"ორბანის დამარცხებით, რუმინეთისა და მოლდოვის შემდეგ, რუსეთი ევროპაში მესამედ დამარცხდა" - ვალერი ჩეჩელაშვილი - კვირის პალიტრა

"ორბანის დამარცხებით, რუმინეთისა და მოლდოვის შემდეგ, რუსეთი ევროპაში მესამედ დამარცხდა" - ვალერი ჩეჩელაშვილი

უნგრეთში არჩევნების შედეგით გაძლიერდა უნგრეთი, ევროპა და დასუსტდა რუსეთი - პირველად არ დამარცხდა რუსეთი ევროპაში. ეს არის ევროპაში რუსეთის მესამე დამარცხება. რუმინეთის და მოლდოვის შემდეგ, უნგრეთი არის მესამე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას დიპლომატმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის არჩევნებში პარტია „ტისას“ გამარჯვებას.

როგორც მან აღნიშნა, „როგორც მინიმუმ, რუსეთმა დაკარგა კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ძალიან სანდო წყარო“.

„უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, იწყება სრულიად ახალი ეტაპი უნგრეთის განვითარებაში. უნდა ითქვას, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა ამ 16 წლის განმავლობაში. თვითონ ორბანმა, როგორც პოლიტიკოსმა, განიცადა სერიოზული ტრანსფორმაცია. ეს იყო ორბანის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ტრანსფორმაცია ქვეყნის - ელექტორალური დემოკრატიიდან უნგრეთი ყალიბდებოდა ელექტორალურ ავტორიტარიზმად, ტრანსფორმაცია ცუდი კუთხით. ეს რაც მთავარია, არ მიიღო არც უნგრელმა ხალხმა და არც უნგრეთმა, როგორც სახელმწიფომ. უნგრეთმა დაადასტურა, რომ ის არის ევროპული სახელმწიფო და უნგრელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ევროპული ერი. ამ შედეგით გაძლიერდა უნგრეთი, ევროპა და დასუსტდა რუსეთი.

რაც შეეხება პიტერ მადიარს, რომელიც იყო ვიქტორ ორბანის ყოფილი თანაგუნდელი, უკვე მოახერხა ამ ლაქის ჩამოშორება, საერთოდ თუ იყო ეს ლაქა. ამის დასტურია ის, რომ ის შევიდა შეუპოვარ ბრძოლაში ორბანის რეჟიმთან, ორი წლის წინ. მაშინ სულაც არ იყო გარანტია იმის, რომ ის რამენაირ გამარჯვებას მოახერხებდა ორბანზე. მაგრამ მას ეყო გამბედაობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა საიმისოდ, რომ დაეწყო ეს ძალიან რთული ბრძოლა, რაც ასეთი თავბრუდამხვევი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ის არის მემარჯვენე ცენტრისტი. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად შეუერთდება ხელახლა ევროპის სახალხო პარტიას, ეს გააძლიერებს ევროპაში ცენტრიზმს, პროევროპულობას გააგრძელებს, ევროპას გააძლიერებს. ამასთან ერთად, მან არჩევნების შემდეგ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მათ შორის, მან თქვა, ის, რომ გეოგრაფიას ეს არჩევნები ვერ ცვლის, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ იქნება საჭირო მოლაპარაკებები რუსეთთან, ის ამ მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა თქვა, რომ მეგობარი რუსეთის არასდროს იქნება. ასევე, უკვე დაადასტურა ის, რომ უნგრეთი არ შეუშლის ხელს 90 მლრდ ევროს გამოყოფას უკრაინისთვის. ამასთან ერთად ისიც განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში. მაგრამ სხვა კუთხით, რომ შევხედოთ ამ განცხადებას, ის არ ეწინააღმდეგება ზოგადად, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. რაც შეეხება დაჩქარებულ გაწევრიანებას, ესეც პირობითი ცნებაა, რას ნიშნავს დაჩქარება. მე ვფიქრობ, რომ ის იქნება განსახიერება ახალი ევროპული უნგრეთის.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიმართვას, სადაც მან მიმართვა დაასრულა ფრაზით, „რუსებო, სახლში წადით!“ - ეს განცხადება ძალიან ნიშანდობლივი იყო. ვიცით, როგორი პროევროპელი ლიდერია ის. ის იყო ევროკომისიის პრეზიდენტი. მის პროევროპულობაში არავის ეჭვი არ ეპარება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ „რუსებო, წადით სახლში“, მან „X-ში“ დაწერა უნგრულ ენაზე. ეს იყო ის ლოზუნგი, რომლითაც უპირისპირდებოდნენ რუსეთის აგრესიულ შემოტევებს უნგრელი პატრიოტები. ამ გზავნილზე უმალვე მიიღო უკუ პოზიტიური გზავნილი პიტერ მადიარისგან, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი სახელმწიფო ვიზიტი, პრემიერ-მინისტრის რანგში განხორციელდება პოლონეთში. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად პროევროპული ძალაა პიტერ მადიარის „ტისა“. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის სიძლიერე გაცილებით უფრო შთამბეჭდავი გახდება. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ სრულიად ახალ ფაზაში შევა ევროკავშირი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურბულენტურ პირობებში, როდესაც ევროკავშირს უწევს დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც გეოპოლიტიკური სერიოზული მსოფლიო მოთამაშის, ამ ცვალებად საერთაშორისო ურთიერთობების ქსელში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთში გაკეთებულ განცხადებას, რომ უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა ევროკავშირის დაშლას დააჩქარებს, ჩეჩელაშვილის თქმით, თუ ვინმე უშლიდა ხელს ევროპულ სოლიდარობას და ევროპის გაძლიერებას, ეს იყო ვიქტორ ორბანი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა