ჰორმუზის სრუტე სუეცის არხის ბედს გაიზიარებს?! - კვირის პალიტრა

ჰორმუზის სრუტე სუეცის არხის ბედს გაიზიარებს?!

ზუსტად 70 წლის წინ ეგვიპტემ სუეცის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა, რისი გამეორებაც დღეს ირანს სურს

ისრაელ-აშშ-ისა და ირანის საჰაერო ორთაბრძოლაში ორკვირიანი პაუზაა გამოცხადებული, თუმცა ორმხრივი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკება ძალიან რთულად მიმდინარეობს (რადგან ამერიკული 15-პუნქტიანი და ირანული 10-პუნქტიანი მოთხოვნების დიდი ნაწილი ერთმანეთს ძირფესვიანად ეწინააღმდეგება) და გარანტირებულად ვერავინ იტყვის, დაიდება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება თუ გაგრძელდება ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება და მათ შორის ხმელეთზეც.

ამ ომის დაწყებიდან 45-ე დღის თავზე გამოიკვეთა უმთავრესი საკითხი, რომელიც უკვე არც ირანული ბირთვული პროგრამაა და არც ირანული ბალისტიკური რაკეტების თემა, არამედ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის სრული აღდგენა.

ჰორმუზის სრუტის, საიდანაც მსოფლიოს ქვეყნებში ნედლი ნავთობის მესამედი გადიოდა, 45-დღიანმა ჩაკეტვამ ნავთობპროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, რაც ნავთობის ყველა იმპორტიორი ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს ურტყამს ჯიბეზე, როდესაც საკუთარ ავტომობილს საწვავით აწყობს და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს ყიდულობს, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივნეულია აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში შუალედური არჩევნების შედეგებს ელის და ტრამპის მთავრობისთვის ნამდვილ პოლიტიკურ კატასტროფად იქცევა, თუკი ამ შუალედურ არჩევნებში მათი ოპონენტები _ დემოკრატები გაიმარჯვებენ (არჩევნებში გამარჯვებულმა დემოკრატებმა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი შეიძლება დააჩქარონ). მათ ხმას სწორედ ის მილიონობით უკმაყოფილო ამერიკელი ამომრჩეველი მისცემს, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებენ ისრაელზე აყოლასა და ირანში ომის დაწყებას, რასაც მოჰყვა ირანისგან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ტანკერებისთვის და შესაბამისად, ნავთობის მსოფლიო ფასების კრიტიკულად ზრდა. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა და ნავთობტანკერების ნავიგაციის აღდგენა, რათა როგორმე მოხერხდეს ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე ფასის დაცემა დღევანდელი 96-დან 80 დოლარამდე მაინც (არადა, ამ ომის დაწყებამდე მისი ფასი 60 დოლარზე ქვემოთაც იყო).

ჰორმუზის სრუტის გახსნას ტრამპის ამერიკამ ომით ვერ მიაღწია და, ალბათ, ვერც შეძლებს. რჩება მხოლოდ მოლაპარაკება, მაგრამ ირანი, რომელმაც გაუძლო ისრაელ-აშშ-ის ექვსკვირიან შეუჩერებელ დაბომბვებს, სერიოზულ ვაჭრობას აპირებს და შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე დიდი დრო დასჭირდება, თუკი საერთოდ მიღწეულ იქნა, რადგან ირანს…ეგვიპტის 70 წლის წინანდელი ურთულესი და ძალიან სახიფათო სამხედრო-პოლიტიკური მანევრის გამეორება სურს.

...და რა მოხდა 70 წლის წინ ეგვიპტეში?

1956 წელს დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის "ცივი ომი" მწვავდებოდა. ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა შეაჩერეს გიგანტური ასუანის კაშხლის მშენებლობის დაფინანსება, რათა დაესაჯათ ეგვიპტის სოციალისტი ლიდერი გამალ აბდელ ნასერი მოსკოვთან დაახლოების გამო. საპასუხოდ ნასერმა სუეცის არხის ზონაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ნაციონალიზაცია გაუკეთა სუეცის არხის კომპანიას, რომელიც ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინტერესებს წარმოადგენდა და განაცხადა, რომ არხში გამავალი გემებიდან აკრეფილი გადასახადით კაშხლის მშენებლობას ხუთი წლის განმავლობაში დაფარავდა.

ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეშინოდათ, რომ ნასერი არხს დახურავდა და სპარსეთის ყურიდან დასავლეთ ევროპაში ნავთობის მიწოდებას შეწყვეტდა. როდესაც კრიზისის მოგვარების დიპლომატიური ცდები ჩაიშალა, ლონდონმა და პარიზმა საიდუმლოდ მოამზადეს სამხედრო ოპერაცია არხის კონტროლის აღსადგენად და თუ შესაძლებელი იქნებოდა, ნასერის ჩამოგდება. მოკავშირეც იპოვეს ისრაელის სახით, რომლის მტრული დამოკიდებულება ეგვიპტის მიმართ უფრო გაამწვავა ნასერის მიერ ტირანის სრუტის (აქაბის ყურის შესართავთან) ბლოკადამ და ეგვიპტის მხარდაჭერილი კომანდოსების მრავალრიცხოვანმა რეიდებმა ისრაელის ტერიტორიაზე 1955-1956 წლებში.

1956 წლის 29 ოქტომბერს ისრაელის ათი ბრიგადა შეიჭრა ეგვიპტეში, არხისკენ დაიძრა და ეგვიპტის ძალები დაამარცხა. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავიანთი გეგმის შესაბამისად მოითხოვეს ისრაელისა და ეგვიპტის ჯარების გაყვანა არხის ზონიდან და განაცხადეს მზადყოფნა, ჩარეულიყვნენ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. 5 და 6 ნოემბერს ბრიტანული და ფრანგული ჯარები პორტ-საიდსა და პორტ-ფუადში გადასხდნენ, რითაც არხის ზონის ოკუპაცია დაიწყეს. ამ ნაბიჯს მალევე მოჰყვა თავად ჩარეული ქვეყნების მზარდი წინააღმდეგობა. გარდა ამისა, გაეროს რეზოლუციებმა, რომლებსაც შეერთებული შტატები ლობირებდა (ნაწილობრივ საბჭოთა ჩარევის საფრთხის წინააღმდეგ), სწრაფად დაასრულა ინგლის-საფრანგეთის ოპერაცია. 22 დეკემბერს გაერომ ბრიტანული და ფრანგული ჯარები გაიყვანა. ისრაელის ჯარებმა ეგვიპტე 1957 წლის მარტში დატოვეს.

ნასერი სუეცის კრიზისიდან გამარჯვებული და არაბული და ეგვიპტური ნაციონალიზმის გმირი გამოვიდა. ისრაელს არხის თავისუფლად გამოყენება არ მიუღია, მაგრამ ტირანის სრუტეში საზღვაო გზები აღადგინა. ამ ეპიზოდის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ახლო აღმოსავლეთში გავლენის დიდი ნაწილი დაკარგეს.

და აი, შვიდი ათეული წლის შემდეგ თითქოს ყველაფერი მეორდება ჰორმუზის სრუტეშიც, რომლის გავლითაც აქამდე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იყო სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერების ნაოსნობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელ-აშშ-მა 2026 წლის 28 თებერვლიდან ირანზე საჰაერო თავდასხმები დაიწყეს, ირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და იქ მხოლოდ მეგობარი ქვეყნების, ჩინეთისა და რუსეთის რამდენიმე ტანკერი თუ გაატარა. ნეიტრალური ქვეყნების ტანკერების ჰორმუზის სრუტეში გასაცურად ირანელები ნედლი ნავთობის თითოეულ ბარელზე (159 ლიტრი ნედლი ნავთობი) ერთი დოლარის გადახდას ითხოვენ, შესაბამისად, ერთი სუპერტანკერის გატარებაში მისმა მფლობელებმა 2 მლნ დოლარამდე უნდა გადაიხადონ. რაც შეეხება ისრაელსა და აშშ-თან დაკავშირებულ ტანკერებსა და სხვა სავაჭრო გემებს, მათ ირანელები ჰორმუზის სრუტეში არავითარი საფასურის სანაცვლოდ არ ატარებენ, პირიქით, დაუყოვნებელი ჩაძირვით ემუქრებიან.

რატომ არის ჰორმუზის სრუტე ასეთი კრიტიკული მსოფლიოსთვის და რატომ არის მისი გადაკეტვა მარტივი

ჰორმუზის სრუტე ირანსა და ომანს შორის ვიწრო საზღვაო დერეფანია, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. მისი სიგანე 33 კმ-ია, მაგრამ საზღვაო დერეფნის რეალური სიგანე მხოლოდ 3 კმ-ია თითოეული მიმართულებით და ამ ვიწრო ადგილას დღეში დაახლოებით 20-21 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა, რაც მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 20%-ს შეადგენდა.

ეს არის მარშრუტი, რომელზეც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის თითქმის მთელი ნაწილი (წელიწადში 77 მილიონი ტონა) გადიოდა. ამ მარშრუტზე კრიტიკულად ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული: საუდის არაბეთი (ექსპორტი რას-ტანურიდან); ერაყი (ბასრის ნავთობტერმინალი); ქუვეითი; არაბთა გაერთიანებული საამიროები (ფუჯაირის პორტი ნაწილობრივ გვერდს უვლის სრუტეს); კატარი და თავად ირანი.

ძირითადი მყიდველები არიან ჩინეთი (იმპორტი დღეში 11 მილიონ ბარელზე მეტი იყო), ინდოეთი (5 მილიონი ბარელი), იაპონია და სამხრეთი კორეა.

მოძრაობის ნაწილობრივი დარღვევაც კი გლობალურ შოკს იწვევს, ხოლო ჰორმუზის სრუტის 45-დღიანმა ჩაკეტვამ ნედლ ნავთობზე მსოფლიო ფასები ბარელზე 100 დოლარამდე ასწია და არის დიდი საშიშროება, რომ 150-მდე ან 200 დოლარამდეც კი ავარდეს, თუკი ირანი გააგრძელებს სრუტის ბლოკადას. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ სპარსეთის ყურეში მოპოვებული ნედლი ნავთობის ტანკერებში ჩატვირთვას, მყიდველ ქვეყნამდე მიტანასა და გადმოტვირთვას სწორედ თვე-ნახევრამდე სჭირდება და ნავთობის ის მარაგი, რომელიც 28 თებერვალს, ომის დაწყებამდე გაიზიდა სპარსეთის ყურიდან, უკვე ამოიწურა, ახალი პარტიების მიწოდება კი სწორედ 45 დღეა თითქმის აღარ ყოფილა, რაც იწვევს ნავთობპროდუქტების დიდ დეფიციტს მსოფლიოში და შესაბამისად უახლოეს დღეებში გაგრძელდება ნავთობის მსოფლიო ფასების სწრაფი ტემპით ზრდაც.

ნედლი ნავთობის იმპორტის შეფერხებით, თავად ირანის ეკონომიკაც ზარალდება, მაგრამ ირანის აიათოლების რეჟიმს სწორედ ახლა გამოუჩნდა საუკეთესო მომენტი, რომ აისრულოს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება და ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყაროს, ისევე როგორც 1956 წელს ეგვიპტემ სუეცის არხის. ხმელთაშუა და წითელი ზღვების შემაერთებელი 160 კმ სიგრძის სუეცის არხის გავლისთვის (რასაც 14 სთ-მდე სჭირდება) ეგვიპტე ერთ ტონა ტვირთზე დაახლოებით 10 დოლარს იღებს, შესაბამისად, 100 ათასი ტონა ტვირთის გადამტანი კონტეინერმზიდი გემებისგან თუ ნავთობტანკერებისგან ეგვიპტის ხაზინაში ერთი მილიონი დოლარი ირიცხება, რაც წელიწადში თითქმის 10 მლრდ დოლარამდე ადის (2021 წელი რეკორდული გახლდათ ეგვიპტისთვის, რადგან სუეცის არხში 20 694 გემმა გაცურა), რაც ეგვიპტის ერთ-ერთ ძირითად შემოსავლად ითვლება.

