი გახლდათ. ის იყო ადამიანი, რომელიც მის უწმინდესობას გვერდში ედგა და ბოლომდე უერთგულა...

c6fa5f26-4dd7-4c08-843c-12df17028f6b-1776148943.jpg

ეთერ რაზმაძე, დედა თამარის შვილი:

- სანამ ეს სახლი მარტყოფის დედათა მონასტერს გადაეცემოდა, აქ იყო პატრიარქის მოსასვენებელი. ეს სახლი 1980-1981 წლებში შეიძინეს. ეს იყო პატრიარქის პირველი საზაფხულო რეზიდენცია. ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც მისმა უწმინდესობამ დაიწყო აღმშენებლობა, სადაც ძალიან უყვარდა ყოფნა, ბევრ დროს ატარებდა, ლოცულობდა და ფიქრობდა...

დედაჩემი, დედა თამარი, მისი უწმინდესობის უძველესი მრევლი იყო და რახან მარტყოფიდან გახლდათ, ამ საქმეში მას სთხოვეს დახმარება. გახარებულმა მაშინვე მიაკითხა სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს, რომ გაეგო, ხომ არ იყიდებოდა სახლი სოფელში. გაიგო, რომ ილო ფიცხელაური ყიდდა სახლს, სადაც ქათმების ფერმა ჰქონდა მოწყობილი. დედა თამარმა მაშინვე მოინახულა სახლი, მოეწონა და პატრიარქს შეატყობინა. პატრიარქმა­ რომ ნახა, განსაკუთრებით მისი ადგილ­მდებარეობა, გარშემო მთები მოეწონა და მაშინვე გადაწყვიტა მისი შეძენა.

c398e548-825f-47fd-849a-0bcafa69bf9e-1776148943.jpg

ჩვენი ახალარჩეული პატრიარქი მალევე აირჩიეს მსოფლიო ეკლესიების საბჭოს თავმჯდომარედ და რადგან ამ ამბის გამო საფრანგეთში მიემგზავრებოდა, თავის მარტყოფელ მძღოლს, შოთას, სთხოვა ამ საქმის დეტალების მოგვარება... შეიძინეს სახლი, დაასუფთავეს და მოაწყვეს საცხოვრებლად... პატრიარქი აქ თითქმის ყოველ საღამოს ჩამოდიოდა. მაშIინ ტრაპეზზე, ალბათ, სულ 10 კაცი ვიყავითო, - მიყვებოდა დედა...

"მაშინ სოფელში თითო-ოროლამ თუ იცოდა პირჯვრის გადაწერა და პატრიარქს­­­ არც არავინ არ ჰყავდა ამ საქმის გულშემატკივარი. თბილისიდან ჩამოატანინეს წმინდა გიორგის ნიში, რომელიც ახლომდებარე გორაზე დადგეს. ღამე პატრიარქი და ჩვენ ერთად ავდიოდით და ვლოცუ­ლობდით. მაშინ ამას უშლიდნენ უწმინდესს და ნიში მოაშლევინეს... მერე მან ნიში თავისი სახლის ეზოში დადგა და აქ, ღია ცის ქვეშ აღავლენდა წირვა-ლოცვებს. იმ პერიოდში უწმინდესმა შემოიარა მთელი სოფლის ნასაყდარები, თავისი ხელით ასუფთავებდა მათ ნარ-ეკლისგან. სოფლის ცენტრში ნახა ღვთისმშობლის დანგრეული ტაძარი, რომლის აღდგენაც გადაწყვიტა. პატრიარქის მარტყოფში ჩამოსვლის პირველსავე წლებში დაიწყო სოფლის ძირითადი ტაძრის აღდგენითი სამუშაოები... მძიმე წლები იყო, მახსოვს, ერთხელ პატრიარქთან სტუმრები­ მოვიდნენ, სუფრის გაშლისას მე ვიმალებოდი, ვინმეს რომ არ დავენახე და სამსახ­ურში არ დავესმინე. პატრიარქმა ეს შეამჩნია,­ მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა: ქეთევან, გეშინია, არა? მე მართლა მეშინოდა, ისეთი დრო იყო, მაგრამ სარწმუნოების საქმეში უკან არაფერზე დამიხევია" - ეს მოგონებაა დედა თამარის დღიურებიდან...

ეთერ რაზმაძე: - დედა თავიდანვე ასეთი­ იყო, ნადვილი ღვთის შვილი. მხოლოდ­ ჩვენი დედა კი არ იყო, სოფლის დედას­ ეძახდნენ - ყველას მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი. ხშირად დავდიოდით სიონში, თან ისეთ პერიოდში, შიშით რომ ვერ შედიოდა ხალხი ტაძარში. როცა სიონში მივდიოდით ღამისთევაზე, დედა თავზე მუქ თავსაბურავს დაგვაფარებდა და ისე შევყავდით ტაძარში. განსაკუთრებით უყვარდა აღდგომა ღამე. იმდენად დიდი იყო ღვთის რწმენა მასში, რომ საკუთარი შვილების სიცოცხლესაც კი რისკავდა, სამსახურზე რომ არაფერი ვთქვა...

9e71d6bd-98c7-4849-965c-b9f513535d31-1776148943.jpg

მამას გარდაცვალების შემდეგ, ერთ დღეს დედა სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა დედაოდ. გასაოცარი ის იყო, რომ ჩვენ, შვილებმა იმდენად ბუნებრივად მივიღეთ ეს ამბავი, არც გაგვკვირვებია, იმ ცხოვრებით, რაც დედამ იცხოვრა, ეს ბუნებრივი იყო. მახსოვს ტაძრის მშენებლობისას სიხარულით მეცხრე ცაზე იყო... ყველა წვრილმანშიც კი მთელი გული, სული და ენერგია ჰქონდა ჩადებული. ურთულეს დღეებს გადიოდა, სანამ ამ საქმეს მიიყვანდა ბოლომდე.

"მე ჩემი გოგონებით მოვდიოდი და ვასუფთავებდით აქაურობას. ანგელოზებით გამევსო სახლიო, ჩემს გოგონებზე ამბობდა უწმინდესი... იმ პერიოდში პატრიარქის გვერდით იყო მისი უერთგულესი ადამიანი, აწ გარდაცვლილი მგალობელი ქეთევან ქელეფთერი. ის ყველანაირად ეხმარებოდა და გზას ასწავლიდა მთავრობისგან დევნილ მორწმუნე ადამიანებს და უჩუმრად ავრცელებდა მრევლში ლოცვის წიგნებს. სწორედ მან მასწავლა გზა, თუ ვისთვის უნდა მეთხოვა დახმარება, რომ არ წაერთმიათ მარტყოფის დანგრეული ტაძარი, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. უნდოდათ ამ ტაძარში გაეხსნათ მუზეუმი. ამ მოთხოვნას თაოსნობდა მასწავლებელთა ერთი ჯგუფი. ქეთევანმა მირჩია, ამ საკითხზე მივსულიყავი ეკლესიების საბჭოს თავმჯდომარესთან და მისთვის მეთხოვა დახმარება. მივედი მასთან და ავუხსენი, რომ მასწავლებელთა ერთი ჯგუფი­ ითხოვდა ტაძრის შენობაში მუზეუმის გახსნას, რაც უკანონობაა და ვთხოვე, ტაძარს დაჰბრუნებოდა პირვანდელი სახე. მე მქონდა ამ ტაძრის ძველი მაკეტი. ამიხსნეს, რომ ამისთვის საჭირო იყო სოფლის მოსახლეობის­ მოთხოვნა და მათი ხელმოწერები. ამან ძალიან შემაფიქრიანა, რადგან ისეთი დრო იყო, სარწმუნოება ნაკლებად აინტერესებდა ხალხს და თან ძალიან იკრძალებოდა. მე მაინც გავბედე და მე და ჩემი გოგონები, სხვადასხვა ხელით ვაკეთებდით ხელმოწერებს...

პატრიარქმა თავისი ფეხით შემოიარა სოფლები, რომ ენახა აქაური ნატაძრალები.­ როცა ის ამ ტაძრის ნანგრევებში შევიდა, თავისი ხელით დაიწყო მისი დასუფთავება ეკალბარდებისაგან. ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი მის აღდგენას. მისი საქმით განხორციელება კი ჩემი ქოხიდან დაიწყო, მე და ჩემი გოგონების თაოსნობით. მაშინ სოფელში არ იყო ისეთი ვინმე, ვინც ამ საქმეში გვერდში დამიდგებოდა. თვითონ ეს ტაძარი XVII-XVIII საუკუნეებისაა. მისი აღმშენებელი ყოფილა რუსთავ-მარტყოფისა და ნინოწმინდის მიტროპოლიტი სტეფანე ჯორჯაძე, რომელიც ამ ტაძარშია დაკრძალული. ღვთის უდიდესი წყალობით, მისი საფლავის აღმოჩენის თვითმხილველი გავხდი. მისი ძვლები ჩემი ხელით ამოვიღე მიწიდან და პატრიარქის კურთხევით, ეკლესიის ეზოში ჩუმად დავკრძალე. ტაძრის კურთხევა კი, რადგანაც ბევრი მცდელობა იყო მისი წართმევისა, პატრიარქმა მის დასრულებამდე ჩაატარა. ტაძრის კურთხევაზე უწმინდესს სულ სამი კაცი ახლდა. მხევალი ღვთისა მარიამი, გარდაცვლილი მონაზონი-ევპრაქსია და ორი მორჩილი - ტარიელი და ზაქარია. კურთხევას ჩვენთან ერთად ესწრებოდა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლე, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა ტაძრის მშენებლობას. ამ პერიოდში სამრეკლოს მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული, ამის გამო ზარიც არ დაგვირეკავს. მახსოვს, ტაძრის კურთხევის შემდეგ, პატრიარქმა ღიმილით თქვა: ახლა ამ ტაძრის თავმჯდომარე ქეთევანი იქნებაო... მაშინ თავჯდომარემ ჰკითხა: კი მაგრამ, პატრიარქო, მე ვინ ვარო? შენ სოფლის ხალხის თავმჯდომარე ხარ, ეს კი აქაურობისო... ამის შემდეგ პატრიარქმა მალე დაასხა ხელი ამ ტაძრის მღვდლად მამა ზაქარიას, მაშინ მორჩილს, რომელიც ჩვენ სოფელში ტაძრის ამოქმედებიდან ერთი წელი მსახურობდა. შემდეგ აქ მსახურობდა მამა იობი, ამჟამად მეუფე იობი (აქიაშვილი)...

და როცა ტაძრის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა, ამ დროს უკვე ბევრი მორწმუნე იყო სოფელში. მახსოვს ტრაპეზი 300 კაცზე გავშალეთ" -“(დედა თამარის მოგონებებიდან)

მაია ოშაყმაშვილი (დედა თამარის ნათესავი) - დედა თამარი არამიანცის საავადმყოფოში მუშაობდა. იმ პერიოდში არავინ დადიოდა ეკლესიაში. რომ არ ეცნოთ, დილის 5 საათზე თავსაბურავებით შედიოდნენ პატრიარქთან დედა თამარი და მისი გოგონები, რათა ტრაპეზი შეეტანათ. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და მეხსიერებაში ჩამრჩა კადრი, რამდენჯერაც დედა მიმიყვანდა დედაოსთან სახლში, ან ჩირებს ამზადებდა, ან სანთლებს, სულ ფუსფუსში იყო. მაშინ დედაო ქეთო მამიდა იყო ჩვენთვის.

80-იანი წლების დასაწყისში კარდაკარ დადიოდა, ფულს აგროვებდა ტაძრის მშენებლობისთვის. მაშIინ ხალხი არ იყო რწმენაში და ძალიან ბევრი ადამიანი ემალებოდა. ზოგი, რისი საშუალებაც ჰქონდა, იმას სწირავდა. მახსოვს, მწვანეყდიანი, 12-ფურცლიანი რვეულით დადიოდა და იწერდა ყველაფერს... მაშინ ხალხს არ ჰქონდა რწმენა, რომ ეს იყო დიდი მადლი.

დედა თამარი ბოლო წუთამდე ჩემი მესაიდუმლე და მეგობარი იყო, სულ გრძნობდა, როცა მიჭირდა... ერთხელ მის შვილთან ვიყავი საავადმყოფოში და იქ მოვიდა. დიდი ჯვარი ეკიდა გულზე. ამ დროს მეც ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ურთულესი. აიღო ეს ჯვარი, დამადო თავზე და ლოცვა წამიკითხა. იქიდან რომ გამოვედი, ფეხქვეშ მიწას ვეღარ ვგრძნობდი...

ბოლოს უკვე სახლში იყო შვილებთან...­ ფერისცვალების მონასტრიდან დედები მოდიოდნენ. ერთ დღეს მათ მოძღვარი­ გამოჰყვა... დედა თამარი უკვე აგონიაში იყო, თან გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ხშირად ამბობდა სიტყვას "საყვარელო". მერე მოძღვარი მოგვიტრიალდა, - იქ არის უკვეო...

ამბობენ, როცა მის უწმინდესობას დედა თამარის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, პატარა ბავშვივით უტირია და ხმამაღლა უთქვამს, მე დიდი თანამებრძოლი, სულიერი და და მეგობარი დავკარგეო...

რუსუდან შაიშმელაშვილი