"დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ" - ლევან იოსელიანი ევროკომისართან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ" - ლევან იოსელიანი ევროკომისართან შეხვედრაზე

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის, მაიკლ ო’ფლაერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან საუბრის ერთ-ერთი თემა აქციების დროს დაკავებული პირების, დაკავებული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მე როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესებში ვარ ჩართული და ის ანგარიში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე - ამ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.

ასევე, პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან. ამავე დროს, დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის პირები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები ადამიანების ცემაში.

ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო, ზოგადად ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო ცვლილებები საკანონმდებლო სისტემაში, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული.

საუბარი ზოგადად ყველაფერზე გვქონდა, მათ შორის, დაკავებულ პოლიტიკოსებზეც. აინტერესებდა მათი მდგომარეობა, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მდგომარეობა და დაინტერესდა საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ჩართულები ვართ და რის ირგვლივაც ჩვენ გვიმუშავია.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა