საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კიდევ ერთი ჰოლუვუდური ბლოკბასტერის გმირია
ფილმი “ომის ზღვარზე“ („The Brink of War“) წარმოადგენს ამერიკულ ისტორიულ-პოლიტიკურ დრამას, რომელიც მაიკლ რასელ განის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია როგორც რეჟისორის, ისე სცენარისტის ამპლუაში. სიუჟეტი 1986 წლის რეიკიავიკის სამიტის ირგვლივ ვითარდება - პერიოდი, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ომის ზღვარზე იდგა და ორი სუპერძალა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა.

ჯეფ დენიელსი თამაშობს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, ჯარედ ჰარისი - საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს, ჯეი კეი სიმონსი - სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცს, ხოლო, ედუარდ შევარდნაძის როლს ტიმ დუტონი შესასრულებს. ფილმში ასევე ვხედავთ ნენსი რეიგანს, რაისა გორბაჩოვას და სხვა პოლიტიკურ ფიგურებსა თუ გარემოს წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ისტორიულ სიზუსტესა და დრამატულ ატმოსფეროს.
ფილმის პრემიერა 2026 წლის 14 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი და უკვე მიიჩნევა ერთ-ერთ იმ პროექტად, რომელიც ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მომენტს ხელახლა გააცოცხლებს ეკრანზე.

მაიკლ რასელ განმა ამ პროექტზე მუშაობას წლები მოანდომა - მან საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, მათ შორის პირადად გაესაუბრა ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცს მის გარდაცვალებამდე, 2021 წელს. რეჟისორს ასევე გადაეცა 1986 წლის სამიტის ოფიციალური ჩანაწერები, რაც ფილმის დოკუმენტურ სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქასთინგი ეტაპობრივად მიმდინარეობდა: მთავარი მსახიობები 2024 წლის აგვისტოში დამტკიცდნენ, შემდგომში კი შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა. საბოლოოდ, ფილმში მონაწილეობს ათზე მეტი მთავარი და ასზე მეტი მეორეხარისხოვანი მსახიობი, რაც მასშტაბურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
გადაღებები ისლანდიაში, რეიკიავიკში დაიწყო 2024 წლის ოქტომბერში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო სწორედ იმ ადგილას - სადაც რეალურად გაიმართა ისტორიული სამიტი. ქალაქმა ლოკაციისთვის მნიშვნელოვანი თანხა დააწესა, თუმცა ეს ავთენტურობა ფილმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გადაღებების პროცესში დროებით დაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გზა, ხოლო დამატებითი სცენები გადაიღეს ისეთ ცნობილ ლოკაციებზე, როგორიცაა Blue Lagoon და რეიკიანესის რეგიონი.

საინტერესო დეტალია, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე ფოტოგრაფად მუშაობდა პიტ სოუზა - ადამიანი, რომელმაც რეალურად გადაიღო 1986 წლის ისტორიული სამიტი. სწორედ ეს დეტალები აძლევს პროექტს განსაკუთრებულ ავთენტურობას და ისტორიულ სიღრმეს, რაც „The Brink of War“-ს ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინიან პოლიტიკურ დრამად აქცევს.