თუკი დღე-ღამეში სუეცის არხით 40-50 გემი სარგებლობს, ამ ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეს 130-140 გემი კვეთდა და თუკი ირანმა მართლაც შეძლო ერთ ბარელ ტრანსპორტირებად ნედლ ნავთობზე ერთდოლარიანი "მოსაკრებლის" დაწესება, მაშინ მისმა შემოსავალმა ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი "ნაციონალიზაციის" შედეგად წლიურად შეიძლება 30 მლრდ დოლარიც კი შეადგინოს. ოღონდ არის ერთი გეოგრაფიული ნიუანსი _ თუკი სუეცის არხის ორივე სანაპირო ეგვიპტურია, ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთს ირანული სანაპიროს სამხრეთიდან უყურებს ომანის სანაპირო და თეირანს მოუწევს "სატრანზიტო გადასახადის" გაყოფა მასკატისთვის.

თუკი ირანმა მართლაც შეძლო ჰორმუზის სრუტის "პრივატიზაცია", ეს იქნება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სრული პოლიტიკური კრახი, როდესაც ის ისრაელის სტრატეგიული ინტერესების გამტარებელ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს "აჰყვა" და საბოლოოდ ირანის აიათოლების ხელისუფლების შეცვლის ნაცვლად ხელში შერჩება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის სრული კრახი სპარსეთის ყურეში, როგორც 70 წლის წინ მოუვიდათ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს სუეცის არხის გამო ეგვიპტესთან.

პრეზიდენტი ტრამპი, ალბათ, არ შეეგუება მოვლენების ასეთი სახით განვითარებას და ეცდება ძალისმიერი მეთოდებით გახსნას ჰორმუზის სრუტე. საზღვაო ქვეითების გამოყენებით ტრამპი შეეცდება აიღოს სპარსეთის ყურეში მდებარე რამდენიმე მნიშვნელოვანი ირანული კუნძული, მათ შორის ყველაზე დიდი კუნძული კეშმი, ასევე ქიშის, ორმუზის, ლარაკის, ქარშისა და კიდევ სხვა პატარ-პატარა კუნძულები.

ამ კუნძულებზე გადასხმული ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავიანთი საშტატო და დამატებითი შეიარაღებით შეეცდებიან აღკვეთონ ირანული სწრაფი მცირე კატარღების თავდასხმები კილვატერში მცურავ იმ ტანკერებზე, რომლებიც ამერიკული და სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდების კონვოირებით შეეცდებიან ნავთობპროდუქტების გატანას სპარსეთის ყურიდან, ყოველივე ეს კი ირანთან ომის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს აშშ-ის ამ ომის "ჭაობში" უფრო ღრმად "ჩაფლობის" რეალური პერსპექტივით. ისევე როგორც 1956 წლის სუეცის კრიზისმა სათავე დაუდო ბრიტანეთის იმპერიული დომინირების დასასრულს ახლო აღმოსავლეთში, ტრამპის მიერ ირანთან ცუდად დაგეგმილი 2026 წლის ომიც შეიძლება რეგიონში აშშ-ის გავლენის შემცირების დასაწყისი შეიქნეს. ეს პერსპექტივა განსაკუთრებით საგანგაშო უნდა იყოს ოფიციალური ვაშინგტონისთვის, რომელიც თავის უმთავრეს გეოპოლიტიკურ მეტოქედ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაძლიერებულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიიჩნევს.