„მამა გარდაგვეცვალა, მაგრამ გვაძლიერებს იმედი, რომ პატრიარქი უფრო ახლოს არის უფალთან, აღარც უძლურია, არც ასაკოვანი და უფრო მეტად შეგვეწევა...“
საქართველომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პატრიარქის გარეშე აღნიშნა. "ამ დღეებს სევდანარევი სიხარული ახლავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უწმინდესს ახლოს იცნობდა", - გვითხრა თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმაG გიორგი ანდრიაძემ, რომელსაც პატრიარქის გახსენება ვთხოვეთ:
- ქართულ ენაში არის საოცარი სიტყვა - "გარდაცვალება", რომელიც ზუსტად ასახავს სიკვდილის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას: ყველა ქრისტიანს სჯერა, რომ მისი ცხოვრება მარადისობაში გაგრძელდება. ამიტომაა, რომ ბევრი მოწამის ხსენების დღე მათი გარდაცვალების დღეებს ემთხვევა, რადგან ეს დიდი წმინდანები ჩვენი შემწეები და თანამდგომნი არიან. ამიტომ ვამბობ, რომ პატრიარქის გარეშე აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას სევდანარევი სიხარულის განცდა ახლავს, რადგან დიდი ადამიანი, დიდი ქართველი მოღვაწე გამოგვაკლდა. იმავდროულად, ჩვენს გულში სიხარულიცაა, რადგან ზეცაში დიდი შემწე და მფარველი შეგვემატა. სწორედ ამ განცდით შევხვდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში.
უწმინდესი 1990-იან წლებში გავიცანი: მე და ჩემი მეგობრები უნივერსიტეტში ვსწავლობდით და ეროვნულ მოძრაობაში ვიყავით ჩართული. უნივერსიტეტში გაზეთიც გვქონდა, რომელსაც "სამანი" დავარქვით და რომლის რედაქტორი მე ვიყავი. როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხვეს, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად საპატრიარქოში იმ იმედით მივედით, რომ ეკლესია ქვეყანას უშველიდა. პატრიარქს ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა, ამ დროს ორივე მხარე ერთმანეთს უკვე ტყვიებს ესროდა. შემდეგ პატრიარქი ხშირად გვეძახდა და ერთი წლის მერე დაიბადა იდეა, რომ საპატრიარქოში შექმნილიყო ახალგაზრდული ცენტრი, სახელი თავად პატრიარქმა დაარქვა - "ძლევაი", რომელიც ყველა ახალგაზრდას გააერთიანებდა.
- ყველაზე მეტად რა თვისება გაოცებდათ პატრიარქში?
- თავმდაბლობა. იმდენად უბრალო იყო, 20-21 წლის ბიჭებს ისე გვესაუბრებოდა, თვალებს არ ვუჯერებდი. ჩვენს მოსაზრებებს დიდი ყურადღებით უსმენდა. საპატრიარქოში ყოველდღე დავდიოდით, ის ეზოში სეირნობდა და როცა შეგვხვდებოდა, ტრაპეზზე გვეპატიჟებოდა. თავდაპირველად ესეც შოკი იყო, მაგრამ მერე შევეჩვიეთ, რომ პატრიარქთან ერთად ვსაუზმობდით და ვვახშმობდით.A მოგვიანებით, სემინარიაც დავამთავრე, თეოლოგიც გავხდი. უწმინდესთან ერთად შევქმენით საპატრიარქოს რადიო, მერე კი - ტელევიზიაც. ასე გაჩნდა პირველი წყარო, საიდანაც ეკლესიის ხმა საქართველოს ყველა წერტილში ისმოდა. ამ წლების განმავლობაში გაბრაზებული პატრიარქი არ მინახავს. მახსოვს ჩაფიქრებული, სევდიანი ან ნაწყენი, მაგრამ არ გამიგონია, რომ ვინმეს განრისხებული, გაბრაზებული პატრიარქი ენახა. შეიძლება აღშფოთებული ყოფილიყო, მაგრამ ეს მარტო სახეზე ემჩნეოდა. მან ჩვენი ეკლესია ბეწვის ხიდზე გაატარა, ამდენი მთავრობის შეცვლა, დაპირისპირება, ომები, ტრაგედიები იოლი გადასატანი არ იყო. მარტო 2008 წლის ომის კადრები რად ღირს, როდესაც პატრიარქმა სამაჩაბლოდან ჩვენი გმირი ბიჭები გადმოასვენა.A ადამიანს რაღაცას ეტყოდა, მაგრამ თუ ვერ გააგებინებდა, შეიძლება ხელი ჩაექნია და გაბრუნებულიყო, მაგრამ მისი ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს, მით უმეტეს, ვინმეს დასჯა. ხშირად იმეორებდა, ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნებაო.
- მას ხშირად საყვედურობდნენ, რომ რომელიმე პოლიტიკოსის მხარეს არ იჭერდა.
- ეკლესიას დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს, როგორიც საავადმყოფოს ან აფთიაქს. შეიძლება საავადმყოფო რომელიმე მხარეს აღმოჩნდეს? ვისაც იქ მიიყვანენ, ერთ პოლიტიკურ მოსაზრებას იზიარებს თუ მეორეს, ყველას უნდა უმკურნალონ, ასევეა ეკლესიაც: როცა ერი გაყოფილია, მრევლი ერთი მხარიდანაც ჰყავს და მეორიდანაც. ამიტომ ეკლესია 1990-იანი წლების მოვლენებშიც ვერ ჩაერეოდა და რომც ჩარეულიყო, იმ დიდ ბოროტების მანქანას, რომელიც გარედან მოიმართა, პატრიარქი ვერ შეაჩერებდა. პირიქით, ის ყოველთვის დაპირისპირებულთა შერიგებას ცდილობდა. როცა შევარდნაძის რეჟიმი დაემხო, როცა სააკაშვილის რეჟიმი შეიცვალა, ეკლესია ერის გამაერთიანებელ ფაქტორად დარჩა. ეკლესიას სულ სხვა ფუნქცია აქვს, მით უმეტეს, ჩვენისთანა მცირე ერისთვის. ის ყოველთვის პატრიოტულ იდეებს ემსახურებოდა.
ეკლესიის გამოყენება ყველას უნდოდა, მაგრამ პატრიარქმა ის ფუნქცია და როლი შეინარჩუნა, რომელიც ეკლესიას ჰქონდა.
- პატრიარქს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ამ ნიჭს როგორ იყენებდა?
- მას ძალიან დახვეწილი იუმორი ჰქონდა. როცა მასთან ორი დაპირისპირებული მხარე მიდიოდა, ორივეს გააცინებდა და შეარიგებდა. იუმორს ისე იყენებდა, როგორც შერიგების ერთ-ერთ მეთოდს და გზას.
- როგორი იყო მისი რეაქცია, როცა განიკითხავდნენ, ან ცილს სწამებდნენ?
- "იუთუბზე" იძებნება მისი ინტერვიუები, სადაც უკვე დაუძლურებული პატრიარქი გულისტკივილით ამბობს: ვისგანაც ღალატს არ ველოდი, იმან მიღალატაო... ყველაფრის საქმის კურსში იყო, საინფორმაციო გამოშვებებს სულ უყურებდა და როცა ვიღაც მასზე ცუდს ამბობდა, მოძღვრები გადაახვევდნენ ხოლმე, უკვე ასაკში იყო და უფრთხილდებოდნენ, მაგრამ მისი თხოვნით, უკან დააბრუნებდნენ. მერე კი მოითხოვდა, ლოცვების ფურცელში ჩაწერეთ მისი სახელი, მასზე დიდხანს უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა არ დასაჯოსო, ჯერ ადამიანის განკითხვა და ცილისწამება რა არის და მერე პატრიარქისო... ამის შემდეგ მთელი გულით ლოცულობდა იმ ადამიანზე.
პატრიარქი ძველი ეკლესიის მესვეურებთან ერთად იყო გაზრდილი, კონტაქტი ჰქონდა კალისტრატე ცინცაძესთან, ალექსი შუშანიასთან, ეფრემ მეორესთან და მათ ცოდნასთან უწყვეტი ჯაჭვით დაგვაკავშირა. სწორედ მათგან ჰქონდა ნასწავლი ლოცვა და რწმენა.A ამიტომაც შეძლო, რომ სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და აღორძინებული დატოვა. წლევანდელი აღდგომა განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მამა გარდაგვეცვალა, მაგრამ გვაძლიერებს იმედი, რომ პატრიარქი უფრო ახლოს არის უფალთან, აღარც უძლურია, არც ასაკოვანი და უფრო მეტად შეგვეწევა, რადგან ჩვენზე ლოცულობს.
ხათუნა ჩიგოგიძე